ჯონ მაკკეინს კრისტი ყიფშიძის სურათი სამუშაო ოთახში უკიდია... - კვირის პალიტრა

ჯონ მაკკეინს კრისტი ყიფშიძის სურათი სამუშაო ოთახში უკიდია...

მე და ჩემი რესპონდენტი - მოდელი კრისტი ყიფშიძე ახლა სწორედ ერთ ფოტოზე გიამბობთ, რომელიც 2003 წლის 5 ოქტომბერს არის გადაღებული. სხვათა შორის, კრისტის ეს ფოტოსურათი განსაკუთრებულად უყვარს.

- ამ ფოტოზე სენატორ ჯონ მაკკეინთან და საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩთან, რიჩარდ მაილსთან ერთად ხარ აღბეჭდილი. როგორ აღმოჩნდი ასეთი რანგის პოლიტიკოსების გვერდით?

- ეს შემთხვევა 2003 წელს მოხდა. საქართველოში ”ვარდების რევოლუცია” ჯერ არ იყო მომხდარი. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ პროექტისთვის: ”არჩევნები ძალადობის გარეშე” საბანერო ფოტოს გადასაღებად მიმიწვია. სურათები ზაფხულში გადამიღეს, 5 ოქტომბერს კი ამ პროექტის პრეზენტაცია შედგა და პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც ცხადია, მეც დამპატიჟეს.

- აპოლიტიკური ადამიანი ვარო, - ამბობ და მაინც, ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობდი?

- ბანერისთვის ფოტო იმიტომ გადავიღე, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია იყო და ადამიანებს თავისუფალი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებდა. წასულიყვნენ არჩევნებზე და ვისაც როგორ უნდოდა, ისე ემოქმედა... მოკლედ, პრეზენტაციაზეც მივედი. კედელზე ბანერი ეკიდა, რომელზეც მე ვიყავი გამოსახული (იღიმის). მითხრეს, ამ ბანერთან უნდა დადგეო. სივრცე, რომელშიც ვიყავით, თანდათან სხვადასხვა ტელეარხის კამერებით ივსებოდა. ქართველი ჟურნალისტების გარდა, იქ იყვენენ ”ბიბისის”, ”სიენენის” და ა.შ. წარმომადგენლები. მივხვდი, რომ მაღალი დონის ოფიციალური შეხვედრა იყო დაგეგმილი. უეცრად, კარი გაიღო და სენატორი ჯონ მაკკეინი (მომიტევეთ, მაგრამ მაშინ არც ვიცოდი, ვინ იყო) შემოვიდა. ყველა დაფაცურდა და დიდი ამბავი ატყდა. ვინაიდან ბანერი ცენტრში ეკიდა და მეც იქ ვიდექი, ის ჩემკენ წამოვიდა. რომ მომიახლოვდა, მომესალმა და გვერდით დამიდგა. მალევე შემოგვიერთდა იმხანად საქართველოში აშშ-ის ელჩი - რიჩარდ მაილსიც. მოკლედ, მე, მაკკეინი და მაილსი გვერდიგვერდ ვიდექით... შემდეგ გამოაცხადეს, რომ რიჩარდ მაილსი სიტყვით უნდა გამოსულიყო. გავიდა და საუბარი დაიწყო. ამასობაში ჯონ მაკკეინმა მკითხა: - პროფესიით ვინ ხართო? - მოდელი ვარ-მეთქი. - ამას კი მივხვდი, რადგან ძალიან ლამაზი ხართ. ამ ბანერზე თქვენ ხართ გამოსახულიო?

- ე.ი. სენატორისგან კომპლიმენტიც დაიმსახურე?

- კი, ასე იყო. სენატორი ძალიან უშუალო ადამიანი აღმოჩნდა. შემდეგ ტრიბუნასთან მაკკეინსაც სთხოვეს, მერე კი სიტყვის სათქმელად მეც მიმიწვიეს. კიდევ კარგი, მანამდე ბუკლეტები მქონდა გადაკითხული და ჩემს სათქმელს რაღაცნაირად, თავი მოვაბი. მოკლედ, იმ დღეს სუპერპოპულარული ვიყავი, რადგანაც ის კადრები ყველა არხით გადაიცემოდა, მე კი საკუთარ თავზე მეცინებოდა. ყველა გაოცებული მირეკავდა და მეკითხებოდა: - იქ რა გინდოდაო?! იმავე საღამოს ეკა ხოფერიამ შოუში (”რუსთავი 2”-ზე) მიმიწვია. მეკითხებოდა, თუ როგორ აღმოვჩნდი იმ დღეს ჩემთვის უჩვეულო სიტუაციაში...

მას მერე გავიდა რაღაც პერიოდი და ჩემი მეგობრების მეგობრები ერთ-ერთი სამინისტროდან ჯონ მაკკეინთან, ”თეთრ სახლში”, რაღაც შეხვედრაზე მოხვდნენ. თურმე, მას აქვს ოთახი, სადაც კედელზე ჩარჩოში ჩასმული არაერთი ფოტო უკიდია. ერთ-ერთს კი აწერია: ”ვიზიტი საქართველოში” და ეს სწორედ ის ფოტოა, რომელზეც ამდენი ვილაპარაკე... მოკლედ, ასე აღმომაჩინეს ქართველებმა ”თეთრ სახლში”.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.