"პატარა ნაბიჯები... ზედ მდინარესთან წყდებოდა" - ვანში 6 წლის გოგონა დაიკარგა - კვირის პალიტრა

"პატარა ნაბიჯები... ზედ მდინარესთან წყდებოდა" - ვანში 6 წლის გოგონა დაიკარგა

"ბავშვი შეშინებული იყო და გაიძახოდა, - ჩემი და დავკარგე, არ ვიცი სად წავიდა, მდინარეზე კი ჩავედით, მაგრამ რომ ამოვედით და უკან მივიხედე, აღარ მომყვებოდაო"

ვანის რაიონის სოფელ შუამთაში მომხდარმა უბედურებამ მთელი სოფელი დაზაფრა, - სოფელმა პატარა გოგონა, მედეა ადეიშვილი დაკარგა. ის მხოლოდ 6 წლის არის. ტრაგედიას, რომელიც გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო მოხდა, არც მიზეზი აქვს, არც საბაბი. რაც მით უფრო აღრმავებს დრამას. დაკარგული გოგონას ოჯახს არც აქამდე ულხინდა და ახლა სულ გაუბედურდნენ - ადეიშვილები აფხაზეთიდან ლტოლვილები არიან და წლების მიუხედავად, ვანში ფეხის მყარად მოკიდება ვერ შეძლეს, - ჯერ სოფელ ყუმურში ცხოვრობდნენ, მერე კი შუამთაში გადასახლდნენ იქ კი მიწის დამუშავებით ირჩენენ თავს. დევნილების ოჯახს 6 წლის მედეას გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს, მეოთხეზე ბავშვების დედა ფეხმძიმედ არის.

უბედურების დღეს, 15 დეკემბერს, დაახლოებით 2 საათზე ოჯახის მამამ უფროს შვილს, 7 წლის ლევანს სთხოვა, - ფულს გაგატან, სოფლის ცენტრში წადი და მაღაზიაში სიგარეტი მიყიდეო. სახლიდან წასვლით საბაბით გახარებულმა ბავშვმა მამას ფული გამოართვა და დავალების შესასრულებლად გაიქცა. ამ დროს მისი უმცროსი დაც გამოჩნდა და ძმას გაედევნა, - მეც მინდა მაღაზიაში წასვლაო. ბავშვები დაახლოებით ნახევარ კილომეტრში მდებარე სოფლის მაღაზიაში დაახლოებით ნახევარ საათში მივიდნენ, საიდანაც გამყიდველმა უარით გამოისტუმრა, - მამთქვენს უთხარით, რომ სიგარეტს არ გატანთ, რადგან პატარები ხართ, თავად მოვიდეს და სიგარეტიც თავად წაიღოსო. როგორც ჩანს, უარმა და-ძმა დიდად არ დაადარდიანა, - სახლის ნაცვლად მაღაზიასთან დახლოებით 50 მეტრის მანძილზე მდებარე მდინარე ყუმურისკენ გადაუხვიეს სათამაშოდ. საუბედუროდ, ეს თამაში საბედისწერო აღმოჩნდა...

სოფრომ მამფორია, ოჯახის ახლობელი:

- რა ვთქვა... მთელი სოფელი გონზე ვერ მოსულა ამ უბედურებისაგან, ბავშვის დედ-მამას ახლა თითქოს რაღაც ფუნქცია აქვს, ელოდებიან მათი შვილის ცხედარს როდის აღმოაჩენენ და მანამადე ვითომ მაგრად არიან, როგორი ამბავია, - დედა ფეხმძიმედ არის... როგორია ასეთი უბედურების გადატანა ფეხმძიმე ქალისთვის! ბავშვის მამაც შოკშია, თავჩაქინდრულმა რამდენჯერ ყრუდ თქვა, ეს რა მომივიდაო. მტერსაც არ ვუსურვებ ასეთ უბედურებას. როცა და-ძმიდან სახლში მარტო ბიჭი დაბრუნდა დაახლოებით 4 საათი იყო. ბავშვი შეშინებული იყო და გაიძახოდა, - ჩემი და დავკარგე, არ ვიცი სად წავიდა, მდინარეზე კი ჩავედით, მაგრამ რომ ამოვედით და უკან მივიხედე, აღარ მომყვებოდაო. საცოდავი მამამისი მაშინვე გამოვარდა შვილის საძებნელად და სწორედ ამ დროს შევხვდით გზაზე. მარტო რას გავუშვებდით და ჩვენც გავყევით. მაშინვე ვნახეთ პატარა ნაბიჯები მდინარის პირას... ზედ მდინარესთან წყდებოდა.

