შემზარავი დანაშაულების ქრონიკა
"ქვეყანაში არსებული ძალადობრივი სისტემა ძალზე დამთრგუნველი იყო და შედეგს ახლა ვიმკით"
სამწუხაროდ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში არაერთი შემზარავი მკვლელობა მოხდა, რომელმაც საზოგადოება დაზაფრა. რატომ არ ინდობენ ადამიანები ერთმანეთს ან რა უბიძგებთ საზარელი დანაშაულისკენ, "კვირის პალიტრასთან" ფსიქოლოგი განმარტავს. მანამდე კი, მივყვეთ მკვლელობათა ქრონიკას:
ბაბუამ ოჯახი ამოწყვიტა
მცხეთის რაიონში, სოფელ მუხრანში, ოკინაშვილების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიას ორი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბედნიეროდ, მესამე მხოლოდ დაიჭრა. ჯერჯერობით უცნობია მკვლელობის მოტივი.
54 წლის გიორგი ოკინაშვილმა სანადირო თოფით ჯერ ერთადერთი ვაჟი დაჭრა ფეხში, მერე კი რძალს, ეკა ტეტოშვილს ესროლა, როცა შეშინებული ქალი პერანგის ამარა ოთახიდან გაქცევას ცდილობდა. ტეტოშვილს სასიკვდილო ორი ტყვია ზურგში აქვს დახლილი. გიორგი ოკინაშვილმა არც თავისი მეუღლე, მთვარისა დაინდო და ისიც მოკლა. ბაბუა 4 თვის შვილიშვილის მოკვლასაც აპირებდა, მაგრამ ბიჭუნა ოკინაშვილების ოჯახში სტუმრად მყოფმა ნათესავმა გადაარჩინა - მკვლელმა მასაც ესროლა, როცა ჩვილით ხელში სახლიდან გარბოდა... ამ ტრაგედიის შემდეგ ბრალდებულმა ქვეყნიდან გაქცევა სცადა და სწორედ მაშინ დააკავეს ძალოვანებმა... ეკა ტეტოშვილი მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. მისი ნათესავების თქმით, დედას ისე ფანატიკურად უყვარდა ვაჟი, რომ რძალზე ეჭვიანობდა, ამის გამო რძალ-დედამთილს შორის განხეთქილება იყო, ეკას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მამამთილთანაც. ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ეკამ დეიდაშვილის მეუღლეს სკაიპით მისწერა, ოჯახში სიტუაცია ძალიან დამეძაბაო, თუმცა მიზეზი არ დაუკონკრეტებია... ობლად დარჩენილი პატარა ეკას მშობლებმა წაიყვანეს.
გონდაკარგული მოახრჩო და ალაზანში გადაუძახა
სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში დღემდე უშედეგოდ ეძებენ 29 წლის გიორგი ლეკიაშვილის ცხედარს. იგი თანასოფლელმა, 39 წლის გოჩა ხუხიაშვილმა ხელით მოახრჩო. გიორგი იმ საბედისწერო დღეს გოჩას ესტუმრა, დალიეს და ადრე რამდენჯერმე ნასამართლევმა გოჩა ხუხიაშვილმა გიორგი მოკლა. ერთი დღე ცხედარი შინ ჰყავდა დამალული, მერე თბილისში ნათესავს დაურეკა, სოფელში ჩამოიყვანა და მისი დახმარებით ცხედარი ალაზანში გადააგდო.
ბრალდებული ხუხიაშვილი 6 თვის წინ ამნისტიით გათავისუფლდა, ის მკვლელობას აღიარებს. ამბობს, ვიკამათეთ, სკამს წიხლი ვკარი, წაიქცა და გონება დაკარგა, ამის მერე მოვახრჩვეო(?!).
სამართალდამცავებმა მკვლელის ნათესავიც დააკავეს თანამონაწილეობის ბრალდებით - მისი მანქანით წაიღეს გვამი გადასაგდებად. ასევე დააკავეს ხუხიაშვილის მეზობელი ალიკა კვიჟინაძე. მას მკვლელმა ცხედარი აჩვენა, სავარაუდოდ, დახმარება სთხოვა, რაზეც კვიჟინაძეს უთქვამს, შარში ნუ გამხვევო, მაგრამ მკვლელობის ამბავი დამალა. ამ შემზარავი ფაქტის შემდეგ მკვლელი რამდენიმე დღე არხეინად ცხოვრობდა იმ სახლში, თანასოფლელებთან ერთად იქეიფა კიდეც. დაკარგული ბიჭის ბიძისთვის კი უთქვამს, ერთი თვეა, შენი დისშვილი საერთოდ არ მინახავსო.
დანაშაული ავტოგასამართ სადგურზე არსებული ვიდეოკამერით გაიხსნა, იქ მდებარე მაღაზიაში ტრაგედიის დღეს დაფიქსირდნენ მკვლელი და მოკლული, როცა სასმელს ყიდულობდნენ.
