2013 - ჟამი გარდატეხისა! - კვირის პალიტრა

2013 - ჟამი გარდატეხისა!

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს 2013 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენების შეფასება ვთხოვეთ. მან წლის სასიკეთო ცვლილებები, საფრთხეები და მთავარი გამოწვევები გამოკვეთა და 2014 წლის პოლიტიკური პროგნოზიც კი შემოგვთავაზა.

პოლიტიკური სიმწიფის წელი

- ცხადია, 2013 წლის მთავარი მოვლენა საპრეზიდენტო არჩევნები იყო, უფრო სწორად ის, რომ ამ არჩევნებმა მხოლოდ მცირე დარღვევებით და მშვიდობიანად ჩაიარა. არჩევნები არ იყო აპოკალიფსური განწყობილებით გაჟღენთილი. ივანიშვილმა პოლიტიკური ცხოვრების განსხვავებული რეჟიმი შემოგვთავაზა და დარწმუნებული ვარ, ეს ერთხანს მაინც იმუშავებს - ნებისმიერი მცდელობა, რომ პოლიტიკური ცხოვრება კვლავ ვნებათა ბობოქრობის თანხლებით განვითარდეს, უახლოეს ხანებში ამაოდ ჩაივლის. უნდა გავიხსენოთ ივანიშვილის საკუთარი ნებით პოლიტიკიდან წასვლაც. ესეც 2013 წლის და არა მხოლოდ ამ წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. ცხადია, მისი სრული გასვლა პოლიტიკიდან არ იქნება იოლი პროცესი... ვფიქრობ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მეთოდურად და თანამიმდევრულად, შესაძლებელ მინიმუმამდე დაიყვანს თავის პოლიტიკურ როლს.

კოაბიტაცია

საპარლამენტო მოდელი იმთავითვე გულისხმობს კოაბიტაციის შესაძლებლობას და არ არის გამორიცხული, უახლოეს წლებში კიდევ გავხდეთ ამ პროცესის მომსწრე. საზოგადოების ნაწილს კოაბიტაცია იმდენად არ აწუხებდა, რამდენადაც ის, რომ მას სამართალი ეწირებოდა. სწორედ ამ სიტუაციაში გაჩნდა ყოფილი და ახალი ხელისუფლების მანკიერი კავშირის საფრთხე. სამწუხაროდ, ახალ ხელისუფლებაშიც გამოჩნდნენ პირები, რომლებმაც კოაბიტაციას მანკიერი მნიშვნელობა მიანიჭეს. ცხადია, სამართლის დამკვიდრებას ვერ შეცვლის სიტყვიერი კინკლაობა და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში. შეიძლება ეს კინკლაობა ვინმეს გულს ფხანს, - მაგრამ ილიასი არ იყოს, გულის ფხანა დიდი არაფერი ბედენაა... რა ლაპარაკი უნდა, რომ ის, ვინც სამართალს ამკვიდრებს, თავად ეჭვს არ უნდა იწვევდეს. გასაგებია, რომ ეს პროცესი სწრაფი ვერ იქნება, რადგან ამან "ქართული ოცნების" მთლიანობა და სტაბილურობა შეიძლება დაარღვიოს, მაგრამ აუცილებელია. უკვე საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა. შორს აღარ არის დრო, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობაზე" აპელირება საქმეს ვეღარ უშველის.

ვილნიუსის სამიტის ისტორიული მნიშვნელობა...

ცხადია, არა მხოლოდ 2013 წლის, არამედ მთელი ჩვენი უახლესი ისტორიის უმნიშველოვანესი მოვლენა იყო ვილნიუსის სამიტი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ 2013 წელს ევროკავშირისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა... პარალელურად თვალსაჩინოა ანტიდასავლური ძალების გააქტიურება. მათ უკვე მოსინჯეს რამდენიმე ცენტრი, რომლის ირგვლივაც საკუთარი ძალების მობილიზებას შეეცადნენ. უცნაური ლოგიკით ერთი კატეგორიის ადამიანებისთვის სიტყვები - "პრორუსული" და "ეროვნული" სინონიმებად იქცა. ვერ ვიტყვი, რომ ისინი წარმატებას მიაღწევენ, თუმცა ანტიდასავლური განწყობების გაღვივებისა და აგრესიული პროპაგანდის იმედი მაინც აქვთ. საეჭვოა, რომ ამან გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე. არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც ამ ნაკადს შეუშლის ხელს: ასპარეზზეა თაობა, რომელიც კარგად იცნობს ევროპას და მისი გაბითურება იაფასიანი პროპაგანდით ძნელია. გარდა ამისა, არსებობს ბევრი ადამიანი, ვისაც ევროპასა და ამერიკაში ცხოვრებამ მოუწია და კარგად იცნობს იქაურობას...

აშკარაა, რომ რუსეთმა ქართულ მხარესთან დიალოგი არ მოინდომა. მეტიც, რამდენიმე ძალზე გავლენიანი რუსი ექსპერტი პუტინს მოუწოდებს, აღარ დაუშვას ისტორიული შეცდომა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის,- რომ ჩვენი ქვეყნის რღვევა გაგრძელდეს. მიტროფანოვს თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ისიც კი წამოსცდა, საქართველოსთვის განაჩენი უკვე გამოტანილია და გასაჩივრებას აღარ ექვემდებარებაო. ბუნებრივია, დასავლ-ეთს ბევრი ნაკლი აქვს, ბევრი რამ ეჭვს იწვევს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ამან ოდესმე გადაძალოს ის დანაშაულები, რაც რუსულ პოლიტიკას მიუძღვის ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის წინაშე...

