"გაუფასურებული ლარი "ბრწყინვალე" საშუალებაა ბიუჯეტში დანაკლისის შესავსებად" - კვირის პალიტრა

"გაუფასურებული ლარი "ბრწყინვალე" საშუალებაა ბიუჯეტში დანაკლისის შესავსებად"

ხელისუფლება ლარს ხელოვნურად აუფასურებს?

"სეზონურობას პირიქით უნდა გამოეწვია ლარის კურსის გამყარება"

საქართველოს ეკონომიკა დღითიდრე ემსგავსება ბნელ ოთახში დამწყვდეულ შავ კატას, რომელის დაჭერაც ძნელია მისი ფერის, სიბნელის და დაჭერის გეგმის არარსებობის გამო. ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ და პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესებაზე ყოველდღე ამახვილებს ყურადღებას, ჩასაფრებულის პოზიციაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა", თუმცა ეკონომიკური მაჩვენებლის სწრაფი ვარდნა არც ეკონომიკის ექსპერტებს აძლევთ დამშვიდების საშუალებას. მიუხედავად ეკონომიკური მდგომარეობის ცალსახა გაუარესებისა, ხელისუფლება თავის დამშვიდების პოზიციაშია და მოსახლეობის დარწმუნებასაც ცდილობს იმაში, რომ რომ დაპირებულ 60 საწარმოზე მეტიც ააშენა და 30 ათასი უმუშევარიც დაასაქმა ამ ერთი წლის განმავლობაში. "ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო"- თუ აშენდა, რატომ არ გვესმის ქარხნების ხმაურიო, ხუმრობენ ისინი, ვისაც სიცილის ხალისი ჯერ კიდევ აქვთ. თუ დასაქმდნენ ჩემს ოჯახში, რატომ ვართ ყველა უმუშევარი, კითხულობენ სხვები. საქართველოში ეკონომიკური ზრდის შეფერხების შესახებ "კვირის პალიტრა" ექსპერტ ლევან კალანდაძეს ესაუბრა.

ლევან კალანდაძე:

- სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებელი არის ძალიან დაბალი. 2014 წლის ბიუჯეტში ყველა პარამეტრში - საშემოსავლო, მოგების, თუ დამატებული ღირებულების გადასახადში კლება გვაქვს. ასეთი მაჩვენებელი იმას ნიშნავს, რომ წელს ეკონომიკური აქტივობა კიდევ უფრო ნაკლებად იქნება განხორციელებული. ვშიშობ, რომ 2014-ში 5% ზრდის დაფიქსირებას ვერ შეძლებს ქვეყანა.

- რატომ არის ეს მონაცემები საეჭვო, გნსაკუთრებით მაშინ, როცა მსოფლიო ბანკიც გვაიმედებს და ეკონომიკის ზრდის 6 პროცენტამდე მიღწევას პროგნოზირებს?

- მსოფლიო ბანკის პროგნოზი რეალურად იმ შესაძლებლობების დემონსტრირებაა, რომლის მიღწევაც ქვეყანას ამა თუ იმ სიტუაციაში გააჩნია. მე არ ვაყენებ მათ პროგნოზს ეჭქვეშ, მეტიც, ვეთანხმები, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, მსოფლიო ბანკის პროგნოზი გაამართლოს. მაგრამ ერთია პროგნოზი და მეორეა, აკეთებ თუ არა ყველაფერს წარმატების მიღწევისთვის. 2013 წლის დასაწყისშიც გვიწინასწარმეტყველეს 6 პროცენტიანი ზრდა, მაგრამ საქმეს თავი ვერ გავართვით და მათი მოლოდინი ვერ გავამართლეთ.

- ეკონომიკური ზრდის მხრივ პრობლემა რომ არის, ამას არც ხელისუფლება უარყოფს, მაგრამ გადაჭარბებული ხომ არ არის თქვენი სკეპტიციზმი 2014 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით?

- როცა ყველა გადასახადში სახელმწიფოს კლება აქვს, რაც ეკონომიკურ აქტივობას შეანელებს, რის ხარჯზე ვაპირებთ 5% ეკონომიკური ზრდის მიღწევას? იმის ხარჯზე ხომ არა, რომ მილიარდ 630 მილიონი ლარის სესხად აღებას ვაპირებთ ამ წელში? თუ ამაზე არ ამახვილებენ ყურადღებას, მთლად უარესია, რადგან უნდა იცოდნენ, რომ ეს სესხი ვერ მოხმარდება ეკონომიკურ ზრდას. ამ თვალსაზრისით წინასწარვე განწირულია ეკონომიკური ზრდის ის მაჩვენებელი, რაც ფიქსირდება ბიუჯეტში.

