"ღარიბაშვილთან ბევრი შენიშვნა მაქვს, თუმცა ბევრ რამეს გამოუცდელობას ვაბრალებ"
"განსაკუთრებით უადგილო იყო იმაზე ლაპარაკი, რომ წინა ხელისუფლება არ ვარგოდა"
"სავსებით შესაძლებელია, მავთულხლართები თბილისი-გორის ტრასაზეც ვიხილოთ"
"დასაჯერებელია თუ არა სუბარის არგუმენტები, ეს სუბარს უნდა მოვკითხოთ"
"ისრაელში მიიჩნევენ, რომ აგვისტოს ომის შედეგად დაკარგული იარაღი კეზერაშვილმა გაყიდა"
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართული და უცხოური მედიისთვის პირველი პრესკონფერენცია გამართა, ჟურნალისტთა შეკითხვებს პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად უპასუხა. პრემიერი-მინისტრის პირველი პერკონფერენციის შეფასება ექსპერტ მამუკა არეშიძეს ვთხოვეთ:
- ეს პირველი პრესკონფერენცია იყო და ბევრი რამ არ მომეწონა, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ მან განაცხადა, რომ ასეთ შეხვედრებს რეგულარული სახე ექნება, ძალიან მომეწონა. ჩანს, რომ ღარიბაშვილმა ფაქტობრივად აიღო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობა. თუმცა, უამრავი შენიშვნა მაქვს, ზოგჯერ პასუხები იყო არადამაჯერებელი, სხვა შემთხვევაში პრემიერი პასუხს იძლეოდა წინა ხელისუფლებასთან შედარების პრინციპით, ანუ იმის ხაზგასმით, რომ ისინი ცუდები იყვნენ და ესენი უკეთესები არიან.
- შეკითხვები დაისვა იმ საფრთხეებზე, რაც რუსეთიგან გვემუქრება. პრემიერმა კი განაცხადა, რომ ის მნიშვნელოვან პროვოკაციებს რუსეთისგან არ ელის…
- როგორც მახსოვს, კონკრეტულ შეკითხვაში უკრაინის მაგალითი იყო ნახსენები, რაზეც პრემიერმა ბრძანა, რომ საქართველო რუსეთზე უკრაინის მასშტაბით არ არის დამოკიდებული, რაც სწორად არ მიმაჩნია. ეკონომიკურად შეიძლება, არა ვართ დამოკიდებული უკრაინასავით, მაგრამ პოლიტიკური თვლსაზრისით, ვიდრე არსებული ვითარება გაგრძელდება აფხაზეთსა და ე.წ. სამხეთ ოსეთში, მანამდე რუსეთს ყოველთვის ექნება ჩვენზე ზემოქმედების სამხედრო-პოლიტიკური ბერკეტები. არ ვიცი, მნიშვნელოვან პროვოკაციაში პრემიერი მაინცდამაინც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე სამხედრო შემოჭრას გულისხმობდა თუ არა, ამას არც მე ველი, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ მავთულხლართების გავლება კვლავაც გაგრძელდეს და ერთ მშვენიერ დღეს თბილისი-გორის ტრასაზეც ვიხილოთ, ამიტომაც ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები ირაკლი ღარიბაშვილს.
- ვანო მერაბიშვილის სკანდალური განცხადების თაობაზე რამდენად დამაჯერებელი იყო პრემიერის პასუხი?
- რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის თემას, ღარიბაშვილმა არგუმენტაციად მოიყვანა სოზარ სუბარის განმარტება, დასაჯერებელია თუ არა სუბარის არგუმენტები, ეს სხვა საქმეა და სუბარს უნდა მოვკითხოთ. ამაზე მიანიშნებდა ღარიბაშვილი, როდესაც არა ერთხელ თქვა ფრაზა: "მე ასეთი ინფორმაცია მომაწოდეს", მას არ უმტკიცებია, რომ ეს აბსოლუტური სიმართლეა. ისე, მერაბიშვილი არის ადამიანი, რომელსაც უამარავი ამგვარი და უარესი რამ აქვს ჩადენილი. ვახტანგ მაისაიას ვუსმენდი ცოტა ხნის წინ, რა ღამის გამოყვანა, 22 დღის განმავლობაში ეს ადამიანი ყოველ დღე გაჰყავდათ საკნიდან და სცემდნენ.
