ანტიეკლესიური უფლებადამცველობა, როგორც მომგებიანი ბიზნესსაქმიანობა
გაგვიგია გამოთქმა, ყველას თავის სიმართლე აქვსო, ამ გამოთქმაზე ყოველთვის მახსენდება ხოლმე დოსტოევსკის პერსონაჟები, სადაც გმირისა და ავტორის პოზიცია ისეა წარმოდგენილი, რომ ავტორი საკუთარ გმირებს თავად უტოვებს სიმართლეს და არ ერევა ხოლმე ამ სიმართლის განცდაში, ერთ-ერთ ლიტერატორს ამის ნიმუშად შექსპირიც მოჰყავდა, ყველანი ლაპარაკობენ თავად, თავიანთ სიმართლეს, ავტორი კი დუმს, ის არ ერევა და არ განსჯის საკუთარ პერსონაჟებსო… შეიძლება ითქვას, ჩვენი რეალობა ამ პროცესს ჰგავს, თუმცა, ტრაგედია ის არის, რომ დღევანდელ პროცესებში პერსონაჟები არ ლაპარაკობენ, არამედ მათი ავტორები პერსონაჟების მარიონეტული რეჟიმით. ეს პერსონაჟები კი თავიანთი "ავტორების" ბრძანებების შემსრულებლებად ვლინდებიან, რომელთა უახლოესი საზოგადოებრივი პროცესები ანტიეკლესიური უფლებადამცველობის, როგორც მომგებიანი ბიზნესსაქმიანობის წარმოებაში გამოიხატება.
ისიც გაგვიგია, სიმართლეს ორი მხარე აქვსო. ჩვენებური სიმართლე კი ან ზედმეტად მრავალწახნაგოვანია, ან ზედმეტად ცალმხრივი. სადაც საზოგადოება არსებობს მხოლოდ ყოფითი ადამიანების სახით, იქ მას არც საზოგადოება ჰქვია, მარტივად მართვადია და მხოლოდ გავლენის სფეროებისათვის იბრძვიან მასზე, შესაბამისად, იქ სიმართლე საერთოდაც შეიძლება არ იყოს.
როგორც წესი, სიმართლეც და ადამიანიც საქართველოში ნაკლებად საინტერესოა, როგორც პოლიტიკოსებისათვის, ასევე ხშირ შემთხვევაში მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისაც "ადამიანის უფლების" ცნებაში. ერთი შეხედვით, თითქოსდა პროგრესული პრომოუშენით ჩვენი მოქალაქეების ნაწილი ფსევდოდონკიხოტური თვითტკბობის რეჟიმშია, ზოგს კი მეტი გამჭრიახობა და "გონიერება" აქვს და ამ საჭიროებებს მშვენიერი კომერციალიზაციის საშუალებად იყენებს.
ასე, მაგალითად, კომერციალიზაციის შედარებით თანამედროვე სახეობა უფლებადამცველობითი ბიზნესსაქმიანობაა, ესენი შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ, როგორც ჯგუფები, რომლებიც შესაბამის სლოგანებს, როგორც საზოგადოებაში გასაყიდ პროდუქტებს, ისე ქმნიან… ინსტრუმენტები საკომუნიკაციო საშუალებებია, სამომხმარებლო ბაზარი – ადამიანური სისუსტეები და სერვისები – თემები.
უფრო გავშალოთ – სისტემა შემდეგნაირია: აი, რომელიმე ე.წ. უფლებადამცველი ორგანიზაცია გვევლინება როგორც კომერციული იდეით რეალიზატორი, ის იკვლევს იმ სისუსტეებს, რაზე რეაგირებაც კარგად გაიყიდება, პოტენციურ პროდუქტებად წარმოადგენენ ქალებს, ბავშვებს, სუსტ სოციალურ ჯგუფებსა და მოწყვლად სივრცეებს და მათი გამოყენებით მოიძიებენ გაყიდვების პროცესში დამხმარე მოხალისეებს. ეს მოხალისეები წარმოსდგებიან, როგორც შემსრულებლები, ასევე შესანიშნავი ფარი და შირმა. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში ბოლომდე ვერ გარკვეულები, ძიების პროცეში მყოფები, მაგრამ იდეალისტები არიან და არაიდეალურ გარემოეებს აპროტესტებენ. ასეთი ადამიანები არც გაყიდულები არიან, არც უარყოფითი პერსონაჟები, მათ, უბრალოდ, სურთ სამყარო იდეალური იყოს.
