გიორგი გაბედავა: "მაიდანზე დგანან უსაქმურები, რომლებსაც მუშაობა ეზარებათ" - კვირის პალიტრა

გიორგი გაბედავა: "მაიდანზე დგანან უსაქმურები, რომლებსაც მუშაობა ეზარებათ"

ვინ "შეგზავნა" გიორგი გაბედავა ევრომაიდანზე

"ოპოზიციონერთან რომ სურათი გადაგეღო, ესეც კი ფული ღირდა"

"როგორც უფლებადამცველს, მაინტერესებდა, რა უჭირდა იქ ხალხს"

ინტერნეტით გავრცელდა უფლებადამცველ გიორგი გაბედავას ფოტო, სადაც ის უკრაინაში, ევრომაიდანზეა გადაღებული. ფოტოს მიწერილი აქვს, რომ ის არის მაიდანზე "შეგზავნილი" რუსეთის აგენტი და უკრაინელი ხალხი მას უნდა უფრთხილდეს. ჩვენ დავუკავშირდით გაბედავას და კომენტარი ვთხოვეთ:

გიორგი გაბედავა:

- ეს არის როლანდ მიქიანის გაკეთებული, რომელიც ტიპიური "ნაციონალია" და ასეთ სისულელეებს აკეთებს. როლანდ მიქიანისნაირი ნაძირალა ხალხი, რომლებიც ფულზე სულს და სამშობლოს ჰყიდიან, რას იტყვიან, მეორე ხარისხოვანია ჩემთვის.

-რატომ გააკეთა ეს?

-"ნაციონალია" და ამიტომ. მე მაიდანზე ასეთი რამე ვუთხარი ხალხს: თქვენ თუ დემოკრატიას ითხოვთ, მაშინ სააკაშვილი არ უნდა ჩამოგეყვანათ-მეთქი, რადგან ის არის დამფუძნებელი იმ ფაშისტური რეჟიმის, რომელიც იყო საქართველოში და სააკაშვილი დემოკრატიის განვითარებაზე არ უნდა საუბრობდეს. სააკაშვილი მხოლოდ ფაშიზმის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ. ბევრმა მითხრა, ჩვენ ვიცით, სააკაშვილი ვინც არის, მაგრამ ოპოზიციის ლიდერებმა გამოიყვანესო. სხვათაშორის, ძალიან სხვანაიარია იქ ხალხის პოზიცია. სინამდვილეში არც ოპოზიცია მოსწონთ მაინცდამაინც და ძირითადად 4 ძირითადი პარტიის აქტივისტები დგანან იქ.

- სიტყვით გამოხვედი და ეს ყველაფერი ისე უთხარი სააკაშვილზე?

- სიტყვით არ გამოვედი, უშუალოდ ოპოზიციონერებს შევხვდი, სადაც ამ თემის განხილვა მიდიოდა. ერთი რამე არ მომეწონა კიდევ: ყველაფრისთვის ფულია იქ საჭირო. ელემენტარულად ოპოზიციონერთან რომ სურათი გადაგეღო, ესეც კი ფული ღირდა. მაგ. აქციის მონაწილესთან სურათის გადაღება 5 დოლარი ღირდა. მე ავუხსენი, რომ ამ საქმისადმი კომერციულად მიდგომა არა სწორია.

- ოპოზიციის ლიდერებთან ღირდა 5 დოლარი?

- არა, ნებისმიერ მონაწილესთან, ვისაც კარავი ჰქონდა გაშლილი. ამის გარდა, ყველაფერს ფული ჭირდებოდა: შარფს, დროშას, ქუდს. ჩვენთან აქციების დროს ყველაფერს არიგებდნენ და იქ ფულს შოულობდნენ ამით.

- გინდა თქვა, რომ მათ ვინც იქ დგას, აწყობთ, სიტუაცია არ დამშვიდდეს. რადგან რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება აქცია, უფრო მეტ ფულს იშოვნიან?

-თვითონ კიევის მოსახლეობა ამბობს: მაიდანზე დგანან უსაქმურები, რომლებსაც მუშაობა ეზარებათ და იქ ყოველდღე 200 გრივნას (25 დოლარი) უხდიან და უშრომელი ფული მოსწონთო. ეს ასეა, როგორც ევრომაიდანზე, ისე ანტიმაიდანზე.

- ამ ფულს ვინ იხდის?

- ევრო მაიდანს ეტყობა რომ აშკარად დიდი დაფინანსება აქვს. კიევს თბილისისხელა ცენტრი აქვს, რომელიც მთლიანად პიკეტირებულია და ამ ხალხს ფინანსები ხომ უნდა?! ხალხი ამბობს, არცერთი მხარე არ მოგვწონს. იანუკოვიჩმა გადაგვჭამა, კორუფცია ააყვავა მთელს ქვეყანაშიო, მაგრამ ევრომაიდანზე შეკრებილ ხალხსაც არ ვეთანხმებით, რადგან ისინიც არაფრის მაქნისები არიანო. ამას ამბობს ბევრი ადამიანი. ხალხის პოზიცია არაა გამოკვეთილი.

-შენ რა მიზნით ჩახვედი იქ?

- მე, როგორც უფლებადამცველს, მაინტერესებდა, რა უჭირდა იქ ხალხს. ამ საქმეს ვსწავლობ და მარტო საქართველოს პრობლემებზე, რომ არ გადავერთო, ჩემთვის ეს დიდი პრაქტიკული გამოცდილება იყო.

- და როგორ შეატყვე, ირღვეოდა ხალხის უფლებები?

-კი, იყო ბევრი სერიოზული დარღვევა, რომლის სურათებიც ყველას გვაქვს ნანახი, ჟურნალისტებიც ცემეს. როგორც აქციის მონაწილეებმა მითხრეს, 3 სტუდენტი გარდაიცვალა კიდეც.

-როგორ ფიქრობ, გაითვალისწინებენ ხალხის მოთხოვნას?

- იცით როგორაა, ხალხის უმრავლესობა თითქოს არ ერევა არაფერში და გვერდიდან უყურებენ მოვლენებს.

- ნაციონალები რომ იყვნენ ჩამოსულები, ნახე?

- ეს მათი მხრიდან იყო ცინიზმი, არა მარტო უკრაინელი ხალხის, არამედ ქართველების მიმართაც. ხალხი, რომლებიც ადამიანებს აწამებდა და ქუჩაში ხოცავდა, თავისუფლების მქადაგებლად გამოდის.

-და როგორ ფიქრობ, ასეთ ხალხს რატომ შეხვდნენ ოვაციით უკრაინელები?

-იმიტომ რომ იქ არასწორი ინფორმაცია აქვთ. მათ ჰგონიათ, რომ სააკაშვილმა ააყვავა და მხოლოდ მის მერე განვითარდა საქართველო. ნატრულობდნენ სააკაშვილისნაირ პრეზიდენტს, მაგრამ როცა ავუხსენი, თუ ვინ იყო სააკაშვილი რეალურად და მათ ჩემს თვალებში დაინახეს, რომ სიმართლეს ვიძახდი, უკვე სხვანაირად შეხედეს ნაციონალებს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)