"მე ადამიანი ვარ და არა საცდელი ობიექტი. არ მევასება ასეთი პოპულარობა" - ზიმბაბველი "სტაიანშიკის" გულისტკივილი
მიტო: "იმენა საგიჟეთია, ყველა მხრიდან სურათებს მიღებენ"
"ტუფტა ბაზარია", არავის არ ყოფნის ხელფასი, ყველას მეტი და მეტი უნდა"
აღმაშენებლის ქუჩაზე ახლად გახსნილ რესტორან "დათვებს" სტუმრების ავტომანქანებისთვის ყურადღების მისაქცევად აფრიკიდან ჩამოსული მიტო ცივა ჰყავს აყვანილი. ბოლო დღეების განმავლობაში მიტო ჟურნალისტებისთვის მეტად საინტერესო პიროვნება გახდა. "კვირის პალიტრაც" გაესაუბრა ზიმბაბველ "სტაიანშიკს", რომელიც ერთი წელია საქართველოში ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში ქართული ჟარგონებიც გვარიანად აქვს შესწავლილი. ჩვენი რესპოდენტი, როგორც მან თავად გაგვიმხილა, ძალიან გადაღალა ჟურნალისტების გადაჭარბებულმა ინტერესმა და თავიდან უარიც გვითხრა ინტერვიუზე, თუმცა მოგვიანებით მაინც დაგვთანხმდა. მიტო მეტად გონებაგახსნილი, მეგობრული და კარგი იუმორის პატრონი აღმოჩნდა.
- სიმართლე გითხრათ, დამღალა ამ ინტერვიუებმა. დავიღალე უკვე, რატომ ვარ თქვენთვის ასეთი საინტერესო, არ მესმის. იმენა საგიჟეთია, ყველა მხრიდან სურათებს მიღებენ.
- რატომ გწყინს, პოპულარული თუ ხარ და ხალხი გიცნობს, რა არის ამაში ცუდი?
- მე ადამიანი ვარ და არა საცდელი ობიექტი. არ მევასება ასეთი პოპულარობა, ავტობუსში ვერ დავმჯდარვარ ჩემთვის. ეს ყველაფერი ჩემს ფსიქოლოგიაზე ცუდად მოქმედებს.
- ანუ იმის თქმა გინდა, რომ ქართველები ცუდად გექცევიან?
- ცუდად მექცევიან-თქო, ვერ ვიტყვი, თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი ფერის გამო დაუცინიათ. სიმართლე გითხრა, როცა ვიღაც ჩემს დაცინვას იწყებს, არ მწყინს, რადგან ვაცნობიერებ, რომ ყველგან ასე იქცევიან და საქართველო გამონაკლისი არ არის. რატომ უნდა მეწყინოს, ის თუ იმდენს ვერ ხვდება, რომ ადამიანს არ უნდა დასცინოს ფერის გამო, გაბრაზებით ჭკუას ვასწავლი და მეორედ ასე აღარ მოიქცევა? პირიქით, ვერაფერს გაიგებს და უფრო აგრესიული გახდება, ამიტომ არ ვრეაგირებ და ვარ ჩემთვის.
- როგორ შეაფასებდით ამ ქვეყანას და კონკრეტულად ხალხის დამოკიდებულებას თქვენს მიმართ?
- ძალიან ბევრი ქართველი მეგობრობს ჩემთან. ვიტყვი, რომ 80 პროცენტი კარგი ადამიანი ცხოვრობს ამ ქვეყანაში, რომელიც გაფასებს და გვერდში გიდგას. ცუდი ყველგან ცხოვრობს, რამდენიც არ უნდა ეცადო, ყველა კარგი ვერ გახდება, ჯიგარო.
- ცოტა გვიან გეკითხებით მაგრამ არც ახლა იქნება უდროო, საიდან ჩამოხვედით და რა გქვიათ?
- მიტო ცივა - ეს არის ჩემი სახელი და გვარი. აფრიკიდან ვარ, ზიმბაბვე გაგიგია? აი იქედან ვარ. და-ძმა არ მყავს და მამა არასდროს მინახავს. მყავს მხოლოდ დედა და ზიმბაბვეში ცხოვრობს. ხანდახან ვეკონტაქტები ხოლმე.
- რატომ ხანდახან, არ გენატრება? უკვე ერთი წელია საქართველოში ცხოვრობ, როგორც მითხარით?
- მენატრება რა, პატარა ბიჭი ხომ აღარ ვარ. ჩემი ცხოვრება მაქვს და, როცა დავბრუნდები, ვნახავ. ლეგალურად ვცხოვრობ საქართველოში და ვმუშაობ კიდეც, აბა ისე არავინ მომცემდა სამუშაოს.
- რამდენი გაქვთ ხელფასი და გყოფნით ის ანაზღაურება, რასაც გიხდით ქართველი დამსაქმებელი?
- "ტუფტა ბაზარია", არავის არ ყოფნის ხელფასი, ყველას მეტი და მეტი უნდა. მთავარი ის არის, რომ პირობებს მიქმნიან კარგს. რესტორნის ხელმძღვანელობა მაჭმევს, მასმევს და ყურადღებასაც მაქცევენ. ამიტომ ვამბობ, რომ ზოგი თუ ცუდად მოგექცევა, ამით არ უნდა შეაფასო მთელი ქვეყანა. არიან ისეთებიც, როგორიც ეს ხალხია, ვისთანაც ვმუშაობ.
- აპირებ საქართველოში დარჩენას? ხომ არ აპირებ, ქართველი შეირთო ცოლად?
- შეყვარებული ბევრი მყავს მაგრამ საქართველოში დარჩენას და დაქორწინებას არ ვფიქრობ. არ ვიცი, ხვალინდელი დღე რას მომიტანს. დღეს აქ ვარ, ხვალ იქნებ სხვაგან წავიდე, ან საერთოდ აღარ ვიყო ცოცხალი.
- ხომ არ გეგმავ აქედან სხვა, უფრო განვითარებულ ქვეყანაში წასვლას, მაგალითად ამერიკაში? იქ ალბათ იმდენ გულისტკივილს არ იგრძნობ, რასაც აქ აწყდები.
- რა იცი შენ ამერიკაში როგორ ექცევიან შავკანიანებს? ყველგან არიან ადამიანები, ვისაც სხვა არ მოსწონთ და დასცინიან. მხოლოდ სკოლაში ვსწავლობდი და უნივერსიტეტი არ დამიმთავრებია, მაგრამ იმდენი ვიცი, რომ თუ მდიდარ ოჯახში დაიბადე, ბედნიერი ხარ, თუ ღარიბი ხარ, ბოლომდე მათხოვარი იქნები. საქართველოშიც ასეა, როგორც ჩემს ქვეყანაში. ვისაც აქვს, ცოცხლობს და ვისაც არ აქვს ფული, კვდება და ყველას ფეხებზე ჰკიდია...
ერთობ უცნაურმა მიტომ, რომელსაც მხოლოდ 11 კლასის განათლება აქვს, დამაფიქრა ემიგრანტებსა და ემიგრაციის მძიმე ცხოვრებაზე. რას ნიშნავს ცხოვრება საქართველოში, ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებსაც კი ვერ აქცევს ყურადღებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩამოსულ უცხოელებზე. როგორია, როცა გიწევს გაძლო სრულიად უცხო და განსხვავებული ტრადიციის ქვეყანაში. მათი ცხოვრებაც უცხო მიწაზე ხომ სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ არსებობა ხვალინდელი ცხოვრების იმედით.
უტა ბიწაძე (სპეციალურად საიტისთვის)