- ქვეყანაში ეროვნული ვალუტა გაუფასურდა, რამაც გავლენა მოახდინა პროდუქტების ფასის ზრდაზე. ხელისუფლება თავს იმართლებს და ლარის გაუფასურებას სეზონურობას უკავშირებს. ხომ არ აკლია ფინანსთა მინისტრის ამ არგუმენტს დამაჯერებლობა?

- საინტერესო ის არის, რომ სეზონურობას პირიქით უნდა გამოეწვია ლარის კურსის გამყარება. წლის ბოლოს, სეზონურობა ლარზე დადებით ფაქტორად უნდა ასახულიყო. მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი პირდაპირი გზავნილების მოცულობაც უცხოეთიდან საქართველოში, რასაც ასევე ლარის გამყარება უნდა გამოეწვია. არის მესამე ფაქტორიც, 2013 წელს გაზრდილი იყო ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, რასაც ასევე ადგილობრივი ვალუტის გამყარება უნდა მოჰყოლოდა.

- თქვენი ანალიზით ხომ არ გინდათ მიგვანიშნოთ იმაზე, რომ ხელისუფლებამ ხელოვნურად წარმოშვა ლარის გაუფასურების პროცესი?

- არ გამოვრიცხავ ამ ვერსიასაც. შეიძლება, ხელოვნურად იყოს ლარის კურსის გაუფასურების პროცესი დაწყებული. ეკონომიკას აქვს მსგავსი ლავირების საშუალება. გაუფასურებული ვალუტა არის "ბრწყინვალე" საშუალება გარღვეულ ბიუჯეტში არსებული დეფიციტის დასაფარად. ასევე წლის დასაწყისში "ბრწყინვალე" საშუალება იმის, რომ ხელისუფლებისთვის, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი გადაფაროს და ამ გზით მოახდინოს ბიუჯეტის მაჩვენებლების "შელამაზება". მაქვს ეს ეჭვი, თუმცა ამას დადასტურება სჭირდება.

- ბოლო დღეებია მედიამ აქტიურად აიტაცა ხადურის განცხადება, საქართველოში უმუშევრობის დონის კლებასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა ეკონომიკური მაჩვენებლები ეცემა, ლოგიკას მოკლებული ხომ არ არის უმუშევრობის შემცირებაზე საუბარი?

- ცოტა არაადექვატური არგუმენტაცია იყო წარმოდგენილი უმუშევრობის კლება ხმამაღალი განცხადების მხარდასაჭერად. პრაქტიკულად, ჩვენ ვერ ვნახეთ წლის განმავლობაში ვერცერთი ახალი საწარმო, რომელიც ხელისუფლების მიერ და მათი ინიციატივების შედეგად გაიხსნა. ამ თვალსაზრისით 30 ათას ახალ სამუშაო ადგილზე აპელირება არასწორად მიმაჩნია. ხადურის განცხადებაში მთავარ პრობლემად იმას ვხედავ, რომ ხელისუფლებას ჰგონია, რომ თავად უნდა შექმნას სამუშაო ადგილები. ეს არასწორი მიდგომაა. ხელისუფლების დანიშნულებაა შექმნას და გაატაროს ცხოვრებაში ისეთი პოლიტიკა, რაც ხელს შეუწყობს კერძო ბიზნესის განვითარებას.

- ჩვენ ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ, თუმცა არაფერი გვითქვამს იმაზე, თუ რა გაკეთდა წელიწადნახევრის განმავლობაში, ნუთუ არ მომხდარა ისეთი დადებითი ცვლილება, რომლის აღნიშვნაც შეიძლება?

- ბუნებრივია ყველა საკითხში კრიტიკა დაუშვებელია და, აუცილებლად უნდა ვისაუბრობდეთ იმაზე, რისი მიღწევაც შეძლო დღევანდელმა ხელისუფლებამ. საინტერესოა ახალი კანონი კოოპერატივების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას ქვეყანაში. უნდა ავღნიშნოთ, რომ კარგად ჩატარდა რთველი და ამან სტიმული შესძინა გლეხებს და მცირე ფერმერულ მეურნეობებს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ენერგეტიკის სამინისტრო ხდება დიდი ენერგეტიკული პროექტების ინიციატორი. ხელისუფლება და მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანაში მორგებული უნდა იყოს იმ საჭიროებებზე, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას სჭირდება.

უტა ბიწაძე (სპეციალურად საიტისთვის)