ნოვოდვორსკაია: "სააკაშვილი არ გაიმეორებს ზვიადის შეცდომას და არ გაიქცევა საკუთარი ქვეყნიდან" - კვირის პალიტრა

ნოვოდვორსკაია: "სააკაშვილი არ გაიმეორებს ზვიადის შეცდომას და არ გაიქცევა საკუთარი ქვეყნიდან"

ცნობილმა რუსმა ოპოზიციონერებმა, ნიკოლაი ბოროვოიმ და ვალერია ნოვოდვორსკაიამ თავიანთი მორიგი ერთობლივი გამოსვლა მიხეილ სააკაშვილის ემიგრირების საკითხს დაუთმეს:

ბოროვოი:

-  მე მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილი მებრძოლია. ის, ისევე როგორც მისი თანამებრძოლი მერაბიშვილი, თავს დამნაშავედ არ გრძნობს. ის მზადაა, იბრძოლოს ბოლომდე, მაშინაც კი, თუ მას დაპატიმრებას დაუპირებენ. მაშინაც კი, თუ ახალი ხელისუფლება მისი თითქმის ათწლიანი რეფორმების შედეგებს ქარს გაატანს. მე ვფიქრობ, სააკაშვილს სწამს საკუთარი ხალხის და სჯერა, რომ ივანიშვილი დროებითი მოვლენაა და მალე ხალხი გამოფხიზლდება. ისეთი რეფორმატორები, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, ისეთი პატიოსანი, ჭკვიანი და მონდომებული ხალხი, რომლებიც მის გარემოცვაში არიან, აუცილებლად კვლავ დასჭირდება საქართველოს. და ვფიქრობ, მას არ ეშინია ციხის, ისევე როგორც მერაბიშვილს.

ნოვოდვორსკაია:

- მიხეილ სააკაშვილი იძენს იმ ერთადერთ ღირსებას, რომელიც მას ადრე არ გააჩნდა – პოლიტიკური ლიდერის ბრწყინვალე კარიერის შემდეგ მას უწევს გახდეს დისიდენტი და გამოცადოს ყველა ის სირთულე, რაც ამას ახლავს. მისი ბოლო, დიდებული გამოსვლა სწორედ დისიდენტური იყო. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალების" კანდიდატს ქვეყნის მოსახლეობის ერთ მეხუთედზე მეტმა მისცა ხმა, გამოდის, ჯერ არაფერია დაკარგული და არსებობს ხალხი, რომელთაც ეს ძალა კვლავ ჭირდებათ, ჭირდებათ სააკაშვილი. მიუხედავად უბადრუკი რუსული პროპაგანდისა, მიშა მშიშარა არ არის! ის მაინც გაიხსენეთ, რამდენჯერ მოიტოვა უკან საკუთარი დაცვა თბილისში სეირნობისას! ისინი გამვლელებს ეკითხებოდნენ – პრესიდენტს აქ არ გაუვლიაო? მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გაიმეორებს ზვიად გამსახურდიას შეცდომას და არ გაიქცევა საკუთარი ქვეყნიდან. ის დადგება საკუთარ ხალხთან როდესაც მათ იგი კვლავ დასჭირდებათ.

ბოროვოი:

სააკაშვილს კიდეც რომ მოუწიოს გაქცევა, მას კარებს არავინ ჩაუკეტავს. დარწმუნებული ვარ, ბევრი ქვეყანა სიამოვნებით მისცემს მას პოლიტიკურ თავშესაფარს, თუმცა ვიმედოვნებ, რომ აქამდე საქმე მაინც არ მივა.