გოგა ხაჩიძე: სად დაჭრა გორგასალმა ის საცოდავი ხოხობი, ქუთაისში თუ თბილისში...
"ტყემალზე დავჯდეთ და ბლის კურკები ვყაროთ – აი, ჩვენი არჩევანი"
"ტყემალაძემ ირიბად დაგვანახვა, როგორ დავიბრუნოთ აფხაზეთი"
თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს და ტერიტორიაც, რომელზეც პარლამენტის ისტორიული შენობაა განთავსებული, ქუთაისის გახდეს. არ არის გამორიცხული, საპარლამენტო საქმიანობის თბილისში განახლების მიზნით მმართველმა გუნდმა სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ჩანაწერს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია, შეცვლის პერსპექტივა ჯერ არ აქვს...
აღნიშნულ თემაზე ღიად საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე. პარლამენტის თბილისში დაბრუნებისთვის ასეთი სქემის გამოყენება პირადად მისი იდეაა. მისი თქმით, "ასეთი ბევრი მაგალითი არსებობს, თუნდაც საელჩოები, რომელთა ზღურბლსაც რომ გადალახავ, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ხარ" - განაცხადა ტყემალაძემ.
ზურაბ ტყემალაძის ინიციატივა "საახალწლო ხუმრობად" მიიჩნია საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოგა ხაჩიძემ...
- ის, რომ შესაძლოა, თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა ქუთაისს გადაეცეს, თავიდან რომ მოვისმინე, ხუმრობად მივიჩნიე, ახალ ამბად კი ვერ აღვიქვი, რადგან ვიფიქრე, რომ საახალწლო ხუმრობა იყო და ბატონმა ზურაბმა იოხუნჯა. მაგრამ მერე მივხვდი, რომ უფრო ღრმა პრობლემასთან გვაქვს საქმე, "ქართული ოცნება" გვყავს ხელისუფლებაში და მსგავსი ინიციატივები არ გვიკვირს. ის გავიგეთ, ქუთაისში საზღვაო პორტის მშენებლობა რომ არის თურმე შესაძლებელი, ახლა კიდევ რუსთაველზე მდებარე ძველი პარლამენტის შენობა თურმე შესაძლებელია, ქუთაისის გახდეს. "ოცნების" ლოგიკის ამბავი რომ ვიცი, არ არის გამორიცხული, თბილისი მალე საპორტო ქალაქის პერსპექტივაში განიხილონ. იუმორისტების ადგილზე რომ იყო, ვინერვიულებდი, რადგან მთავრობისა და მმართველი პარტიის სახით, სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ... ის საცოდავი ხოხობი გაოგნებული იქნებოდა, ცოცხალი რომ იყოს, ძალიან გაუჭირდებოდა დადგენა, სად დაჭრა გორგასალმა, ქუთაისში თუ თბილისში და სად დალია სული... შესაბამისად, სიმღერების შეცვლაც დაგვჭირდება ალბათ, - რაღაც ვერსიად შეგვიძლია განვიხილოთ, - საფიჩხიაზე ღვინოს დავლევთ, რუსთაველიდან გადავვარდებით. რაღა დაგვრჩენია მეტი, გავერთობით როგორღაც, ამასობაში მილიარდიც დაგვაკლდა ბიუჯეტში და ვნახოთ, ამ წელს კიდევ რა გასართობ სიახლეებს შემოგვთავაზებენ.
- ტყემალაძემ საელჩოების მაგალითიც მოიყვანა...
- კი ბატონო, იცით რა, ჩვენ გვაქვს ასეთი არჩევანი, - ტყემალზე დავჯდეთ და ბლის კურკები ვყაროთ. ან დავსხდებით და ან არა.. ვნახოთ.
- ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, მეც სერიოზულად განვიხილავდი ამ ინიციატივასო...
- ეტყობა, ზურაბ აბაშიძესთან დაკავშირება ვერ მოასწრეს, რომ ეთქვათ, ასეთი ტროლი გავრცელდაო... მის გარდა სხვა დეპუტატი ვერ ვნახე, რომელმაც სიცილისგან თავი შეიკავა, როდესაც ამაზე კომენტარს აკეთებდა. კარგია, მხიარულად შევხვდით ახალ წელს და მხიარულება დაგვებედა. მადლობა ბატონ ზურაბს... იმედია, უახლეს დღეებში სხვა ინიციატივებსაც შემოგვთავაზებს. "პაზლი" გავხდით. მე ვერ მოგიყვან მსგავს მაგალითს, რომელიმე ქვეყანაში ხდებოდა ასე. ისე კი, ტყემალაძემ ირიბად დაგვანახვა კონტურები იმ მოდელისა, თუ როგორ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი; მაგალითად, საქართველოს სხვა ქალაქებს, ან თუნდაც შენობებს მივაწეროთ აფხაზეთი და როგორც ბატონმა ზურაბმა თქვა, რუსთაველზე მდებარე შენობა ქუთაისს მივაკუთვნოთო, ისე გახდება ერთიანი საქართველოს ნაწილი ის რეგიონები, რომელის ახლა ოკუპირებულ ტერიტორიებია. შესაძლოა ამისთვის გვამზადებს ბატონი ტყემალაძე...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)