"დასალევის ფული არ ქონდათ და ჯინსების საღებავი დალიეს" - რამ შეიწირა თურქეთში 5 ქართველის სიცოცხლე - კვირის პალიტრა

"დასალევის ფული არ ქონდათ და ჯინსების საღებავი დალიეს" - რამ შეიწირა თურქეთში 5 ქართველის სიცოცხლე

"როდესაც სუფრაზე მოვბრუნდი, სამი უკვე მკვდარი დამხვდა, დანარჩენები უგონოდ იყვნენ, სულ რვანი ვიყავით"

”სითხეს, რომლითაც ქართველი ბიჭები მოიწამლნენ, ჯინსებისთვის ”გახეხილის” ეფექტის მისაცემად იყენებენ”

" იქვე მობილური ტელეფონი ეგდო, რომელიც მშობლებთან საუბრის დროს ხელიდან გავარდნია..."

თურქეთის ქალაქ გებზეში გარდაცვლილი ქართველები საქართველოში გადმოასვენეს... სენაკელი მალხაზ გერსამიას, ანაკლიელი ლევან ჭითაშვილის და აბაშელი, რომან ცომაია, მალხაზ გაბელია და ნაპო ცომაიას გარდაცვალების მიზეზი ალკოჰოლური სასმელით ინტოქსიკაცია გახდა. გებზეს საავადმყოფოში იმყოფება და უმძიმეს მდგომარეობაში რჩება ორი ქართველიც, რომლებიც მათთან ერთად იყვნენ, მაგრამ "სასმელი" მცირე რაოდენობით მიიღეს...

27 წლის ლევან ჭითაშვილის (სურათზე მარჯვნივ) ოჯახის ახლობლის თქმით, გარდაცვლილი გებზეში ერთ-ერთ ხის სახერხში მუშაობდა და ცდილობდა, ოჯახს დახმარებოდა...

- ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირს და რამდენიმე თვის წინ ლევანმა გადაწყვიტა, თურქეთში სამუშაოდ წასულიყო. იქ, სხვა ბიჭებთან ერთად ხის სახერხში მუშაობდა. ერთი თვის წინ იყო ჩამოსული. რაღაცეები უყიდია და ჩამოუტანია, მშობლებისთვის უთქვამს, ნორმალური სიტუაციაა, თუ იმუშავებ, ფულიც გექნებაო... სახლიც ასაშენებელი ჰქონდათ და მიხედვა უნდოდა საწყალ ბიჭს. ოჯახის შექმნა უნდოდა, მომავალზე ფიქრობდა... სანამ წავიდოდა, ვნახე, მითხრა, რამე საშველი უნდა ვიპოვო, ასე ქუჩაში დგომით არაფერი შეიცვლებაო მითხრა. რას ვიფიქრებდი, ასეთი საცოდაობა თუ მოხდებოდა?..

- რა მოხდა სინამდვილეში?..

- ახალი წლის ღამეს ქეიფი უნდოდათ თურმე ბიჭებს. სუფრა გაუშლიათ, მაგრამ დასალევის ფული არ ჰქონიათ. მათთან ერთად ერთი თურქი ყოფილა, რომელსაც, სთხოვეს, რამე ალკოჰოლური სასმელი მოეტანა. ქართული ვალუტით, 20-ლარამდე ჰქონიათ... მათთან ახლოს ჯინსების ფაბრიკა ყოფილა და ამ თურქს იქ შეუძენია სითხე, ჯინსების ერთგვარი საღებავი, რომლის ერთ ლიტრსაც დაახლოებით ოთხ ლიტრ წყალში ხსნიან და ალკოჰოლის ეფექტი აქვს თურმე. აუხსნია კიდეც, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ. ამ სითხეს, ჯინსებისთვის ”გახეხილის” ეფექტის მისაცემად იყენებენ თურმე... ჩვენს ბიჭებს ეს ნივთიერება ნაკლებ წყალში აქვთ გახსნილი და ზედ ლუდიც დააყოლეს თურმე... ერთ-ერთ გადარჩენილს, გელა ცომაიას, რომელიც უკვე გამოწერილია საავადმყოფოდან და ორ დღეში დეპორტით უნდა გამოუშვან, ტელეფონით ესაუბრნენ და მან უამბო ჭირისუფალს, რომ იმ ღამეს ლევანი მათთან სტუმრად იყო. ის სითხეც ყველაზე მეტი მან დალია თურმე და მალევე დათვრა კიდეც. მივხვდი, რომ ძალიან დათვრა, ბინაში წავიყვანე და დავაწვინეო... (ლევანის ბინა მათთან ახლოს ყოფილა) როდესაც ბიჭებთან სუფრაზე მოვბრუნდი, სამი უკვე მკვდარი დამხვდა, დანარჩენები უგონოდ იყვნენ, სულ რვანი ვიყავითო... ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, სასწრაფოს გამოვუძახე. მე, ყველაზე ცოტა დავლიე, მაგრამ მაინც ცუდად ვიყავი, გულის რევის, თავბრუსხვევის და სისუსტის შეგრძნება მქონდა. თვალებში მიბნელდებოდა, მაგრამ სასწრაფოს მანქანის მოსვლამდე, ლევანის ბინაში წავედი, რახან ესენი დახოცილები ვნახე, მისი დარდი მქონდაო, იქ მისულს, ლევანი გარდაცვლილი უნახავს. იქვე მობილური ტელეფონი ეგდოო, რომელიც მშობლებთნ საუბრის დროს ხელიდან გავარდნია...

- დახმარებისთვის ურეკავდა ვინმეს?

- არა, მერე როგორც მშობლებმა თქვეს, მათთან დარეკა, ახალი წლის მისალოცად. მამამ უსაყვედურია, რა ბორძიკით ლაპარაკობ, არ გრცხვენია, ლევან, ახალგაზრდა ბიჭი ასე როგორ დათვერიო... იმას პასუხი არ გაუცია, მაშინ არის გარდაცვლილი... იმ ცომაიას თქმით, გადარჩა კიდევ ერთი, რომელიც თავს კარგად გრძნობს, მაგრამ უმძიმეს მდგომარეობაშია ფოთელი... ყველას იმედი გვქონდა, რომ გადარჩენილებს შორის ლევანი იქნებოდა, რადგან დაღუპულებს შორის მისი გვარი არ დაუსახელებიათ. თურქი, რომელმაც ის სითხე მოუტანათ, უკვე დაკავებულია. მან კი აუხსნა ბიჭებს მოხმარების წესი, მაგრამ იმ ნივთიერების შეძენა და ამ წესით გამოყენება კანონით აკრძალულია...

- ლევანის მშობლებს მის გარდა ჰყავთ ვინმე?..

- კი, ერთი გოგო ჰყავთ, ნათია, გათხოვილია... საცოდავი ნატო და გოგი, როგორ გაუმწარდათ სიბერე... ჩემს სიცოცხლეში თვალებიდან არ ამომივა იმ კაცის საცოდაობა, გაყინულ მიწაზე ეგდო, ფრჩხილებით მიწას პორჭყნიდა და დაჭრილი მხეცივით ბღაოდა, - ჩემი ხელით ჩავულაგე ნივთები ჩემს შვილს, სასიკვდილოდ რომ ვუშვებდიო... დღეს დილით ჩამოასვენეს ხუთივე მიკროავტობუსით.

- ითქვა, რომ ჩამოსვენების ხარჯებს თვითმმართველობა უზრუნველყოფს...

- დიახ, თვითმმართველობის ხარჯებით ჩამოასვენეს... ზოგი არალეგალურად იყო წასული და ამიტომაც გართულდა საქმე...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)