პრასი არ გინდა, გვაქვს-თქვა! - კვირის პალიტრა

პრასი არ გინდა, გვაქვს-თქვა!

”კარგი” კვირა იყო (საპროვოკატოროდ): მთავრობამ დაადგინა, რომ ძვირფას ავტომობილებს აღარ იყიდის; ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა; თბილისის ბიუჯეტი ისევ ჰაერშია; უკრაინის პრემიერ-მინისტრი გადადგა; სკოლის მანდატურები მათი სამსახურის რეორგანიზაციას აპროტესტებენ; კიდევ რა... ჰო, ავტომობილების ”ტეხასმოტრი” ბრუნდება (ახალგაზრდებმა მამა-ბიძებს ჰკითხონ და ისინი აუხსნიან) და, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ისევ ”უბორდოდ” არის (თუ ”ბორდგარეშე”? სტილისტებო, მიშველეთ) - ხუთი ბორდ-ელი კვლავ ასარჩევია.

და კიდევ: ხადური და დოლარი! ამაზე უკვე სერიალის გაკეთება შეიძლება, ამჯერად კი ფინანსთა მინისტრის ახალ ”მარგალიტზე” ბოლოს ვთქვათ.

საინფორმაციო გამოშვებებისგან განსხვავებით, მე უცხოეთის ამბებით დავიწყებ და შინაურობას მერე მივხედოთ. მაშ, ასე - უკრაინა. პრემიერი გადადგა. ოპოზიციის ლიდერებს იანუკოვიჩმა თანამდებობები შესთავაზა. არ მინდოდა (წასულებზე ან კარგს ლაპარაკობენ, ან - არაფერს), მაგრამ მაინც სააკაშვილი, 26 მაისი და 7 ნოემბერი გამახსენდა: წარმოიდგინეთ, ქართველ დემონსტრანტებს მაშინ ”მოლოტოვის კოქტეილები” რომ ესროლათ პოლიციისთვის და რუსთაველი და მიმდებარე ქუჩები დაელეწათ, მერე კი სააკაშვილს მერაბიშვილი გადაეყენებინა და ბურჯანაძისთვის პრემიერ-მინისტრობა შეეთავაზებინა... აქვე, კიდევ ერთხელ - მეათასედ და ალბათ არა უკანასკნელად, ვაზუსტებ: არ ვეთანხმებოდი და არ ვეთანხმები მაშინდელი მიტინგების მოთხოვნებს და საერთოდ, ჩრდილოეთისკენ ყურება, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა ითვლებოდეს საქართველოში, მაგრამ ამ დანაშაულისთვის სასჯელი - დამცირება, წამება, მოკვლა და მაღაზიის სახურავზე შეგდება არ უნდა იყოს.

”მოქალაქე” - ასე ეწოდება ბიძინა ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციას. ”მოქალაქეთა კავშირი” სხვა იყო, არ შეგეშალოთ, ეს - ”მოქალაქეა”, მხოლობით რიცხვში. ანუ, ერთი მოქალაქე იქნება (”კაკ რაზ” საქართველოს მოქალაქეობაც აღუდგა) და დიდი და მსუყეხელფასიანი მრავალსაშტატოერთეულიანი ადმინისტრაცია, რომლებიც, სანაძლეოს ვდებ, იმ ხელფასის მეხუთედის სამუშაოსაც არ შეასრულებენ. კარგი, როგორც წასულებზე, ისე ჯერარმოსულებზეც არაფერს ვიტყვი მეტს.

მანდატურებზე ადრეც არაერთხელ მიშაყირია, დღეს კი მართლა ბოლომდე გავბრაზდი: სამსახურს გვიუქმებენო, გააპროტესტეს. აღმოჩნდა, რომ უბრალოდ სკოლის დირექტორის დაქვემდებარებაში გადაჰყავთ და ბავშვთა დაცვის ოფიცრები ერქმევათ. ე.ი. მასწავლებლებს ვეღარ ”ებლატავებიან” და არ მოეწონათ! თავხედები - მე თუ მკითხავთ, ამის გამო მოპროტესტე ყველა უნდა დაითხოვონ, ხოლო დარჩენილებს იმდენი ხელფასი მისცენ, რამდენიც არის მასწავლებლის მინიმუმი, რომ გაიგონ, სკოლაში ვინ და რა არის მთავარი.

აჰა, ისევ ვერ ვიყავი ლაკონიური და მთავრობის ამბებიც ვერ მოვასწარი: მათ იაფიან მანქანებზე და აუცილებელ ტექდათვალიერებებზე მომავალში ვისაუბროთ. დღეს კი მთავრობას შევეშვათ და ჩვენზე - ხალხზეც ვთქვათ, საზოგადოებაზე. ორი სხვადასხვა საპროტესტო აქციის მონაწილე ორი ქალბატონი მინდა გაგახსენოთ: ერთი ხაიშელია, ხანში შესული, ეტყობა, რომ დალხენილი ცხოვრება არ აქვს; მეორე ბოლნისთან, საყდრისის ისტორიული (თუ პრეისტორიული) ოქროს მაღაროს გამო, უცხოური მომპოვებელი ფირმის მუშაობის დროებით შეფერხებას აპროტესტებს. კარგად აცვია და ახურავს.

პირველი ამბობს: არ გვინდა კომპენსაცია, წინაპრების საფლავებს, ტრადიციებსა და სალოცავს ფულზე ვერ გავცვლითო; მეორე ცხარობს: რა საყდრისი, ისტორიული ძეგლი, ძეგლი ვჭამოთ?! კომენტარისგან თავს ვიკავებ, და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილი აღარ არის...

P.S.მთავრობას აღარ ვახსენებ-მეთქი, მაგრამ ეს როგორ არ ვთქვა?! ხადურმა, - ლარი კი არ გაუფასურდა, დოლარი გამყარდაო! ნუ გეშინიათ, საქართველოში წარმოებულ პროდუქტებზე ფასები არ მოიმატებსო! ”მალადეც”! ე.ი. პრასი არ გაძვირდება! ვქეიფობთ ბრეგვაძეები! მინისტრო, იქნებ გამახსენოთ, რა იწარმოება კიდევ საქართველოში? ჰოოო, კიდევ კრედიტები ”იწარმოება”, რომელთა 95% დოლარში აქვს მოსახლეობას, ხელფასებს კი კვლავ გაიაფებული ლარებით ვიღებთ...

და კიდევ ერთი, ოღონდ - არა მინისტრი, არამედ მოადგილე - ენერგეტიკის მინისტრისა - ბატონი ელოშვილი. ვინც ”ხუდონჰესის” აშენებას შეეწინააღმდეგება და ხელს შეუშლის, უმკაცრესად დაისჯებაო. იმ მოხუც სვან ქალბატონზე თქვა!

კარგი, ისევ ჩუმად ვარ, უხერხულია ჟურნალში იმ სიტყვების დაბეჭდვა, რაც ახლა გამახსენდა.

P.P.S.ამათ რა პრასი ეყოფათ?