ინციდენტი - კვირის პალიტრა

ინციდენტი

რამე ორიგინალური მინდოდა დამეწერა, უფრო სწორად - ორიგინალურად მინდოდა აღმეწერა ის მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფები, მაგრამ გამახსენდა, რომ ეს უკვე აღწერილი აქვს გურამ დოჩანაშვილს თავის ბრწყინვალე მოთხრობაში და... დაახლოებით ისე დამემართა, როგორც "12 სკამის" ოსტაპ ბენდერს (ვაჰ, რაღაც "ლიტერატურულ ხასიათზე" მოველ!) როდესაც "ანტილოპას" მძღოლს ეუბნება: შეყვარებული ვარ და ლექსის დაწერა გადავწყვიტე, მთელი ღამე ვიწვალე და აი ეს დავწერე: "Я помню чудное мгновенье, передо мной явилась ты..." და ა.შ. და მხოლოდ დილით გამახსენდა, რომ ეს უკვე დაწერა პუშკინმაო!

ჰოდა, ეგრე ვიყავი რა - აი, ეს მინდოდა დამეწერა: "რა იყო მაინც ეს – თავი სკდებოდა, გავარვარებულ-აჟრიალებული, რკინის სალტით უმოწყალოდ შემოჯარული, განწირული თავი და ყურებიდან გამოძრომას ლამობდა, და შიშით თვალსაც ვეღარ ვახელდი, ეგება ისევ სიზმრად დარჩეს ყველაფერი ეს-მეთქი..." და მერე გამახსენდა, რომ "პახმელია", ზუსტად ასე, უკვე აღწერა დოჩანაშვილმა...

აი, ასეთ მდგომარეობაში, შრომითი გმირობის მაგალითს ვაძლევ ყველას და თქვენი ხათრითა და სიყვარულით (ჰონორარის სიყვარულითაც. ჰო, მართლა, ცოტა მომიმატეთ, რა...) მაინც ვწერ ამ პროვოკაციას.

ძველით ახალი წელია დღეს და პირველ რიგში, გილოცავთ, განსაკუთრებით გურულებს, - "კალანდას", ჩვენს "ეროვნულ დღესასწაულს"! "ადესა", ღორის თავი და "ღვეძელი" არ მოკლებოდეს ამ დღეს თქვენს სუფრას კიდევ ათას წელს!

ასე! ახლა ვნახოთ, რა ხდება ამ "ეშმაკის მოგონილში" (ანუ კომპიუტერში)... აუ, უგულავა გაქცეულა საზღვარგარეთ! ეეეე, ჩამოსულა, გაიმაზა "სენსაცია"...

"ინციდენტი მიუსაფართა თავშესაფარში"... ოპ, კარგია, მიყვარს ინციდენტები. ვნახოთ, ვიდეოც ჰქონია... გასაგებია... ჰმ, ინციდენტი! ძალიან მაგრები არიან ჩემი კოლეგები! თანაც ყველა ტელევიზიასა და სააგენტოს რომ ამ სათაურით გაუშვია ეს ამბავი?! ვისაც არ გინახავთ, გეტყვით, რაში მდგომარეობდა "ინციდენტი": მოსკოვის პროსპექტზე მდებარე მიუსაფართა თავშესაფარში მცხოვრები ერთ-ერთი მთვრალი "ბომჟი" (რედაქტორს ვთხოვ, არ გააკორექტულ-გააკორექტიროს ეს სიტყვები, პასუხს ვაგებ, რასაც ვამბობ) ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრსა და კიდევ ხუთ-ექვს მაღალჩინოსანს "უჩმახებდა", - გუშინ ერთმა თქვენგანმა (ზუსტად არ მახსოვს, რომელმაო!) უხეშად მომმართაო! ესენი უსმენდნენ. ის უჩმახებდა, ენას არ აჩერებდა. ესენი ისევ უსმენდნენ იმის ბოდიალს, ტელეკამერები ამას იღებდნენ. ბოლოს ნარმანიამ უთხრა, ძალიან მორიდებულად, - ნასვამი რატომ ხართო? იმან (მოურიდებლად): - დავლევ, აბა რას ვიზამ, ნერვები მაქვს აშლილი, ამის გამოო!

