უდანაშაულო დამნაშავე - 8 წლის ბიჭს სასამართლო ბინიდან ასახლებს
ხაშურელი კახურაშვილების კოშმარი კულმინაციას მიუახლოვდა და შესაძლოა, ყველაზე ცუდი შედეგით, - კახურიშვილების ერთადერთი შვილის, 8 წლის გიორგის სულიერი მდგომარეობის შერყევით დასრულდეს, - ოჯახის 4-წლიანმა წამებამ თავისი შედეგი გამოიღო. ამ ხნის განმავლობაში მცირეწლოვანი ბავშვი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის "ჯორჯიან კაპიტალის" მევალედ არის აღიარებული, რის გამოც სახლიდან ასახლებენ.
ჯოჯოხეთი ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი მიზეზით, - მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან არც ისე დიდი სესხის( 6740 დოლარი) გამოტანით და ძალზე დიდი იმედებით დაიწყო, - 2009 წელს ახალგაზრდა ოჯახმა გადაწყვიტა მეცხოველების განვითარებისათვის მოეკიდა ხელი. შეიძლება ითქვას, კახურიშვილები უსაფუძვლო ოპტიმიზმმა დაღუპა.
პროცესები კი ამგვარად განვითარდა...
ნანა კახურაშვილი, გიორგი კახურაშვილის დედა:
- შეუძლებელია იმის აღწერა, როგორ მენგრევა თვალწინ სულ რამდენიმე ხნის წინ ბედნიერი ოჯახი. 2009 წელს ჩემი მეუღლე მოხვდა ავტოკატასტროფაში სამსახურის მანქანით, - გარემოს დაცვის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის ბიუროში მუშაობდა. სამჯერ ამოტრიალებულ მანქანაში კვდებოდა და მინა ხელით გამოამტვრია, ასე გადარჩა. მიუხედავად იმისა, რომ სამხარაულის ექსპერტიზამ ამ ავარიაში მისი ბრალი გამორიცხა, სამსახურიდან წამოსვლა მაინც მოუწია და სწორედ უმუშევრობის გამო გადავწყვიტეთ, ბანკიდან სესხი აგვეღო და პირუტყვი მოგვეშენებინა, - ვიფიქრეთ, რომ ყველაზე საიმედო შემოსავალი ეს იყო. ბანკებმა გვითხრეს, - სესხი რომ მოგცეთ, ბიზნესბრუნვები უნდა გაგაჩნდეთ, თქვენ კი ყველაფერს ნულიდან იწყებთ, ამიტომ სესხს ვერ მოგცემთო. სწორედ ამ დროს მიგვასწავლეს თბილისში აზერბაიჯანული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ჯორჯიან კაპიტალი", სადაც 7000 დოლარის სესხის მოცემაზე დაგვთანხმდნენ, ოღონდაც იმ შემთხვევაში თუ ამ სესხს მათი ნოტარიუსი გაგვიფორმებდა.
- მაინცდამაინც საკუთარი ნოტარიუსი რატომ სჭირდებოდათ?
- საქმეც ეს არის. ჩვენ გაგვაჩნდა სახლი, რომელიც ჩვენს შვილზე იყო გაფორმებული და მათმა ნოტარიუსმა სესხის უზრუნველყოფა ამ ქონებით მოახდინა. მან შეგნებულად არ გვითხრა, რომ მცირეწლოვანი ბავშვის ქონებით სესხის უზრუნველყოფა არაკანონიერი იყო და ეს ჩვენ საიდან გვეცოდინებოდა? ასეც მოვიქეცით და სესხი, 6740 დოლარი ავიღეთ.
- ანუ ნოტარიუსმა მოვალედ 5 წლის ბავშვი ცნო? ეს ხომ კანონმდებლობით აკრძალული იყო?! მერე რა მოხდა?