სამაშველო სამსახურმა ალაზანში რამდენიმე დღე ეძება ცხედარი, შემდეგ კი სამძებრო სამუშაოები შეწყდა... მკვლელის თანამზრახველსა და მის მეზობელს, რომელმაც დანაშაული დაფარა, სასამართლომ თითოს 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ერთი ვერსიით, მკვლელობა ძარცვის მიზნით მოხდა - გიორგი ლეკიაშვილს თან 300 ლარამდე თანხა ჰქონდა.
ქუჩური გარჩევა გოგოს გამო
ისევ გრძელდება ქუჩაში საქმის გარჩევები და ხშირად ამის მიზეზი გოგონები არიან. ნუცუბიძის პლატოს მე-3 მიკრორაიონში სისხლიან გარჩევას 16 წლის მიშო ტყემალაძე ემსხვერპლა. ის და მისი 3 მეგობარი დანით დაჭრეს. მიშო ტყემალაძეს ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, 3 ახალგაზრდა კი გადარჩა. დაპირისპირება რამდენიმე დღით ადრე დაწყებულა და 171-ე საჯარო სკოლასთან გაგრძელდა. დამნაშავის ვინაობა ცნობილია...
შურისმაძიებელი პაციენტი
სამართალდამცავები იძიებენ მიცკევიჩის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას. "დედა, მაპატიე, არ შემიძლია ამხელა ტკივილის ატანა. ბოლოს მოვუღებ იმას, ვინც მე ამ მდგომარეობაში ჩამაგდო", - ასეთი შინაარსის წერილი აღმოაჩინეს სამართალდამცავებმა 31 წლის ანზორ ბეკურაშვილის მანქანაში, რომელიც იმ პოლიკლინიკასთან იდგა, სადაც ტრაგედია დატრიალდა. კლინიკაში ექიმსა და პაციენტს შორის არსებული დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა. 65 წლის დერმატოლოგ-ვენეროლოგ, პროფესორ ზურაბ ბენდელიანს კაბინეტში პაციენტმა ტყვია დაახალა, მერე კი ცხედარს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ამის შემდეგ ფოიეში, ერთმანეთის მიყოლებით 2 გასროლა გაისმა, სავარაუდოდ, პაციენტმა თავი მოიკლა...
ექიმსაც და პაციენტსაც ერთი და იმავე იარაღით აქვს ჭრილობა მიყენებული. ბეკურაშვილმა სპეცრაზმელი ძმის ტაბელური იარაღით ჩაიდინა მკვლელობა. გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ექიმს კაბინეტში პაციენტმა ხელყუმბარა შეუგდო, არ დასტურდება.
როგორც ამბობენ, პაციენტი მკურნალობით იყო უკმაყოფილო და ექიმს გაწეული ხარჯის უკან დაბრუნებას სთხოვდა...
სიმამრმა სიძე მოკლა
კიდევ ერთი მკვლელობა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოხდა. ამჯერად სიმამრმა ყოფილი სიძე, კარლო სულავა, დანით სასიკვდილოდ დაჭრა... მიზეზად ოჯახური უსიამოვნება სახელდება...
ფსიქოლოგი მანანა სოლოღაშვილი:
- პრობლემა რომ მოაგვარო, ჯერ მის გამომწვევ მიზეზებს უნდა ებრძოლო. ადამიანებს შორის კომუნიკაცია ვერ მყარდება, ამიტომ ძალისმიერი მეთოდებით ცდილობენ პრობლემის მოგვარებას. მართალია, არ ვიცით, რა დაპირისპირება იყო ექიმსა და პაციენტს შორის, მაგრამ აუცილებლად შესასწავლია მკვლელის ფსიქიკა. შეიძლება ის ახლობლებში სრულიად ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი პრობლემას ასეთი მეთოდით არ აგვარებს. ეს არ არის გაწონასწორებული ადამიანის ქმედება. სოფელ მუხრანში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზიც შეიძლება ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ან ალკოჰოლიზმით დაავადებული ადამიანი იყო.
ვფიქრობ, ეს ყოველივე სათავეს აღზრდიდან იღებს. თუმცა ქვეყანაში არსებული ძალადობრივი სისტემა იმდენად მძიმე და დამთრგუნველი იყო, რომ აისახა ადამიანების ურთიერთობაზე, ემოციურ კავშირებზე. ხშირად ადამიანები უმნიშვნელო მიზეზით დაწყებულ გაუგებრობასაც ვერ აგვარებენ კომუნიკაციით, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი აგრესიის ბრალია. ბევრი ქარტეხილი გამოვიარეთ და ახლა მძიმე შედეგებს ვიმკით...
თეა ხურცილავა