"თამაზაშვილი ხუმრობას ვერ აღიქვამს, ეტყობა, ინტელექტის ნაკლებობასთან გვაქვს საქმე"
"პრემიერის სიმამრის საქციელი ქუჩურ საუბარს გავს"
"როგორც ჩანს, სტურუა ძალიან გაბრაზებულია"
"ახალი ხელისუფლება ფანტასტიკურ ტყუილებს აჭმევდა მოსახლეობას."
ცოტა ხნის წინ პოლიტოლოგმა გია ნოდიამ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გაძვირებული კარტოფილის ყოველი გაყიდული კილოდან 50 თეთრი თამაზაშვილების ჯიბეში მიდის. ნოდიას ამ ხუმრობას მწვავედ უპასუხა თამაზ თამაზაშვილმა. ჩვენ დავუკავშირდით გია ნოდიას და ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ:
- არ ვიცი, რატომ ვერ უნდა მიხვდეს ადამიანი ხუმრობას. მე ვფიქრობ, ეს მისი პირადი პრობლემაა.
- ჩვენთვის მიცემულ ინტერვიუში ის ავანტიურისტს გიწოდებთ და გემუქრებათ კიდეც...
- ვერ ვხვდები, ამას ძველბიჭური საქციელი დავარქვა თუ რა. თამაზაშვილი, სხვა თუ არაფერი, საქართველოს პრემირ-მინისტრის სიმამრია, საჯარო პირია და მისთვის ეს ცოტა უხერხული უნდა იყოს, რადგან ეს ქუჩურ საუბარს გავს. ფაქტია, თამაზაშვილი ხუმრობას ვერ აღიქვამს, ეტყობა, ინტელექტის პრობლემასთან გვაქვს საქმე. დღევანდელი მთავრობის წარმომადგენლისგან თავხედობაა ასეთი რეაქცია, თუნდაც ამ ხუმრობაზე, რადგან მათი წინასაარჩევნო კამპანა დამყარებული იყო უსინდისო ცინიზმზე, როცა ისინი ამბობდნენ, რომ 1 ლიტრი ბენზინიდან ლარი მიდის ნაციონალების ჯიბეში. ისინი ამბობდნენ, რომ როცა ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, საწვავის ფასი განახევრდებოდა, გაზზე ფასი დაიკლებდა და სხვ. მაგრამ არაფერი არ შესრულდა, ამიტომ მათ სირცხვილის განცდა უნდა ჰქონდეთ. ისინი ფანტასტიკურ ტყუილებს აჭმევდნენ მოსახლეობას.
- აგრეთვე მინდა გკითხოთ რობერტ სტურუას განცხადებაზე, რომელიც ილიას უნივერსიტეტში გამართულ კარნავალს გამოეხმაურა...
- ეს კიდევ უფრო უცნაურია. შეიძლება ვიღაც ადამიანებისთვის უცხო იყოს კარნავალი და კარნავალის სულისკვეთება, მაგრამ ცოტა არ იყოს გასაკვირია, რომ რობერტ სტურუამ ვერ გაიგო, რა არის კარნავალი. როგორც ჩანს, სტურუა ცხოვრების ამ ეტაპზე ძალიან გაბრაზებულია და სწორედ ეს გაბრაზება ალაპარაკებს.
- ხომ არ აპირებთ მის განცხადებაზე პასუხის გაცემას?
- არა, მაგ სისულელეებს ვერ ავყვები.
- სამაგიეროდ, თქვენმა მეუღლემ უპასუხა...
- იცით რა, "ფეისბუქზე" გაკეთებულ განცხადებაზე ლაპარაკი რთულია. სოც. ქსელი საჯარო სივრცეა, მაგრამ რაღაც ზომით გართობის სივრცეცაა. ამიტომ სტატუსების განიუსება სერიოზულად არ უნდა მიიღოს საზოგადოებამ.
- კარნავალზე თქვენ გეცვათ პატიმრის ფორმა, რამდენად ეთიკურად მიგაჩნათ პატიმრის უნიფორმის საკარნავალო კოსტუმად გამოყენება?
- უმჯობესი იქნება, თუ ამ კითხვას უშუალოდ პატიმრებს დაუსვამთ და თუ ვინმე შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, ალბათ იტყვის. მე არა მგონია, ეს პატიმრებისთვის შეურაცხმყოფელი იყოს.
ლადო გოგოლაძე