რას აჩუქებს სანტა-კლაუსი საახალწლოდ ქართველ პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს
სანტა-კლაუსს მხოლოდ ჩვეულებრივი მოსახლეობა არ ელოდება. ლაპლანდიელი თეთრწვერა ბაბუის მოსვლას ჩვენი ქვეყნის არსთა გამრიგენიც მოუთმენლად ელიან. მოდი ვნახოთ, რას აჩუქებს სანტა საახალწლოდ ქართველ პოლიტიკოსებსა და არამარტო მათ.
1- სანტა კლაუსი გიგი უგულავას აჩუქებს ოთახნახევრიან "ხრუშჩოვკას", რადგან მერადყოფილი სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს თანხის გადახდას ბინის გაყიდვით აპირებს და უბინაოდ ხომ არ დავტოვებთ ცოლ-შვილიან კაცს?!
2- გიგა ბოკერიას სანტა ერთ ნორმალურ მანქანას აჩუქებს. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს დატანჯულა გიგა სიგარეტისსუნიანი მანქანის სალონში ჯდომით.
3- სანტას სპეციალური საჩუქარი აქვს გიორგი ბარამიძისთვის და ეს არის ვიოლინო. "ჩმორს" ვიოლინო შეეფერებაო, გადაწყვიტა საჩუქართგამრიგემ.
4- ჩიორა თაქთაქიშვილს სანტა ფუმფულა ორსაწოლიანს ჩუქნის თავის თეთრეულით - სირცხვილია, სტუმრებს დივანზე წამოწოლილი როდემდე უნდა დახვდესო.
5- ვანო მერაბიშვილს სანტა გიგი უგულავას აჩუქებს.
6- დავით ნარმანიას სანტა მაგარ "ლ"-ს აჩუქებს - შენც დაისვენე და თბილისელებმაცო.
7- თეა წულუკიანს სანტა-კლაუსი პატიოსან გენერალურ პროკურორს აჩუქებს.
8- ოთარ ფარცხალაძისთვის ლაპლანდიიდან სპეციალურად მოემართება გოგა ხაჩიძის მოსაწონი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი.
9- სოსო ჯაჭვლიანს სანტა უფასო დაზღვევას აჩუქებს - მთავარი მაინც დაზღვევაა!!!
10- დავით უსუფაშვილს სანტა ერთი-ორ კარგ იურისტს მიუყვანს და სოსო ჯაჭვლიანს წაიყვანს.
11- ალექსანდრე ჭიკაიძის საჩუქარს შეგნებულად არ ვწერთ. მინისტრს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ის არსებობს და წერილიც აქვს მისთვის მიწერილი.
12- ირინა იმერლიშვილმა არ მჭირდება მე სანტა კლაუსი, წელს მე თითონ ვიქნები ჩემი თავის თოვლის ბაბუა და ბარეორმა დაიკვეხნოს ჩემნაირი საჩუქრებითო. მოდი და შეედავე.
13- ავთანდილ ბერიძეს სანტა თავზე დასამაგრებელ ქოლგას აჩუქებს - VIP პერსონის შესაბამისს.
14- თეა თუთბერიძეს სანტა რკინის ქალამნებს აჩუქებს, რათა "გუბერნატორამდის იაროს" და დაამტკიცოს ბაჩო ახალაიას სიმართლე.
15- ირაკლი ღარიბაშვილს საჩუქარს წელს, სანტას ნაცვლად, სამოქალაქო სექტორი გაუკეთებს.
16- სანტა ნათელაშვილს სტრასბურგში ბინას აჩუქებს - წადი, შენც დაისვენე და ქართველი ხალხიც დაასვენეო.
17- მაია ასათიანს სანტა დაკარგულ ძმას მიუყვანს ზუსტად 31 დეკემბერს ზუსტად 00:00 საათზე.
18- საჩუქრის გარეშე შეიძლება დარჩეს გიროგი მარგველაშვილი, რადგან სანტა ჯერ კიდევ ცდილობს მოიძიოს მასზე ინფორმაცია - სად ცხოვრობს, რას საქმიანობს, საერთოდ ცოცხალია თუ არა.
19- მიხეილ მაჭავარიანს სანტა ნაფტანილს აჩუქებს, რადგან ბატონი მიხეილი იმდენი ხანია პარლამენტში ზის ჩრჩილის გაჩენის საშიშროება უდგას.
20- სანტა ერთობ უკმაყოფილოა გოგა ხაჩიძის ტელეფონის ხარისხით და მას "აიფონ 5"-ს აჩუქებს, რათა უკეთეს ხარისხში შემოგვთავაზოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენების ფოტო-ვიდეო რეპორტაჟები.
21- სანტა ნინო ბურჯანაძეს ხალხის მცირეოდენ ნდობას აჩუქებს.
22- დავით აქუბარდიას სანტა ჯაკუზის აჩუქებს. "ჯაკუზი ხო იცით? თეთრი უზარმაზარი ვანაა, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე კაცთან ერთად იბანაოთ".
23- ბიძინა ივანიშვილს სანტა.. არა, არა... სანტა წელს თავის თავს არაფერს ჩუქნის.
24- სანტა საზ. მაუს ერთხელ და სამუდამოდ აჩუქებს ნორმალურ ბორდს.
25- სანტა ეკა ბესელიას ადამიანების ნორმალურად "გაპრავების" სახელმძღვანელოს აჩუქებს.
26- ..და ბოლოს - სანტა მიხეილ სააკაშვილს ერთი დღე კვლავ პრეზიდენტად აქცევს, რადგან მას ჯერ კიდევ არ ჯერა, რომ საქართველოს ახალ წელს მიხეილ სააკაშვილი არ მიულოცავს და არ ეტყვის თუ რა ვერ მიართვა მიშამ არაკეთიმოსურნეებს და სააკაშვილის მუდმივად ცხვირისკენ მიმართული თითი ჰაერში ავისმომასწავებლად არ გაიელვებს...