"მიცვალებული ჩვენებას არ იძლევა!" - სერგო თეთრაძის მეუღლე სამართალს ითხოვს
"ჩემს მეუღლეს ცელოფნის პარკი ჩამოაცვეს თავზე და აწამებდნენ"
"ალასანიამ თითქოს გულისყურით მოგვისმინა, მაგრამ..."
მეგის ქარდავა, რომელსაც პროკურატურამ 2013 წლის 14 იანვარს წარუდგინა ბრალი სერგო თეთრაძის წამებისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ ეპიზოდში გამართლდა... თუმცა მოსამართლის განაჩენით, მეგის ქარდავას დაუსწრებლად მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე, 3 წლის ვადით აეკრძალა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება დავით ლონდარიძის წამებისა და გიორგი გორელაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე.
"კვირის პალიტრა" სერგო თეთრაძის მეუღლეს, ნანა თეთრაძეს დაუკავშირდა, რომელიც მეუღლის სახელის რეაბილიტაციას ითხოვს...
- აბსურდულია და უსუსურია სასამართლოს გადაწყვეტილება, შეიძლება, ერთსა და იმავე ეპიზოდზე მეგის ქარდავა დამნაშავედ და და უდანაშაულოდ სცნო?.. ძალიან მიჭირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ჩვენს სასამართლოს მინდა შევახსენო, რომ მიცვალებული ჩვენებას არ იძლევა, მაგრამ ეს სათქვენოდ არ უნდა გამოიყენოთ... მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს ან პროფესიონალიზმი აკლია, ან ადამიანობა და სინდისი. არ ვიცი, რამდენად კორუმპირებულია, მაგრამ აშკარაა, რომ ვიღაცის ნებას ასრულებს...
სამხილის სახით, ისეთი ფოტოები წარვადგინე სასამართლოზე, რომ ამის შემდეგ, ასეთი განაჩენის გამოტანა მართლაც დაცინვაა. ჩემი მეუღლის წამება ჯერ სამხედრო პოლიციაში დაიწყო და ეს ოთხმა ადამიანმა დაადასტურა. იგივე თქვა სასამართლოზე დავით ლონდარიძემაც.
- ჯაშუშობის ბრალდებით პასუხისგებაში, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძესთან ერთად, თავად ლონდარიძეც იყო მიცემული, რომელიც მაშინ წამების შედეგად დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ამ ტრაგედიის შემდეგ, გისაუბრიათ მასთან?
- დიახ, სასამართლო პროცესზე რამდენიმეჯერ შევხვდი. როდესაც ციხიდან გამოვიდა, გაზეთის თუ ინტერნეტის საშუალებით მიმართა ჩემს შვილს, - შეგიძლია, მამაშენით იამაყო, რადგან მან შეძლო ის, რაც მე ვერ შევძელიო... ეს ადამიანი დაინვალიდებულია, მაგრამ ჩემი მეუღლე საერთოდ ცოცხალიც აღარ არის. იმის გამო, რომ აღიარებითი ჩვენება არ მისცა, წამებით მომიკლეს. სერგოსთვის ეს ღირსების საკითხი იყო და სხვისგან განსხვავებით, იმას ვერავინ ათქმევინებდა, რაც არ გაუკეთებია. ამიტომ დავით ლონდარიძეზე ბევრჯერ მაღლა დგას.
- სასამართლოს განაჩენის გასაჩივრებას აპირებთ?..
- დიახ, განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებ. ახლა, როდესაც ჩემი მეუღლე ცოცხალი აღარ არის, ჩემთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი მისი სახელის რეაბილიტაციაა. მე და ჩემი ოჯახი საქაეთველოდან წასვლას არ ვაპირებთ, თუნდაც ჩემს შვილიშვილს არ უნდა ჰქონდეს გულში ხინჯად, რომ ბაბუამისი ჯაშუშობაში იყო ეჭვმიტანილიო. ასევე ვითხოვ, მხოლოდ შემსრულებლები კი არა, დავალების მიმცემი პირებიც იყვნენ პასუხისგებაში მიცემული.
- სახელმწიფოსგან რაიმე სახის მხარდაჭერა გქონიათ?
- არა. როდესაც, გამოძიება ჩიხში შევიდა, ჩემს ადვოკატთან ერთად, შევხვდით ბატონ ირაკლი ალასანიას, რომელმაც თითქოს გულისყურით მოგვისმინა და შეგვპირდა, რომ გაათავისუფლებდა იმ რამდენიმე ადამიანს, რომელიც ჩემი მეუღლის დაკავებაში მონაწილეობდა, რათა გამოძიება თავისუფლად წარმართულიყო. ის ადამიანები, კადრების განკარგულებაში მხოლოდ ოთხი თვით გადაიყვანეს, მაგრამ ვიცი, რომ მერე აღადგინეს. ვისი სურვილით მოხდა, არ ვიცი, მაგრამ ამასთან დაკავშირებით, ვიღაც გავლენიანი პერსონის გვარი ფიგურიებს...
ყველამ იცის, რომ ჩემს მეუღლეს სამხედრო პოლიციაში ცელოფნის პარკი ჩამოაცვეს თავზე და აწამებდნენ და სულაც არ არის ღირსების საქმე, რომ თავდაცვის მინისტრი, რომელიც ამ საქმის გამო თავად ადებდა ხელს ბაჩო ახალაიასა და მეგის ქარდავას, , ახლა სხვა პოზიციას იჭერს... ასეთ მეტამორფოზას არ ველოდი. ვაპირებთ, შევხვდეთ, პრემიერ-მინისტრსაც და ვთხოვო, კონტროლის ქვეშ აიყვანოს ეს საქმე.
- ალბათ ნახეთ "მუხროვანის ამბოხთან" დაკავშირებული სკანდალური ვიდეოც, რომელიც ინტერტნეტში გავრცელდა...
- დიახ, ვნახე, არ გამკვირვებია, ასეთები მომხდარა?!. უბრალოდ, ამ ფრაზის მოსმენის შემდეგ, კიდევ ერთხელ შემძრა, იმის გაცნობიერებამ, თუ ვინ გვყავდა ხელისუფლებაში 9 წლის განმავლობაში. ტყუილ-უბრალოდ, არაფრის გამო წამებით მოკლეს ჩემი მეუღლე, მათთვის ხომ ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავდა. საკუთარი საქმეების შესათითხნად იყენებდნენ უდაშაულო მოქალაქეებს.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)