კარგი იქნებოდა, მეტი დრო დაეთმოთ ეკონომიკაზე მსჯელობისთვის. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი. შეკითხვები ამ თემაზე ისედაც ცოტა იყო, მაგრამ რაც იყო, იმაზეც არ ვარგოდა პრემიერის პასუხები. მან ილაპარაკა ისევ იმაზე, რომ წინა ხელისუფლება არ ვარგოდა, რაც განსაკუთრებულად უადგილო იყო, უკეთესი იყო მოგვესმინა საქართველოს ეკონომიკის ხვალინდელი დღის თაობაზე მკაფიო განმარტებები. მოკლედ, ღარიბაშვილთან ბევრი შენიშვნა მაქვს, თუმცა ბევრ რამეს გამოუცდელობას ვაბრალებ.
- კითხვა, რომელსაც ღარიბაშვილმა თავი აარიდა, რაფალიანცის უმძიმესი საქმეა, თუმცა მანამდე მთელი წლის განმავლობაში მისგან გვესმოდა, რომ საქმე მალე გაიხსნებოდა…
- მეც ბევრს ვლაპარაკობდი ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიებაზე, მაგრამ როდესაც მომიწია საქმეში უფრო ღრმად ჩახედვა, ეს საკითხი უფრო მრავალშრიანი აღმოჩნდა. ერთია პოლიტიკური განცხადებები და მეორეა გამოძიება. ჩვენ ემოციურ ნიადაგზე ბევრს ვამბობთ ხოლმე და ვაჭარბებთ შეფასებებში. რაფალიანცის ამბავი მართლაც ბნელით მოცული ისტორიაა, შეიძლება გიორგი ღვინიაშვილი მართლაც არ არის დამნაშავე, მაგრამ ისმის კითხვა, მაშ, რატომ განადგურდა ყველა სამხილი. დღეს ხელს იშვერენ ბავშვის ოჯახის წევრებისაკენ, მგარამ მე ძალიან მაფიქრებს ამ მტკიცებულებების განადგურება…
- ამ დღეებში გასაჯაროვდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელით დაწერილი წერილი, რომელშიც ის საფრანგეთის მთავრობას კეზერაშვილის თაობაზე წერს…
- კეზერაშვილის შემთხვევაში ჩემთვის ყველაფერი ნათელია, უამრავ ადამიანთან მქონდა ლაპარაკი, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და არაბულ სამყაროშიც, კეზერაშვილის თაობაზე ყველა ერთ აზრზეა. ისრაელის წარმომადგენელ გადამდგარ სამხედროებთან საუბრისას, მათ მითხრეს, ეს თქვენ გაიგეთ ახლა, თორემ ჩვენ ყველამ ვიცოდით რითი იყო კეზრეაშვილი დაკავებულიო. მათი თქმით, ისრაელისთვის უდიდესი დარტყმა იყო ის, რომ კეზერაშვილმა აგვისტოს ომის შემდეგ რუსებს მისცა საშუალება, ხელში ჩაეგდოთ ის ტექნოლოგიები, რაც ისრაელმა მისცა საქართველოს. ისრაელში მიიჩნევენ, რომ აგვისტოს ომის შედეგად დაკარგული იარაღი დაკარგული კი არ არის, არამედ გაყიდულია კეზერაშვილის მიერ. ამას ყველაფერს ახლა დამტკიცება სჭირდება.
- სააკაშვილის წერილი ამ საქმეზე რაიმე გავლენას მოახდენს?
- ვერავითარს. კეზერაშვილი დაპატიმრებულია უპირველესად იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის სპეცსამსახურს მისცა ამის საბაბი, განასკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებს.
- ბატონო მამუკა, როგორ ფიქრობთ, შედგება მისი ექსტრადიცია საქართველოში?
- მათთვის მთავარი იყო ის ინფორმაცია, რაც დარწმუნებული ვარ, რომ კეზერაშვილისგან უკვე მიიღეს, აქედან გამომდინარე, ვუშვებ, რომ შეიძლება ექსტრადიცია შედგეს. ძალიან ბევრი ფული აღმოჩნდა იმ ანგარიშებზე, ევროპული გამოცემები უკვე პირდაპირ მოიხსნებებენ კეზერაშვილს "პარტიის ხაზინადარად."
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)