კოკო გამსახურდია: "ჩვენ დავრჩებით მსოფლიო პროვინციად და კულტურულ მაჩანჩალად"
"გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ჩვენი ქართველობა უყურებს თურქულ სერიალებს"
"ეკლესიის აშენება და ძვირადღირებული ჯიპის შეძენა ჩვეულებრივი ამბავია, აი, ფასეული ფილმის ან წიგნის დაფინანსება - ამის წარმოდგენა, ცოტა არ იყოს, მიჭირს."
"სულთანი სულეიმანის ეპოქა მართლაც გამორჩეულია ოსმალეთის ისტორიაში, ამიტომაც უწოდეს პოპულარულ სერიალს "დიდებული საუკუნე". თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც სულეიმანი, არც ოთხ ზღვაზე გადაჭიმული იმპერიის სხვა მმართველები ცნობდნენ დამოუკიდებელ სამეფოს "საქართველოს" სახელით. მათთვის ეს ქვეყანა ხან თავიანთ ნაწილად მოიაზრებოდა, ხანაც მათი მტრის, ირანის ნაწილად. ისინი ერთმანეთს ხან სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ, ხანაც დაზავდებოდნენ ხოლმე და შუაზე გაიყოფდნენ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს... ამიტომაც გასაკვირია ის ხბოს აღტაცება, რომლითაც ჩვენი ქართველობა უყურებს ამ სერიალს. იგივე იქნებოდა მსგავსი განწყობით შეგვეხედა სერიალისთვის "ნიკოლოზ პირველი" - ყველაზე დიდხანს ტახტზე მყოფ რუსეთის იმპერატორზე, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მეფობდა. საფილმოდ გამოდგებოდა, მაგალითად, მაიკო ორბელიანის ეპიზოდი - ეს ის ქალია, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ იმპერატორს ქართველმა თავად-აზნაურობამ პირდაპირ საძინებელში მიჰგვარა... წინადადება მაქვს, ქართველებმაც გადავიღოთ სერიალები - "დავით აღმაშენებელი", "ბაში-აჩუკი" და "სოლომონ მეორე". ვნახოთ, გაუშვებს თუ არა მათ რომელიმე თურქული ტელეარხი. ასევე მაინტერესებს, მოუთმენლად დაელოდებიან თუ არა თურქი დიასახლისები და ახალგაზრდა ქალბატონები ყოველი ახალი სერიის დაწყებას"..
ეს სიტყვები კონსტანტინე გამსახურდიამ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა...
- ბატონო კონსტანტინე, როგორ ფიქრობთ, რატომ მოიხიბლა საქართველოს მოსახლეობა ასე თურქული სერიალებით, რა არის ამის მიზეზი?
- ალბათ იმიტომაც, რომ ჩვენი კინოინდუსტრია სუსტია, ვერ ქმნის ისეთ პროდუქციას, რომ კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნის სერიალებს. ეს თავის მხრივ, ქვეყნის დაბალი ბიუჯეტის ბრალია - წარმოვიდგინოთ, რამდენჯერ ჩამოუვარდება საქართველოს ბიუჯეტი თურქეთის და სხვა მოწინავე ქვეყნების ბიუჯეტს.
- დავით აღმაშენებელზე საქართველოს არ შეეძლო ფილმის გადაღება?.. ჩვენ მილიონები ერთდღიან გასართობ ღონისძიებებში გადაგვიხდია...
- ეს იმ ადამიანების ფანტაზიის შეზღუდულობაც იყო, რომლებიც ასე გეგმავდნენ ქვეყნის პიარს. აქ მარტო იმ ბიუჯეტზე არაა საქმე, ადამიანები, რომლებსაც აქვთ ფინანსური შესაძლებლობები, ეკლესიების მშენებლობებს ვერ გასცდნენ. ეკლესიის აშენება და ძვირადღირებული ჯიპის შეძენა ჩვეულებრივი ამბავია, აი ფასეული ფილმის ან წიგნის დაფინანსება - ამის წარმოდგენა, ცოტა არ იყოს, მიჭირს.
- კარგი ფილმის გადაღება ეკლესიის აშენებაზე უფრო მნიშვნელოვანია?
- აშენონ ეკლესიებიც, მაგრამ სხვა სფეროებიც ხომ არსებობს?! კულტურა სხვანაირად ვერ იქმნება. კულტურას ვერ შექმნის სიღატაკის ზღვარს მიღმა მდგარი საზოგადოება, რომლის წარმომადგენლებიც ძირითადად ქვეყნიდან გაქცევაზე ოცნებობენ, არამედ ძლიერი საშუალო ფენა და აგრეთვე მეცენატები, დიდი კაპიტალის მფლობელნი, რომელთაც გული ქართულად უძგერთ და სახელმწიფოებრივადაც აზროვნებენ.
- რაში ხედავთ გამოსავალს?
- გამოსავალს განმანათლებლობაში ვხედავ, ასევე პროვინციული ცნობიერების დაძლევაში - ქართველი უნდა სწავლობდეს უცხო ქვეყნებიდან, ევროპა იქნება ეს, თურქეთი, რუსეთი თუ ამერიკა... უნდა ეზიარებოდეს მათ გამოცდილებას, მაგრამ მიუწვდომელ სიმაღლედ და გაუგონარ ფასეულობად არ უნდა მიაჩნდეს მათი არც კულტურა, არც ყოფა და არც ისტორია. მან ალბათ უფრო მეტად უნდა ირწმუნოს თავისი თავის. საქართველოში უნდა გაგრძელდეს ზვიადისა და მერაბის მიერ დაწყებული ეროვნუ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ტრადიციები და ამ პრობლემებსაც ეშველება. სხვანაირად ჩვენ დავრჩებით მსოფლიო პროვინციად და კულტურულ მაჩანჩალად
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)