("აეეე, დავლეეეეევ, დავლევ, აბა რას ვიზააააამმმ!!!")

აჰა - ეს იყო ინციდენტი! ახლა ჩემი აზრი: ეს მართლა იყო ინციდენტი, რადგან მინისტრი და ქვეყნის ბედის გამგებელი სხვა ჩინოსნები დროს არ უნდა კარგავდნენ იმაზე, რომ კვირაში სამჯერ თუ ოთხჯერ რამდენიმესაათიანი "ვიზიტები" მოაწყონ ასეთ თავშესაფარში. ამისთვის იქაურობის მიმხედავად ვინმე იქნება დანიშნული და იმან მოუაროს; იმ მიმხედავმა, დადგენილი წესის მიხედვით იმოქმედოს და თავშესაფრის მკვიდრებს, დამტკიცებული შინაგანაწესით აკრძალული რომ აქვთ ალკოჰოლის მიღება, ამ წესის დაცვა უზრუნველყოს; როდესაც ვინმე დათვრება და სისულელეს დააბერტყებს, ჩემს კოლეგებს აეკრძალოთ ვიშვიში, რომ ადამიანის უფლებები ირღვევა და რაც მთავარია - მინისტრებსა და სხვებს აეკრძალოთ ამ ვიშვიშის საფუძველზე სერიოზული საქმეების მიტოვება და კამერების წინაშე ვიღაც ლოთის (არ ჩამისწოროთ, "ატვეჩაი" ვარ-მეთქი ჩემს სიტყვებზე) მოსასმენად ქალაქის ბოლოში გაქცევა.

კოლეგიალობა რომ მაძლევდეს უფლებას, იმასაც ვიტყოდი, რომ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვისა და ბუზის სპილოდ ქცევის გამო, ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ჯარიმას გადავახდევინებდი (უი, მაინც ვთქვი) ბიუჯეტის სასარგებლოდ ზუსტად იმ რაოდენობით, რამდენსაც იღებენ მინისტრი და სხვა თანამდებობის პირები იმდენ საათში, რამდენითაც მათი აბდაუბდის გამო მოწყდნენ საქმეს.

უფ, მგონი "გამოვედი"... დავანთხიე ბოღმა...

თუმცა, ახლა გადავიკითხე რაც დავწერე და მაინც სიმართლე დამიწერია. თანაც სხვა ბევრი არაფერი მომხდარა ოპერის უფროსის გადადგომის გარდა და იმედია, "ნაპრაზდნიკებს" მაინც მომაყრიან თემებს ქართველი პოლიტიკოსები და ბომონდი, ეგენი ხომ ნიჭიერები არიან უმსგავსობების კეთებაში.

პ.ს. ზემოთ სპეციალურად ჩავწერე, ცოტა უხეში ფრაზები არ ჩამისწოროთ-მეთქი. მათ გასაგონად, ვინც ამის გამო რამეს დამაბრალებს: თქვენი მონა-მორჩილი ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, რამდენიმე წელი უვლიდა ეგეთ ხალხს და თქვენს საქმეს მიხედეთ!

"თქვენს საქმეში" კი, აი, რას ვგულისხმობ: ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ გრანტებზე გაფაციცებული ზოგიერთი "ენჯეო" უკვე ამზადებს "პროექტს" დასავლეთში გასაგზავნად, როგორ უნდა დაიცვას მედიაში მიუსაფართა უფლებები და დაიცვას ისინი ჩინოვნიკებისა და მედიისაგან არასათანადო მოპყრობისგან. ზუსტად ვიცი და გაფრხილებთ: ყოველ კაპიკს დაგითვლით, რასაც ამ "საქმეში" მიიღებთ.