არჩილ გამზარდია: ყველამ ჩვენ წილ სიბნელეს მოვუაროთ და საკუთარ ნათელმოსილებას მივხედოთ...
"რომ ქილიკობენ ამ მამა გაბრიელის საფლავზე წასული ხალხის მისამართით, მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ყველამ ჩვენ წილ სიბნელეს მოვუაროთ, რა. სხვის სულში რას იჩიჩქნება ეს ხალხი, რომ ჰკითხო, ადამიანის უფლებას პატივს სცემენ საკუთარი გამოხატოს. დიახაც, სჯერა და წავიდა, ვისი რა საქმეა?... მე ჩემი შვილი მყავს ყველაზე ხილული ღვთიური სასწაული და არ დავდივარ ამის გამო მსგავს რამეებზე, მაგრამ ვისი რა საქმეა... ყველამ თავის სიბნელეს მიხედოს რა... აჯობებს... ვის რას გიშლით ეს ხალხი, ვის რა გაგიფუჭათ?..
აი, ვისაც ამ ადამიანებზე უფრო "ნათელი" და "მოაზროვნე" ჰგონია საკუთარი თავი, საკუთარ ნათელმოსილობას მიხედოს და საკუთარ გულსა თუ სულს...
რა უბედურებაა ამდენი ქილიკი.
კიდევ ერთს გავიმეორებ, არავინ მისულა მცხეთაში ბედნიერი და გალაღებული, არავინ დამდგარა იქ ყინვასა და სიცივეში სიხარულიანი... ადამიანები ტკივილმა და დარდმა გააერთიანა და გააძლიერა კიდეც... ჩვენ გაჩერებაზე დგომა გვიჭირს ხოლმე რამდენიმე წუთი და იქ ხალხი საათობით იდგა... მეტი სოლიდარობა შეიძლებოდა გამოეხატა ხალხს ამ ადამიანებისადმი... მეტი სიყვარულიც...
ასეთ ადამიანებში იყო ეს ადამიანიც, რომლის სტატუსსაც გიზიარებთ - Mariam Shengelia-ის სტატუსი - "მე ვიყავი მამა გაბრიელის საფლავზე!!! გუშინ მივედი და დიდი რიგი დამხვდა! იქ გავიგე დედა პარასკევას ხილვის შესახებ. 40 წუთი რიგშიც ვიდექი იმის მიუხედავად რომ ძალიან სუსტად ვარ!!!
მივედი და ვითხოვე ორი სურვილის ასრულება.
ვთხოვე განვიკურნო ლეიკემიისგან და მომეცეს უფლება ოდესმე დედა გავხდე!
ჩემს გვერდით ბევრი დაავადებული იდგა. თუ ღმერთის არ გჯერათ დაჯერებით განკურნებული მაინ არ გინახავთ!!!
მე მჯერა დედა პარასკევას სიტყვების რომ კარგად ვიქნები. პატრიარქის სიტყვებისაც მჯერა რომ განვიკურნები!
გვაცადეთ იქნებ როგორ გვეხმარება ჩვენ განუვითარებელ, კერპთაყვანისმცემელ ავადმყოფებს "ვიღაცის ნათქვამი"...
ფეისბუქზე მყოფ მამაოებს, "ტაბულას მამაოებად" რომ ქცეულან, უჯობთ, ცინიზმის ნაცვლად, წავიდნენ და ის ხალხი ანუგეშონ მცხეთაში, ვინც ტკივილითა და დარდითაა მისული... ლაყბობის ნაცვლად მათ დაეხმარონ... მოეფერონ... ილოცონ მათთან ერთად... აუხსნან... აბა, რა სასულიერო პირის საქმეა ფეისბუქზე გაჭოროს თავის მრევლი და თან დასცინოს გაჭირვებულ ადამიანებს, რომლებსაც რომ არ უჭირდეთ, არც იმ ყინვაში იდგებოდნენ." - წერს ექსპერტი არჩილ გამზარდია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. გამზარდია გუშინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება: ბოლო ორი დღის განმავლობაში სამთავროს დედათა მონასტერში ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. იქ მისულთა თქმით, დედა პარასკევას ჰქონდა გამოცხადება, ხილვა - მან ნახა ბერი გაბრიელი, რომელმაც უთხრა, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც შობამდე მცხეთაში, მის საფლავთან, ან ციხისჯვარში, მამა გაბრიელის სახელობის მონასტერში მივა, რწმენით ნათხოვი ორი სურვილი შეუსრულდება.
ხალხის სიმრავლის გამო, დედათა მონასტერთან მისასვლელ გზებზე მოძრაობას საპატრულო პოლიცია არეგულირებდა.