"ევროპა მწარედ გვატყუებს... ლეფორმა თქვა ის, რასაც ბრიუსელის კულუარებში ლაპარაკობენ"
"ერთი ადგილის კანკალით ითხოვეს, ლეფორს დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა"
"ნებისმიერი პრესტიჟული სახელმწიფო ლეფორს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა"
"ლეფორმა ნამდვილად თქვა - ოსმა ხალხმა უკვე გადაწყვიტა თავის მომავალიო"
რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სპეციალური წამომადგენელის და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარის, ფილიპ ლეფორის მიერ ცხინვალში გაკეთებული განცხადება ისევ განსჯის საგანია. შეგახსენებთ, რომ ფილიპ ლეფორმა სამხრეთ ოსეთში, ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრისას განაცხადა – "სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსი დიდი ხანია განსაზღვრულიაო". თავდაპირველად საქართველოში მიიჩნიეს, რომ ლეფორის ნათქვამი ოსურმა მედიამ განზრახ დაამახინჯა, მაგრამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეხვედრისას ევროპელ დიპლომატს თავისი განცხადება არ უარუყვია, თუმცა ტრივიალურად აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. ლეფორის სკანდალურ განცხადებასა და ვიზიტზე კომენტარი პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ვთხოვეთ:
- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მხრიდან იყო ნულოვანი ადეკვატურობა. ძალიან მოწიწებით, ერთი ადგილის კანკალით თხოვეს ლეფორს, რომ რაიმე განმარტება გაეკეთებინა და დაეზუსტებინა, რას გულისხმობდა. მე ეჭვი მაქვს, რომ ლეფორს უთხრეს –საქართველოში ამას მოყვება ძალიან ცუდი რეაქცია, ნუ დაგვღუპავთო და ლეფორმაც სამადლოდ თქვა – ევროკავშირი აღიარებს თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასო. მაგრამ ფაქტია, რომ სამაჩაბლოში ვიზიტისას ნამდვილად თქვა – ოსმა ხალხმა უკვე გადაწყვიტა თავის მომავალიო. ეს არ ეკადრება არა თუ ევროკავშირის წარმომადგენელს, არამედ ისეთ ადამიანსაც კი, ვინც საერთაშორის სამართალში ოდნავ მაინც არის გარკვეული, ვინაიდან იმ რეგიონში მხოლოდ ოსები არ ცხოვრობენ, იქ ცხოვრობდნენ ქართველებიც, რომლებიც გამოყარეს. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოება უკვე კანონიერ რეალობად აღიქვამს (რომლის შეცვლაც აღარ შეიძლება) იმას, რომ აფხაზეთში ქართველები აღარ არიან და აფხაზეთი არის მხოლოდ აფხაზების სამშობლო, ხოლო სამაჩაბლო არის მხოლოდ ოსების სამშობლო და ძალიან ცუდია, რომ ჩვენი მხრიდან ამაზე რეაგირება არ ხდება. მეფის რუსეთის მიერ ჩატარებული აღწერით ცხინვალში მხოლოდ ორი ოსური ოჯახი ცხოვრობდა და როგორ შეიძლება, ის მხოლოდ ოსების სამშობლოდ ჩაითვალოს?!
- თვითონ ევროკავშირმა არ უნდა გააფრთხილოს ლეფორი ამ განცხადების გამო?
