კონსტანტინე გამსახურდია: ”მივესალმები რატი ამაღლობელის კულტურის მინისტრად დანიშვნას”
”საერთოდ ჭორებზე რეაგირება არ მჩვევია. არ ვიცი, მართალია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია რატი ამაღლობელის კულტურის მინისტრად დანიშვნის თაობაზე, მაგრამ გადაუმოწმებლად მივესალმები ამ იდეას, ვინაიდან მისებრი საჭირო, კომპეტენტური და ორიგინალური, პრინციპული და აზრიანი პოზიციის მქონე მოღვაწეები ესოდენ იშვიათია ქართულ სინამდვილეში. არას ვიტყვი მისი პოეზიის დიდებულებაზე და შემოქმედებით წვლილზე. რატი ამაღლობელი საიმედო და სინათლის შემტანი ფიგურაა მინისტრთა კაბინეტში” - ეს სიტყვები კონსტანტინე გამსახურდიამ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა...
აღნიშნულ საკითხზე ბატონი კონსტანტინე თავად გვესაუბრა.
- გურამ ოდიშარია, როგორც მინისტრი, ნამდვილად არ გამოირჩევა ახალი ინიციატივებით, ახალი რეფორმებით, რაც კულტურის სფეროში თვისობრივად შეცვლიდა სიტუაციას. როგორც ჩანს ბევრ საკითხებში მან უშუალოდ მინისტრის პორტფელის ჩაბარების შემდეგ სცადა გარკვეულიყო. არ ვუარყოფ, რომ იგი, როგორც მწერალი და პუბლიცისტი დასაფასებელია. გურამ ოდიშარია აფხაზეთში დაბრუნების იდეის გულმხურვალე მქადაგებელია, ასევე ეროვნული ერთიანობის იდეისა, რომლის ნაკლებობაც გახდა საქართველოს უბედურებათა მიზეზი უკანასკნელი 20 წლის მანძილზე.
- რატომ ფიქრობთ, რომ რატი ამაღლობელი უფრო ეფექტური კულტურის მინისტრი იქნება?
- ბატონი გურამის ნაკლია ისიც, რომ იგი უცხო ენებს ვერ ფლობს. კულტურის მინისტრისთვის ნებისმიერ შემთხვევაში კარგი და ხელშემწყობია სხვა ქვეყნების კულტურულ ცხოვრებასთან შეხება. რატი ამაღლობელი, გარდა იმისა, რომ სრულიად ორიგინალური ხელწერის პოეტია, რომელმაც თავისი სიტყვა უკვე თქვა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, საკმაოდ ჩართულია სხვა ქვეყნების კულტურულ ცხოვრებაში. რატის გამოსვლებიდან იკითხება, რომ მას აქვს კულტურის განვითარების მკაფიო ხედვა.
- გურამ ოდიშარიას პასიურობა ქართულ კულტურას დაეტყო?
- არც მანამდე იყო დიდი გარღვევები კულტურაში და ეს ოდიშარიას უნიათობის გარდა იყო მცირებიუჯეტიანობის შედეგიც.
- რატომ გაქვთ იმედი რომ რატი ამაღლობელი ყველაფერს თავს გაართმევს?.. როგორც თქვენ ამბობთ, იგი კარგი მწერალია, მაგრამ შეძლებს ყველა ხელოვნების სფეროში სწორი რეფორმები გაატაროს?
- ნამდვილად არ მაქვს იმედი და მოლოდინი, რომ რატი სასწაულებს მოახდენს. საერთოდ, არ მწამს პირდაპირი გაგებით სასწაულებისა სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და მასზე იმედებს არასოდეს ვამყარებდი. რატი ახალგაზრდა, დინამიური ადამიანია და რაღაცეებს თავს ბევრად უფრო კარგად გაართმევს, ვიდრე ოდიშარია.
- ხომ არ გყავთ საკუთარი კანდიდატურა, რომელიც თქვენი მოსაზრებით უფრო კომპეტენტურად გაართმევდა თავს ამ მოვალეობას, ვიდრე რატი ამაღლობელი, ან მითუმეტეს, გურამ ოდიშარია?
- ნამდვილად არ მყავს. მე არ ვარ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც უნდა ფიქრობდეს თავისი კაბინეტის გადახალისებაზე.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)