”არა გოჭითა ხოლო...”
”ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ...” საქართველოში რამდენიმე ათეული ათასი გოჭი იწვება და დაახლოებით იმდენივე ან ცოტა მეტი ინდაური იხარშება; ქათმებსა და თევზს ხომ ნუღარ იტყვით და ამიტომაც, ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ ხოლმე ახალ წელს. არა, ცხოველები კი არ მეცოდება (სამწუხაროდ, არ ვარ ასეთი ლმობიერი), მიზეზი მარტივია: ქართველი ინტელექტუალ-ლიბერალ-დემოკრატ-ქლიავები ალბათ დამცინებენ, მაგრამ ვმარხულობ და ზემოთ ჩამოთვლილი ხორაგიდან მხოლოდ თევზის მირთმევა მომიწევს საახალწლო სუფრასთან.
”ჭამა-სმა დიდად შესარგი” კი, რაღა დაგიმალოთ და, ძალიანაც მიყვარს და ახალი წელი ერთადერთი დღეა, როდესაც მარხვის შენახვა მიჭირს.
ამიტომ, ღმერთო შემინდე და, ვერ ვარ ხასიათზე, მაგრამ ეს შესავალი იმისთვის არ დამიწერია, რომ ჩემი კულინარიულ-რელიგიური პრობლემები მომეხვია თქვენთვის...
სინამდვილეში, აი, რატომ ”შეგაცოდეთ თავი”: გაბრაზებულ-გაღიზიანებულ-დაბოღმილზე უფრო კარგი ”პროვოკაციები” გამოდის და ამ ”შემაჯამებელ” გვერდში მით უმეტეს არ მინდოდა, ვინმეს ქება წამომცდენოდა. ბოლოს და ბოლოს, აქ ჩემი მიზანი და ფუნქცია ხომ კრიტიკაა და არა - გუნდრუკის კმევა.
ისე, კაცმა რომ თქვას, გასულ წელს თუ გადავხედავთ, ასე თუ ისე ნორმალურად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ბევრი არაფერი ყოფილა ისეთი, რომ მაინცდამაინც გოჭისა და საცივის გამო გაწიწმატდეს კაცი (უი, წიწმატიც მეჭმევა); ისედაც არ მომაკლო საქმე არც ძველმა და არც ახალმა ხელისუფლებამ - მრავალფეროვანი სპექტრით ”გამანებივრა”: სისულელით დაწყებული, ტყუილით გაგრძელებული და სამწუხაროდ, უსინდისობით დასრულებული.
მოვლენათა ამ სიუხვის გამო, ალბათ შეუძლებელია ყველაფერზე ლაპარაკი, ამიტომ მოდით, მხოლოდ ის ვთქვათ, ცნობილთაგან ვინ როგორ და რა ხასიათზე მოულხენს საახალწლო სუფრასთან და სურათი საკმაოდ ნათელი გახდება.
ცხადია, სააკაშვილით უნდა დავიწყოთ: ერთი რამ ნამდვილად ვიცი - საახალწლო სუფრაზე, ჩემი არ იყოს, შემწვარი გოჭი და ინდაურის საცივი არ ექნება, ოღონდ - სხვა მიზეზით (წარმოიდგინეთ, სააკაშვილი რომ მარხულობდეს): ან ამერიკაშია, ან მოყვრებში - ჰოლანდიაში, იქ კი გოჭ-საცივი ”არ მოსულა”. ასე რომ, მიშას მსუნაგობის ამბავი რომ ვიცი, ვერ ხვდება ახალ წელს კარგ ხასიათზე;
გიგი უგულავა მშრალ ხიდზე დავინახე, მაკლერებს ეხვეწებოდა, - 40 ცოტაა, მაგდენს ბანკიც მიხდიდა, მაგრამ ”პიისიატ ტიშად” მინდა ბინის დაგირავება, მოსამართლე გროშ-კაპიკს არ უკლებსო. მგონი, ვერ იშოვა 45-იანზე ძვირი კლიენტი და ეგეც საახალწლო ხორაგისთვის გადადებულ, სიმწრით ნაგროვებ ფულს დაამატებს მოსამართლის მიერ დანიშნული თანხის შესავსებად;
ბიძინა ივანიშვილი, როგორც ამბობენ, ისედაც არ ყოფილა ჭამა-სმის დიდად მოყვარული კაცი (ასე ყოფილა პელეც, სხვათა შორის, და ამიტომ ეძახდნენ ალბათ ”პელეს”) და ახლა, ზემოთ ხსენებული ორი პერსონა ისე ეცოდება თურმე, რომ საერთოდ გაუქრა მადა;
პარლამენტარებს ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ უმრავლესობის ერთი წევრი საკუთარი თვალით ვნახე (აბა, თუ გამოიცნობთ, ვარიანტებს ველი კომენტარებში) ბაზარში, კარგად მოზრდილი - ბურვაკობაში შესული გოჭი (თვითონაც ზორბა ბიჭია) მხარზე, დიახ, მხარზე ჰქონდა გადაკიდებული და ამაყად მოაბიჯებდა ხალხზე ზრუნვაში დაღლილი სახით.