ასეთ ადამიანებზე ზემოქმედებითა და შეიძლება ითქვას, გარკვეულ წილად ჰიპნოზირებით, მათში ქმნიან შეხედულებათა მთელ რიგ დოგმებს შეხედულებათა სისტემების სახით. ნიცშესეული მიდგომით უკლავენ ღმერთს და შინაგანი ფსევდოთავისუფლების იდეალიზაციის შეფუთვით ახალ ღმერთებს უქმნიან. შემდგომში ამ ადამიანებს იყენებენ ყველგან, სადაც თავად არ უნდათ გამოჩენა ან სადაც იმიჯის სისუსტეები აიძულებენ "სავიტრინე თოჯინასავით" საუკეთესო დადონ საგამოფენო ნაწილში. ამით ორი რამ უკვე გაკეთებულია. მოხალისე ადამიანები ანუ გულშემატკივრები, რომლებიც ხან აქციებზე დადიან, ჰგონიათ რა, რომ საქმეს აკეთებენ და რაღაც დიდებულს ქმნიან, ხან ფარადაც იყენებენ…
მოხალისეებს ემატება თავად პროდუქტი, რომელსაც როგორც დახლზე დადებულ პროდუქტს, ისე ჰყიდიან. ასეთ პროდუქტებს ადვილად ამოიცნობთ, თუ მოცემული ორგანიზაციების წესდებაში ჩაიხედებით: ბავშვთა უფლებების დაცვის ნიღბით წარმოებული გაყიდვები, სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის ნიღბით წარმოებული გაყიდვები, სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებების დაცვის ნიღბით წარმოებული გაყიდვები, რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის ნიღბით წარმოებული გაყიდვები და ა.შ. ანუ, ე.წ. სამიზნე ჯგუფები სინამდვილეში წარმოდგებიან არა როგორც თვისობრივად სამიზნე ჯგუფები, არამედ მხოლოდ როგორც კომუნიკაციური რგოლები გასაყიდი პროდუქტების სახით.
გაყიდვების ბაზრის ძირითადი საპრეზენტავიო სივრცე საპროტესტო საქმიანობაზე გადის, პროტესტი, როგორც ბიზნესსაქმიანობა საკმაოდ იყიდება პერიოდულად ჩვენს საზოგადოებაში. მთელ ციკლს თანამდევ პროცესად ერთვის სხვა ადამიანების სისუსტეები, "აგდების" საშუალებები, რომლითაც საზოგადოებაში ქმნიან ე.წ. ელიტურ სივრცეს, რომელშიც ისინი შედიან და მარგინალიზაციას უწევენ ოპონენტურს – ე.წ. ბნელების სტატუსის სახით.
შესაბამისად, საზოგადოებას წარედგინება როგორც "ბნელი", ისე "ნათელი" ნაწილები. "ბნელში" შედიან ძირითადად ეკლესია, მრევლი, ე.წ. ეროვნული ინსტიტუტები, ტრადიციულ-რელიგიური ფასეულობები და ა.შ. ხოლო "ნათელში" კი თავად, ყველა ამ დასახელებულის საწინააღმდეგო მახასიათებლებით.
ადამიანი, არის რა, შინაგანი ქაოსისა და უწესრიგობების, საკუთარ თავთან მებრძოლი, თითქმის განიარაღებული რჩება ამგვარი "არჩევანის" მიმართ. ის, ვინც ლოკუსის ანუ შინაგანი რწმენის, თავდაჯერებულობის ნაკლებობას განიცდის, ადვილად ვარდება მსხვერპლად შემოჩეჩებულ იდეოლოგიურ ხახაში.
ასე იქმნება ბრძოლის ერთგვარი ველი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ბრძოლის მწარმოებელი ორგანიზაციები, ე.წ. არასამთავრობოები უფლებადამცველობითი კუთხით, თავად კი არ გამოდიან ბრძოლაში, არამედ მოცემულ მოხალისეებსა და "სამეურვეო" სივრცეებს უშვებენ, რომელთაც როგორც ვთქვით, რეალურად პროდუქტის სახე უფრო აქვს, ხოლო მთელი პროცესი ბიზნეს საქმიანობაა, რომლითაც კონკრეტული პირები არიან დაინტერესებულები. საქმიანობის ეფექტურობისათვის ისინი ან ნერგავენ "მოწინააღმდეგე ბანაკებში" საკუთარ წარმომადგენლებს ან პოულობენ ისეთებს, რომელთა ყიდვაც ეფექტური იქნება საქმიანობის შესაფუთად და ეფექტური გაყიდვებისათვის.
მუდმივი და მძაფრი "თვალში გაჩხერილი" წინააღმდეგობა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისათვის საქართველოს პატრიარქია. პატრიარქზე ნადირობა ახალი არაა, ეს მუდმივი კამპანიაა, როგორც ვიცი, პატრიარქის დისკრედიტაცია მისი აღსაყდრების დღიდან მიმდინარეობს, ჩემს ბავშვობაში დადიოდა ზოგან ჭორი, რომ პატრიარქი მკვლელობაზე იყო ნაციხარი, გაუპატიურებაზე ნასამართლევი და ა.შ. როგორც წესი, ამ ჭორებს რუსული სპეცსამსახურები ავრცელებდნენ, გრძნობდნენ, რა რომ პატირარქის დიპლომატიას ძალიან ბევრი ვერ სჯობნიდა.
