ოლიმპიის მუზეუმის მძარცველები სიხარბემ დაღუპა
საბერძნეთის პოლიციამ ოლიმპიის არქეოლოგიური მუზეუმის ძარცვის ფაქტი გახსნა. დაკავებულია სამი ადგილობრივი მოსახლე. მათ 2012 წლის 17 თებერვალს ძველი ოლიმპიის არქეოლოგიური მუზეუმიდან 77 ექსპონატის ქურდობა ედებათ ბრალად. ყველა ეს ექსპონატი ოლიმპიური თამაშების ისტორიასთან არის დაკავშირებული.
სამართალდამცავები დამნაშავეთა კვალზე მას შემდეგ გავიდნენ, რაც მძარცველებს მოთმინება გამოელიათ და ერთ-ერთი ნაძარცვი ნივთის გაყიდვა გადაწყვიტეს. შავ ბაზარზე ისინი ამ ნივთებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ბეჭდის გაყიდვას მილიონ-ნახევარ ევროდ შეეცადნენ.
მყიდველები, ვისთანაც მძარცველები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, პოლიციელები აღმოჩნდნენ. "გარიგების მცდელობა" ეჭვმიტანილთა დაკავებით დასრულდა.
სამართალდამცავებმა მძარცველთა მიერ მოწყობილ სამალავში ყველა სხვა ექსპონატსაც მიაგნეს. ჯგუფის მეთაური ათენის მკვიდრი, 50 წლის კონსტრუქტორია, რომელიც თავს წვრილმანი ვაჭრობით ირჩენდა. ჯგუფის წევრები არიან 41 წლის პელოპონესელი და 36 წლის ათენელი უმუშევარი მამაკაცები.
მოპარულ 77 ექსპონატს შორის იყო 3300 წლის ოქროს ბეჭედი, გამარჯვებული სპორტსმენის ბრინჯაოს სტატუა და 2400 წლის ქილა ნავთის სანათურისთვის.
ოლიმპიის მუზეუმის ძარცვამ ბერძნები შოკში ჩააგდო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მძარცველები მუზეუმში შევიდნენ. თანაც, ერთი თვეც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც მძარცველებმა ათენის ეროვნული სამხატვრო გალერეიდან პიკასოს ნახატი და კიდევ ორი ძვირად ღირებული ტილო მოიპარეს.
მომზადებულია NZweek-ის მიხედვით
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”