საპარლამენტო უმცირესობაზე რა ვთქვა... დალევენ ალბათ, დარდიან გულზე, ყველაზე აქტუალური სადღეგრძელო ”გაჭირვებულებისა” იქნება. ”ყველა გაჭირვებულს გაუმარჯოს - მდგომიარეს, მწოლიარესა და მჯდომიარესო”, - ასე იტყვიან და ამოიოხრებენ. მერე შეიძლება, ”სამი ჩ-ს სადღეგრძელოც” დალიონ: ”ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრის”; არა - ოთხის: ”ჩვენი ჩუმი ჩათლახური ჩანაფიქრის”, - ასეთებს რა დაულევს მაგათ, მაგრამ მგონი, სურვილი სურვილად დარჩებათ, მაგათი ბოლო ჩათლახობა გასულ წელში დარჩება;
ბევრი ვინმეს გახსენება შეიძლება ცალკე, მაგრამ ადგილი და დრო არ გვყოფნის, ოღონდ, ერთი კაცი რომ არ აღვნიშნო, არ შეიძლება: ყოფილი მთავარი პროკურორი ფარცხალაძე! მოიცა, სახელი ვნახო... ჰო, ოთარი. აი, სახელის დამახსოვრებაც კი ვერ მოვასწარი, იმდენად ცოტა ხანს იყო თანამდებობაზე.
ა, კაცი! მიუჯდება საახალწლო სუფრას საახლობლოში და ალალად იტყვის: მთავარი პროკურორი ვიყავი, ძმაო, და კაცი არ დამიჭერია, ჩემი ხელიდან არავინ ”გაფუჭებულაო”. 80-იანების ბოლოს მართლა მაქვს ერთი პროკურორისგან მოსმენილი, - სამოთხე გარანტირებული მაქვს, ”ტყუილად” კაცი არ დამიჭერიაო. ფარცხალაძეს კი სამოთხეშიც სხვაზე უკეთესი ”პირობები” ელოდება ამ ლოგიკით, რადგან არც ”ტყუილად” დაუჭერია ვინმე და არც ”მართლად”... ისე, სად ”ამოუგდეს” ის ნასამართლობა და ”უდიპლომო დიპლომი”, თორემ გაივსებოდა ციხეები, ჩვენ რომ ვიცით, იმ ”სასტავის ხალხით”...
მოკლედ, უცნაური ახალი წელი მოდის, მოლოდინებით სავსე, გასულ წელზე ფიქრითა და სამსჯელოთი უხვად დატვირთული. მოლოდინების გამართლება ვუსურვოთ ერთმანეთს!
P.S. საერთოდ, გოჭ-ინდაურის დღეებიც გაივლის და მივხვდებით, რომ ეგ არ არის მთავარი (თავს ვიმშვიდებ). ცხენის წელი მოდის და როგორც აღმოსავლელი ასტროლოგები ამბობენ და ქართველი ”მიშა ცაგარელებიც” კვერს უკრავენ, ჩემთვის (თხის წელში ვარ დაბადებული) განსაკუთრებით კარგი და საქმიანი უნდა იყოს 2014!
აი, ვფიქრობ, რას უნდა ნიშნავდეს ამ შემთხვევაში, ”კარგი” და ”საქმიანი”?
ორი ვარიანტია: ”პროვოკატორობის” გარდა, მე არაფერი ვიცი და, თუ ”საქმიანი” წელი იქნება, ”კარგი” როგორღა?
ხოლო თუ ”კარგი” წელი იქნა (მეც აქაური ვარ, ბოლოს და ბოლოს, ”თვალი დაუდგეს ევროპას” - როგორც ”აბი-გლუკოზა”-ნოშრევანი იტყოდა), მაშინ ”საქმიანი” კი არა, ”უსაქმო” იქნება ჩემთვის.
ჰოდა, რომელი ჯობს ნეტავ?..