"ჩემს თვალწინ ბავშვი გააუპატიურეს" (ექსკლუზივი)
"მეგის ქარდავას მიწიდან ამოვთხრიდი"
"გიორგი ტუღუში ახლა რომ ვითომ მაგარი ბიჭია, მას არ უნდა მოეთხოვოს პასუხი?"
"იმ საწყალის ცრემლები და ბღავილი ცხოვრებაში არ დამავიწყდება"
გლდანის მე-8 დაწესებულების დაკავებულ თანამშრომლებს, ვიქტორ ყაჭეიშვილსა და ოლეგ ფაცაციას პატიმარ მალხაზ არქანიას წამების ფაქტზე ბრალი დაუმძიმდათ. რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთის შსს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ამჟამად მიმალვაში მყოფ მეგის ქარდავას, მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
"ყველა სიახლე" ყოფილ პატიმარს გალში დაუკავშირდა, სადაც მალხაზ არქანია გათავისუფლების შემდეგ ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
- ჩვენთან ინტერვიუში გამოთქვით ვარაუდი, ახალაიები ქარდავას ცოცხალს არ დატოვებდნენო. ითქვა ისიც, რომ ეს ადამიანი ხობს აფარებდა თავს. ხომ არაფერი გსმენიათ მის შესახებ?
- არაფერი მსმენია. ამ კაცმა ისე გამამწარა, რომ ვიცოდე, სად არის ქარდავა, მიწიდან ამოვთხრიდი და მისგან არაფერს დავტოვებდი.
- თქვენ პირველმა გაბედეთ და აღწერეთ ის საშინელება, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ხდებოდა, თუმცა შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალეთ აზრი, რა იყო ამის მიზეზი?
- მე თავი უნდა გამეტანა და ცოცხალი გადავრჩენილიყავი. ნუთუ არ გჯერათ, რომ ის ციხე კი არა, სასაკლაო იყო?! ჩემი საკნის ქვეშ იყო კარცერში ჩასასვლელი და იქ რა უბედურებები ხდებოდა, ეს გიორგი ტუღუშმა არ იცოდა? ახლა რომ ვითომ მაგარი ბიჭია, მას არ უნდა მოეთხოვოს პასუხი? რამე რეაგირება მოახდინა იმ საშინელებებზე? ტუღუშმა ერთადერთი, ჩემი ამბავი გაიტანა, ისიც, ციხეში ჩემი ადვოკატი შეხვდა, ჩემი წერილი მან გამოგლიჯა ხელიდან და ამიტომ გამჟღავნდა სიმართლე, თორემ ის რომ ტუღუშის ხელში დარჩენილიყო, არავის არაფერი ეცოდინებოდა და ყველაფერი ისე დარჩებოდა, როგორც მანამდე იყო. მას შემდეგ, რაც ახსნა-განმარტება დავწერე, ჩემთან ეკა ბესელია, მანანა კობახიძე და გელა ნიკოლაიშვილი შემოვიდნენ. მას შემდეგ არავინ მომკარებია, მანამდე კი, 9 თვე დღეში სამჯერ მქონდა გამოწერილი ცემა-ტყეპა. ბოდიშის მოხდით ვიტყვი, რომ სააკაშვილი და მისი გუნდის წევრები არიან პოლიტიკური ქათმები!
- ბატონო მალხაზ, კიდევ რა ხდებოდა "სასაკლაოში"?
- ხალხო, იქ ადამიანებს აუპატიურებდნენ, მეტი რაღა უნდა მომხდარიყო? ჩემს თვალწინ ბავშვი რომ გააუპატიურეს, მისი ცრემლები და ბღავილი ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება. ამ აქტში ვინმე "გოჭი" და სისაური მონაწილეობდნენ, ისინი აუპატიურებდნენ. ყველაფრის თავიდან გახსენება დიდი სტრესია ჩემთვის... რაც დასკვნაში დავწერე, ყველაფერი მართალია, დამიჯერეთ... ლადო ბედუკაძემ ძალიან ბევრი რამ იცის და მიკვირს, რატომ აქვს ენაზე კბილი დაჭერილი?! სამწუხაროდ, ყველაფერს არ ამბობს. "ბასტის", ფარულავას ჰკითხეთ ჩემი ამბავი, იმანაც იცის. ან ის იტყვის რამეს? რისი ეშინიათ, ვერ გავიგე.
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.