პატრიარქის დისკრედიტაციის დამფინანსებლები და წყაროები დღესაც რუსულ სპეცსამსახურებში უნდა ვეძებოთ და არა პირიქით, როგორც ცდილობენ შექმნან თვალსაზრისი, რომ პატრიარქი რუსული ინტერესების გამტარებელია. სადაც კი სახელმწიფოებრივ საკითხებში პატრიარქი იყო ჩართული, რუსეთის ხელმძღვანელობას ყოველთვის უკან დახევა უწევდა. გავიხსენოთ თუნდაც საქართველოს ეკლესიის აფხაზეთსა და სამაჩაბლოს რეგიონში გავრცელების აღიარება, ასევე აგვისტოს ომში ეკლესიის წყალობით როგორც მიცვალებულების გადმოსვენება, დაჭრილებისაც და ა.შ. ძალიან ბევრი ფაქტი შეიძლება მოვიყვანოთ, რომელშიც, ასე ვთქვათ, "რუსეთსა" და "საქართველოს ეკლესიას" შორის ჭიდილი რუსეთის დათმობით მთავრდებოდა. დავსვათ შეკითხვა, რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონის დამოუკიდებლობა და ვინმეს ასე ადვილად აპატიებს, როდესაც მასთან მჯდომი საქართველოს ერთიანობაზე ესაუბრება? ცნობილი ეპიზოდებია, პატრიარქი როდესაც პუტინის წინ იჯდა და ლაპარაკობდა, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს ნაწილია და საქართველო თავის ტერიტორიების დაკარგვას არ შეეგუება, ამას პუტინი გაჩუმებული და თავდახრილი უსმენდა, ასევე იძულებული გახდა პუტინი, რომ საქართველოს პატრიარქის იურისდიქცია ეცნო აფხაზეთის ტერიტორიაზე და იქ მიმდინარე სასულიერო პირები საეკლესიო კანონის გარეშე გამოეცხადებინა…
შეგახსენებთ, ერთადერთი მაჩვენებელი, რითიც რუსეთი იძულებულია აღიაროს ამ მხარეების ქართულობა, საეკლესიო საზღვრებია და ა.შ. როგორ ფიქრობთ, ამას პუტინი მართლა ასე თავჩაღუნულად აპატიებს საქართველოს პატრიარქს? ცხადია, ის მსხვილ კამპანიას აწარმოებს საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ, რადგან გონიერებაში ვერ ჯობნის, განსხვავებით საერო ხელისუფლებებისგან, რომელთა სისუსტეები პუტინმა სათავისოდ გამოიყენა წლების განმავლობაში.
აქვე ვიტყვი, რომ რუსეთს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში მრავალი დასაყრდენი აქვს და არ გამოვრიცხავ, მათი დაფინანსებული იყოს ის პოლიტიკური, მედია თუ არასამთავრობო სივრცე, რომელიც ოფიციალურად რუსეთს აგინებს, მაგრამ მოღვაწეობრივად ევროპული ფასეულობების წინააღმდეგ უფრო ამხედრებს ქართულ საზოგადოებას. პროცესის მოტივაცია შედეგში იცნობა ხშირად, ეს მაჩვენებელი კი შეგვიძლია ინდიკატორად გამოვიყენოთ.
ამ ორგანიზაციების მიზანი, როგორც წესი, ის კი არ არის, რომ კრიტიკის შედეგად საპატრიარქომ უფრო დახვეწოს თავისი თავი ან საქმიანობა, არამედ ის, რომ საზოგადოების თვალში წარმოჩნდეს როგორც აგრესიული, რეგრესული ძალა, გარკვეული ძალები ამას შეგნებულად და სისტემურად აკეთებენ. ე.წ. არასამთავრობო სექტორის ნაწილთან ერთიან ჯაჭვში, დისკრედიტაციული კამპანიის საინფორმაციო მხარდაჭერას ისეთი მედიასაშუალებები ანხორციელებს, როგორებიც არიან, მაგალითად, "ლიბერალი", "ტაბულა", "ნეტგაზეთი", "ექსპრესნიუსი" და ა.შ. ნეგატიური საინფორმაციო კამპანიის ადმინისტრირებას კი ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ახდენს. სხვათა შორის, სწორედ ეს ძალები ცდილობენ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავლენის მოპოვებას.
არჩილ გამზარდიას ბლოგი