მადლობის წერილი ობამასგან

უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასგან წერილი მიიღო, სადაც გამოხატული იყო მისდამი დიდი პატივისცემა იმის გამო, რომ ექსპრემიერმა დემოკრატიის გამყა-რებისა და ამერიკასთან ურთიერთკავშირის განმტკიცების საქმეში დიდი როლი შეასრულა. თუ ასეა, ისმის კითხვა: რატომ ვერ მოხერხდა ივანიშვილის ვიზიტი აშშ-ში, მაშინ როცა ის პრემიერ-მინისტრი იყო? ვფიქრობ, მისთვის ფსიქოლოგიურად ძნელი იყო იმ გარემოში მოხვედრა, სადაც საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ წინასწარ იმუშავა და დიდი თანხაც დახარჯა, რომ ივანიშვილის საწინააღმდეგო განწყობა შეექმნა. ყოფილი პრემიერ-მინისტრი კი მოწოდებით მაინც ბიზნესმენია და, ალბათ, ამიტომაც არ შეეცადა, ცეცხლოვანი პიარით გამოესწორებინა მდგომარეობა. ალბათ, არც ის სურდა რუსეთის ხელისუფლებისთვის აგრესიის საბაბის მიცემა... ივანიშვილს ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა ამერიკის ელჩთან და იმ ეტაპზე საკმარისად მიაჩნდა. რაც შეეხება ამერიკელებს, საკმაოდ პრაგმატულები არიან პოლიტიკაშიც და მათთვის არც არაფერს ნიშნავს ვინმეს თეატრალური ხლება ვაშინგტონში. ობამას წერილი სწორედ იმას ადასტურებს, რომ ივანიშვილის ტაქტიკამ გაამართლა. მას არ დაუწყია ვინმეს რამეში დარწმუნება, ვილნიუსის სამიტის შემდეგ ყველაფერი ისედაც ცხადი გახდა და თავის ადგილზე დალაგდა.

ყოფნა-არყოფნა

ვილნიუსის სამიტის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ" შეძლო დასავლური კურსის ინიციატივის ხელში აღება. ეს კი "ნაციონალური მოძრაობისათვის" პოლიტიკური სახის დაკარგვის ტოლფასი გახლავთ. ცხადია, ეს უკანა-სკნელი ინციატივის დაბრუნებას შეეცდება, ამისთვის პოპულისტურ ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ რა შედეგს მიაღწევს, საკითხავია. დასავლური იდეის იდენტიფიცირება სააკაშვილის პოლიტიკურ ფიგურასთან თავად ამ იდეისთვის არის საზიანო. ამ იდეის დისკრედიტაციას ეწევიან სააკაშვილიც და სტალინური მართლმადიდებლობის ადეპტებიც. ამიტომაც სააკაშვილის ევროამერიკული აქტიურობა საზოგადოებრივი აზრის განვითარების თვალსაზრისით საფრთხის შემცველიც კი არის. მისი ავტორიტეტი დღეს კრიტიკულად დაბალია, თუმცა აშკარაა, რომ მას უჭირს ამასთან შეგუება. ერთ მაგალითს მოვიყვან: უკრაინის მოვლენებს ქართულ სოციალურ ქსელებში უკრაინისთვის აქტიური მხარდაჭერა მოჰყვა. ხალხი ხელისუფლებისგანაც მკაფიო პოზიციას მოითხოვდა. საკმარისი გახდა, სააკაშვილი კიევში ჩასულიყო, რომ აქტივობა შემცირდა. სიტუაცია ისეთია, რომ დღეს სააკაშვილს ყველაზე კეთილშობილი იდეების ჩაძირვაც შეუძლია. უკვე ერთი წლის წინ ცხადი იყო, რომ "ნაციონალების" მარცხს მოჰყვებოდა მცდელობა, ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ევროპული იდეის კრახიც გამოეწვიათ. საპრეზიდენტო არჩევნებმა კი მათ ეს იმედი გაუცრუა. რაც შეეხება რუსეთს, ვიდრე მას პუტინისტური სტრატეგია წარმართავს, რბილად რომ ვთქვათ, ლაპარაკიც არ შეიძლება ტერიტორიების დაბრუნებაზე... ნუ შევიქმნით ილუზიას, რომლითაც რუსული ორბიტიდან თავის დაღწევის ისტორიული შანსი შეიძლება დავკარგოთ, სანაცვლოდ კი იმ მდგომარეობაზე ბევრად უარესი მივიღოთ, რაც დღეს გვაქვს.

2014 წლისთვის ჩათქმული სურვილი…

ვისურვებდი, შენარჩუნებულიყოს ის პოზიტიური ტენდენციები, რომელიც საზოგადოებაში შეინიშნება. არაერთხელ მითქვამს, რომ ქართველი კაცი შეუდარებლად რაციონალური და ფრთხილი გახდა და პოლიტიკურ ემოციებს იოლად აღარ აჰყვება. ჩვენ ბევრჯერ ვნახეთ, რომ ემოციათა ვულკანებში დახარჯული ენერგია ფუჭად იკარგება და მითურ-პოეტური ფანტაზიებით ვერ ჩავანაცვლებთ იმ ძალისხმევას, რომელიც სახე-ლმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას სჭირდება. იმასაც ვისურვებდი, რომ ბოლოს და ბოლოს მიგვეგნო ჩვენი თავისთვის ამ სამყაროში და ყველაფრის ხელახლა დაწყების ყმაწვილკაცური სურვილი დაგვეძლია. პოზიტიური პროცესები მიდის და აუცილებელია შენარჩუნება.

მოამზადა ეკა ასათიანმა