- რატომ გააფრთხილებს, როდესაც ლეფორმა ევროკავშირის არაოფიციალური პოზიცია გაახმოვანა. ამ კაცმა თქვა ის, რასაც კულუარებში ლაპარაკობენ. ჩვენ შინაგანად ვკარგავთ ადეკვატურობის გრძნობას და ყველანაირად ვცდილობთ გავამართლოთ ევროკავშირის ნებისმიერი საქციელი. მე არა მაქვს ლაპარაკი მხოლოდ ხელისუფლებაზე. ჩვენ ვცდილობთ გავამართლოთ ის, რისი გამართლებაც არ შეიძლება. იცით როგორი ტენდენციაა, თუ ევროპის მიმართ რაიმე საყვედური გამოთქვი, მაშინვე პრორუსული ორიენტაციის ადამიანად მოგნათლავენ და რუსეთის აგენტობასაც დაგაბრალებენ. ასეთი ტენდენციები სიკეთის მომტანი არაა. ჩვენ ჩვენი პოზიცია ევროპასთანაც უნდა დავიცვათ და რუსეთთანაც. აბა ფილიპ ლეფორს ან რომელიმე ევროპელ დიპლომატს, ისრაელისთვის გაებედა და ეთქვა, პალესტინელებმა გადაწყვიტეს, სად არის მათი სამშობლო და ანგარიში გაუწიეთო. ყველა ვნახავდით ამას რა მოჰყვებოდა, ისრაელი არ მოისვენებდა, სანამ ასეთ ვაი-დიპლომატს სამსახურს არ დაატოვებინებდნენ.
- ბატონო სოსო, რამდენად სწორი ნაბიჯი იქნება, რომ ჩვენა საგარეო უწყებამ ლეფორი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადოს?
- ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ცდილობს დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და პრესტიჟი, სწორედ ასე მოიქცეოდა. იგივეს გავიმეორებ: ფილიპ ლეფორი ათჯერ დაფიქრდებოდა, სანამ ისრაელთან დაკავშირებით ან სხვა რომელიმე ევროპულ ქვეყანასთან დაკავშირებით იტყოდა ასეთ რამეს. მას რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა აზერბაიჯანთან დაკავშირებით და ეთქვა - მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანისაა ან პირიქით, მთიანი ყარაბაღი სომხეთის არისო, ყველა ვნახავდით ერევნიდან და ბაქოდან რა რეაგირება მოყვებოდა ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ოღონდ ევროპას არ ვაწყენინოთ, ყველაფერს ვყლაპავთ. შევარდნაძის დროს იყო, რომ რუსეთი არ უნდა გაგვენაწყენებინა, ეხლა რუსეთი ევროპამ შეცვალა. ამასობაში კი ევროპა მწარედ გვატყუებს. ათჯერ შეგპირდა მაპს და არ მოგვცა, ამ დროს ვამბობთ, მერე რა, სხვა დროს ხომ მოგვცემსო, მაგრამ იმას არ ვუკვირდებით თუ რატომ არ მოგცა. სექტემბერში შოტლანდიაში, ნატოს სამიტზე კიდევ ერთხელ მოხდება ჩვენი იმედების გაცრუება, მაგრამ იტყვიან, მერე რა, დღეს თუ არა ხვალ ხომ აუცილებლად მოგვცემენ მაპს, ხვალ არა და ზეგ, ზეგ არა მაზეგ და ასე დაუსრულებლად... არადა, ხომ ხედავთ დღეს რა ურთიერთობა აქვთ ევროპას და რუსეთს. რუსეთი დასავლეთს უკვე აღარ ერიდება. სამი ფრონტი გაუხსნა: უკრაინა, ირანის საკითხი და სირიის საკითხი, ასეთ რამეს, რომ ცივი ომის სამი ფრონტი ერთდროულად ჰქონოდა, საბჭოთა კავშირი ვერ ბედავდა და ამას ბედავს რუსეთი. თქვენ რა, ფიქრობთ კრემლში სულელები სხედან?! არა, მათ კარგად იციან, ვისთან აქვთ საქმე. უკრაინას სანქციებით ემუქრება ვაშინგტონი, ბრიუსელი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კრემლიც. უკარინისთვის ყველაზე საშიში და რეალური საფრთხე კრემლია, რადგან 15 მილიარდიანი ტრანშეს თუ შეწყვეტს რუსეთი, უკრაინა რა დღეშიც ჩავარდება, ყველასთვის ნათელია.
ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)