"მისი ღრიალი მთელ ციხეს ესმოდა" - ექიმის დაუდევრობას შეწირული პატიმრის ბოლო წუთები
"ტკივილისგან დაღლილი სიკვდილის წინ სასოწარკვეთილი გმინავდა" - რატომ არ გადაიყვანეს საოპერაციოდ 25 წლის პატიმარი
"ბავშვთა კოლონიის ინციდენტის მოსაგვარებლად საქმეში კანონიერი ქურდები ჩარიეს"
3 იანვარს ქსნის მე-19 ტუბერკულოზის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრში 25 წლის მსჯავრდადებული გარდაიცვალა. ეს საზოგადოებას ადამიანის უფლებათა დამცველმა ნანა კაკაბაძემ აცნობა. წინასწარი ინფორმაციით, გოგოხიას გარდაცვალების მიზეზი მწვავე აპენდიციტი იყო.
სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალური ცნობით, პაციენტი დაავადებული იყო ტუბერკულოზითა და აივ/შიდსით: "2013 წლის 27 დეკემბრიდან მას ანტიტუბერკულოზური მკურნალობა უტარდებოდა. შესაძლო შედეგების შესახებ ექიმების მიერ არაერთგზის ინფორმირების მიუხედავად, პაციენტს წერილობითი უარი ჰქონდა გაცხადებული აივ/შიდსის საწინააღმდეგო ანტირეტროვირუსულ მკურნალობაზე. წინასწარი მონაცემებით, პაციენტს 31 დეკემბერს დაეწყო ტკივილი მუცლის არეში, ჭიპის გარშემო, თუმცა ქირურგმა გამორიცხა ქირურგიული შემთხვევა და სიმპტომურად დაუნიშნა მედიკამენტური მკურნალობა. ექიმების ინფორმაციით, შემდგომი ორი დღის განმავლობაში კლინიკური სურათი არ შეცვლილა და პაციენტი სპეციალიზებული ჩარევის გარეშე გარდაიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ჩარევის საჭიროება აშკარად იკვეთებოდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახური ან კატასტროფის მედიცინის ბრიგადა გამოძახებული არ ყოფილა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ექიმის შეცდომასთან. გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა".
სამინისტროს ინფორმაციისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ნანა კაკაბაძეს:
- პატიმარი სასჯელს ნარკოტიკების მოხმარებისთვის იხდიდა. ერთი წელი ჰქონდა მისჯილი, პატიმრობის ვადის ამოწურვამდე სამი თვე ჰქონდა დარჩენილი. იგი ტუბერკულოზით და შიდსით იყო დაავადებული, მაგრამ მისი სიკვდილი ამ დაავადებებს არ გამოუწვევია, ამიტომ ამაზე აპელირება მიუღებელია. მას მწვავე აპენდიციტი ჰქონდა, მაგრამ საავადმყოფოში არ გადაიყვანეს, ბრმანაწლავი გაუსკდა და გარდაიცვალა. მისი ღრიალი მთელ ციხეს ესმოდა, საბრალო ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანას და ოპერაციას ითხოვდა, მაგრამ არავინ მიაქცია ყურადღება. კაცი ორი დღე დახმარებას ითხოვდა, ყვირილით რომ დაიღალა, თურმე ტკივილისგან გმინავდა, ექიმი კი არც მისულა. სულ დაგრეხილი იყო, ისე ებრძოდა ტკივილს, რომ ბოლოს ძალა გამოელია და გარდაიცვალა. ჩვენც ვყვიროდით, მაგრამ ვერაფრით წავაყვანინეთ საავადმყოფოშიო, ამბობენ პატიმრები.
ერთ თვეში ეს პატიმრის გარდაცვალების მესამე შემთხვევაა ტუბზონაში, რაც ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში დიდი პრობლემებია. სირცხვილია, პატიმარი მწვავე აპენდიციტით რომ იღუპება. პატიმრებმა მისი სიკვდილის შემდეგაც ატეხეს განგაში, ახლა ითხოვენ, რომ ექსპერტიზა სასჯელაღსრულებამ არ ჩაატაროს და გარდაცვლილის პატრონმა გაუკეთოს სხვაგან ექსპერტიზა, რომ არ გაყალბდეს რეალური მიზეზი. გვეგონა, სადიზმი პირველ ოქტომბერს დასრულდა, მაგრამ ახლანდელ ფაქტებს რა ვუწოდოთ?
- ქალბატონო ნანა, რა ვითარებაა დღეს ციხეებში?
- საშინელი წერილი მივიღე პატიმრებისგან, კონკრეტული ფაქტებით. დეტალებს ჯერ არ გავასაჯაროებ, რადგან მასალა გადავეცი სასჯელაღსრულების სამინისტროს და ველოდები რეაგირებას. ეს ეხება კორუფციას სასჯელაღსრულების სისტემაში, პატიმრების ცემასა და კიდევ სხვადასხვა ფაქტს. ამჯერად ლაპარაკია მეექვსე დაწესებულებულების სამედიცინო ნაწილზე, სადაც პატიმრების გადაყვანა-არგადაყვანაში ფულს ითხოვენ. ციხეებში მძიმე ვითარებაა და ამას მალავს ადმინისტრაცია. მართალია, ომბუდსმენთან არსებობს მონიტორინგის საბჭო, მაგრამ მათ არც ერთი დარღვევა არ გამოუტანიათ სააშკარაოზე, ფაქტობრივად, საბჭო უფუნქციოა. მე არა ვარ საბჭოს წევრი, არა მაქვს ციხეებში შესვლის უფლება, მაგრამ ინფორმაცია მაინც მაქვს, ისინი რატომ ვერ იგებენ ასეთ ფაქტებს? რატომ ვერავინ გაიგო, როგორ სცემეს პატიმარი გიგლემიანი ციხეში.
- სუბარმა თქვა, რომ გიგლემიანმა თავი თავად დაიზიანა.
- გიგლემიანი ნაცემია და ამას ექსპერტების დასკვნაც ადასტურებს. პატიმარს კორიდორში ყველას დასანახად სცემეს. სანამ ამ ფაქტს გავახმაურებდი, სოზარ სუბარს შევხვდი, ვუთხარი, ასეთი რამ მომხდარა და შემიშვი, უნდა გადავამოწმო-მეთქი. მითხრა, გიგლემიანმა თავი თავად დაიზიანაო. როგორც კი უარი თქვა ჩემს შეშვებაზე, იმ წუთში გამიჩნდა ეჭვი, რომ მართალი იყო მოწოდებული ინფორმაცია. ამის შემდეგ გავახმაურე ეს ინფორმაცია და სოზარი გაბრაზდა. ვერ გამიგია, რატომ მალავენ ასეთ ფაქტებს? დაისაჯოს დამნაშავე, პრეცენდენტი შეიქმნას და მეორე ხომ იგივე აღარ განმეორდება? წარმოგიდგენიათ, ბავშვთა კოლონიაში მომხდარი ინციდენტის დროს რა გააკეთეს? კანონიერი ქურდები ჩარიეს საქმეში, ეს ნორმალურია? იმ მასტშაბის წამება თუ არ არის, რაც ბაჩო ახალაიას დროს იყო, ეს არავის აძლევს დამშვიდების უფლებას.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)