- მერე ამ სესხით ფერმისთვის შენობა გადავხურეთ და ყველაფერი შევიძინეთ, რითაც ბიზნესი უნდა დაგვეწყო, - ცხვრებიცა და ღორებიც, რომელიც ღორის ჭირით დაგვიწყდა და დავიღუპეთ. ამის მიუხედავად კარგი გადამხდელები ვიყავით, კრედიტს პირველ ხანებში ძალზე კარგად ვიხდიდით. ვიხდიდით ზარალის შემდეგაც, ოღონდაც დაგვიანებით. ასე საბოლოო ჯამში 8200 დოლარამდე გადავიხადეთ. ანუ სესხზე დაახლებით 1400 დოლარით მეტი. თუმცა საუბედუროდ, ამ შემთხვევაში ჩვენმა კანონებმა "ჯორჯიან კაპიტალისთვის" იკანონა და იმის მიუხედავად, რომ სესხი დავფარეთ და გადავაჭარბეთ კიდეც, პირისსაგამტეხლოდ 6000 დოლარის ჯარიმა დაგვაკისრეს, რასაც ვერანაირად ვერ გადავიხდიდით. თანაც მორიგი უბედურება დაგვემატა, - იმ ავარიისთვის, რომლის გამო 2009 წელს ჩემი მეუღლე სამხარაულის ექსპერტიზამ გაამართლა, (2013 წელს მოგვივიდა შეტყობინება, რომ ჩემს მეუღლეს 13000 ლარის გადახდა დაეკისრა. გასაჩივრებასაც ვერაფრით მოვახერხებდით, რადგან ადვოკატის ფული არ გვქონდა. ამ ვალის გამო მოვიდნენ და დაგვიყადაღეს ყველაფერი, თვით დაზიანებული ნივთებიც კი მაგრამ სახლს ვერ შეეხნენ, რადგან ბავშვის ქონება იყო. სწორედ, ამ დროს მოვედით გონზე რა მოხდა ჩვენ თავს, - თუკი თავად სახელმწიფო ვერ შეეხო ბავშვის ქონებას ბავშვის მამის ვალის გამო, "ჯორჯიან კაპიტალსა" და მის ნოტარიუსს ამის უფლება რატომ უნდა ჰქონოდათ? ჩვენი შვილის უფლებების დარღვევაში ჩვენ, მშობლები რომ ვყოფილიყავით დამნაშავე, ხომ უნდა დმდგარიყო ჩვენი პასუხისმგებლობის საკითხი ამდენი წლის მანძილზე, როცა ჩვენმა საქმემ ყველა ინსტანცია გაიარა?! სინამდვილეში დადგა ნოტარიუსისა და იმ მოსამართლის საკითხი, რომელმაც პირისსაგამტეხლოს, - 6000 დოლარის გადახდა დაგვაკისრა, მაგრამ ამით რა იცვლება? ჩვენი სახლი აუქციონზე მაინც გავიდა და გაიყიდა). .მყიდველი დედაქალაქში ცხოვრობს და თვალით არ მინახავს. ის სახლის დაცლას მოითხოვს და სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენელებს გზავნის. ეს უკანასკნელი პირველად რომ მოვიდა და მითხრა, მევალე გიორგი კახურაშვილს დაუძახეთ, უნდა გამოვასახლოო და ჩემი შვილი გამოვიყვანე, გაოცდა: რა უბედურებაა, როგორ შეიძლება ბავშვი მევალედ ცნოო! ამ ყველაფერის შემდეგ ჯერ მეუღლის მარტოხელა მამიდას, რომელიც ჩვენთან ცხოვრობს, ინსულტი მოუვიდა, რომლის შემდეგ ცნობიერება დაკარგა და დროდადრო ყვირის ხოლმე. ჩემს ერთადერთ შვილს კი კრუნჩხვები დაეწყო და თვალები დაუელამდა. პირველად ეპილეფსია გვეგონა. გვითხრეს, ეს ეპილეფსია არ არის, ნერვული "წიკებია", ბავშვს სასწრაფოდ უნდა შეუქმნათ მშვიდი გარემოო. რანაირად, როცა ბავშვს ყველა შეტყობინებაზე სახლი უნდა დაცალოთო, ისტერიკა ემართება, - ჩვენ კი ვცდილობთ, ეს დავუმალოთ, მაგრამ ვინც გამოსასახლებლად მოდის, ის საიდუმლოდ ხომ არ დაგვიწყებს ლაპარაკს?! ამიტომ არის ბავშვი ისტერიკაში, - თუკი სადმე შეგვაღამდა, გამუდმებით ტირის, ჩემს სახლში წამიყვანეთ, ღამე იქ უნდა გავათიოო! ეშინია, რომ თუ არ იქნება, იქ ვინმე სხვა შევა.
- ახლა რას აპირებთ?
- მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე რეკომენდაციები გასცეს ეკა ბესელიამ და სახალხო დამცველმა, საქმე სასამართლოში მაინც არ ბათილდება. თუ გამოსავალი აქ ვერ ვიპოვეთ, ვაპირებ სტრასბურგში ჩივილს, ალბათ არასამთავრობოები დამეხმარებიან... იმ ქვეყანაში, სადაც კანონი მაშინ კანონობს, როცა ვინმეს აწყობს, შვილის გადარჩენა ყველა საშუალებით უნდა შევძლო. თუ ამდენი ნერვიულობით ძალა არ გამომეცალა და არ მოვკვდი, ვიბრძოლებ.
... გვითხრა ქალბატონმა ნანამ და ყველა იმ ადამიანისთვის მადლობის გადახდა გვთხოვა, ვინც ცდილობს, მას დაეხმაროს. ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩა სათქმელი გარდა შეკითხვისა, - როდის გვეღირსება რომ მსგავსი ტრაგედიები ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს!
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)