- მდინარე ღრმაა?

- არა. ყუმურში ზაფხულობით ბავშვები სულ ჭყუმპალაობენ და ზოგან წყალი მუხლებამდეც არ სწვდებათ. იმ დღეს კი იყო ცოტა ადიდებული, რადგან წინა დღეს მთაში თოვდა, მაგრამ თითქოს წყალი იმხელა არ იყო, ბავშვს მორეოდა. უკვირს ყველას, - 6 წლის ბავშვი ამ წყალმა როგორ წაიღოო. მაგრამ ახლა ზამთარია, ეტყობა, ფეხი დაუცდა, წყალში ჩავარდა, წყალი კი ისე ყინულივით ცივი იყო ხელისა და ფეხის გაქანებაც ვერ შეძლო... სხვა არ ვიცი რა ვთქვა...

- გაჭირვებული ხავსს ეჭიდება... ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ უბედურებას საზღვარი არ აქვს, ხომ შეიძლება სხვა რაიმე გაუთვალისწინებელიც მომხდარიყო და გოგონა ცოცხალიც იყოს. მდინარესთან შეწყვეტილი ნაბიჯების გარდა მისი რაიმე სხვა ნივთები იპოვეთ?

- ეგ რანაირად უნდა ვიფიქროთ… გოგონას ძმა ცოტა გონზე რომ მოვიყვანეთ და დავამშვიდეთ, გვითხრა, - მეც დავინახე ჩემი დაიკო წყალში რომ ჩავარდაო და დადუმდა. იმავე დღესვე, სოფელმა პატარა ჟაკეტი ვიპოვეთ. ერთმა ჩვენმა სოფლელმა, - ბავშვები მაღაზიაში რომ მიდიოდნენ, მე შემხვდნენ გზაზე და გოგოს ეს ჟაკეტი ხელში ეჭირაო. მეორე დღეს მაშველებმაც იპოვეს რამდენიმე მეტრში პატარა ქუდიც.

- მაშველები მდინარეში ეძებენ ბავშვს?

- არა, მდინარეში რა ძებნა უნდა, არც ისე ღრმაა, რომ ბავშვი ისე ჩაძიროს, ვერავინ დაინახოს... მაშველები მდინარის პირას დადიან და ბავშვს იქ ეძებენ.

- ასე ხომ სოფელიც მოძებნიდა...

- ღამეები არ გვძინავს, მაგრამ ვერ მოვძებნეთ. ყუმარს ძალიან ბევრი მდინარეს შლამი და სილა მიაქვს ნაპირებთან. მაშველები იქ ეძებენ ბავშვს. თანაც ყუმური მდინარე რიონს ერთვის და ბოლოს ზღვაში ჩადის. ხომ შეიძლება იქაც საჭირო გახდეს ძებნა...

… პატარა მედიკოს შესახებ მისი ატირებული მეზობელიც გვესაუბრა, - ქალბატონი ნინო ლიპარტელიანი:

- ეს რა უბედურება მოხდა, განადგურდა ოჯახი! ამ ბავშვის თვალები გონებიდან არ ამომდის, მათ პირდაპირ ვცხოვრობ და ხშირად მოდიოდნენ ჩემთან. თანაც ჯერ არ მინახავს და-ძმას ასე ყვარებოდათ ერთმანეთი, - ლევანს კამფეტს რომ მივცემდი, მედეას არ მიცემო, მეკითხებოდა… და ხომ დაიკარგა, ძმამაც საშინელი სტრესი მიიღო, რა ეშველებათ, არ ვიცი…

ამის შემდეგ მათ ბოდიში მომიხადეს, - ღამდება, მაგრამ ბავშვის საძებნელად მაინც მივდივარ, სახლში გაჩერებას რა აზრი აქვს, მაინც მთელ სოფელს არ გვძინავსო. მეც გულდამძიმებული დავემშვიდობე, - ის ღვთიური საჩუქარი, რომელსაც უფალი ბავშვის სახით გვაძლევს, ჩვენი მთელი ცხოვრების არსი და აზრია. მას საკუთარ სიცოცხლეზე მეტად სჭირდება მოფრთხილება და მოვლა. თუმცა ისეთი მოვლენებიც არსებობს, რომელსაც ჩვენ კონტროლს ვერ ვუწევთ, რომ არსად განმეორდეს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)