რუსები ოქროს საწმისში გვეცილებიან?! - კვირის პალიტრა

რუსები ოქროს საწმისში გვეცილებიან?!

რუსულმა ტელეარხმა "კულტურამ" ახლახან, 2 თებერვალს გადაცემაში "სად არის ოქროს საწმისის სამშობლო?" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული მითის "ორიგინალური" ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა.. დასაწყისშივე აღინიშნა, რომ სამი წლის წინ რუს არქეოლოგებს და მხარეთმცოდნეებს სოჭის მდინარეებში, მათი წყლის შემადგენლობაში ოქროს მაღალი შემცველობა აღმოუჩენიათ, აქვე მიანიშნეს, რომ ისტორიული კოლხეთში, დასავლეთ საქართველოში, რომელიც ლეგენდების თანახმად, ოქროს საწმისის სამშობლოდ ითვლებოდა, მეცნიერებმა ძიებისას ოქროს, ოქროს წარმოების რაიმე კვალს ვერ მიაგნესო. გადაცემაში დაისვა კითხვა: სად არის ოქროს საწმისის სამშობლო და რომელ მხარეში, სად იმოგზაურეს არგონავტებმა?

აღსანიშნავია ისიც, რომ აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე სოჭის ცენტრში "ოქროს საწმისის" ქანდაკება დადგეს, როგორც საბერძნეთისა და ოლიმპიური სოჭის ისტორიული ერთობის სიმბოლო.. როგორც ჩანს, რუსული მედია იმის დამტკიცებას აპირებს, რომ ოქროს საწმისის სამშობლო კოლხეთი კი არა, სოჭია.

ისტორის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ოთხმეზური:

- არა ქართული, არამედ ბერძნული ისტორიული წყაროები, ისტორიკოსები ერთხმად ასახელებენ კოლხეთის მეფე აიეტს, კოლხეთს, ეს ხომ ჩვენი მოგონილი არ არის? ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით აქვს დაწერილი ეპიკოსსა და სწავლულს აპოლონიოს როდოსელს "არგონავტიკა" და მასში ამაზე დაწვრილებით საუბრობს; ხოლო ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ოქრო მოიპოვებოდა, იწარმოებოდა დასტურდება თუნდაც იმით, რომ მარტო ვანის ნაქალაქარში უამრავი ოქროს ნივთია აღმოჩენილი, შეუძლებელია ამდენი ოქრო სხვა ქვეყნებიდან შემოეტანათ.. საიდან მოიტანეს, ქართველმა მეცნიერებმა კოლხეთში, დასავლეთ საქართველოში ოქროს კვალი ვერ აღმოაჩინესო?

-რაც შეეხება ოქროს საწმისის კავშირს სოჭის ტერიტორიასთან?

- ამ ტერიტორიაზე, უძველეს ხანაში სხვადასხვა ტომები ცხოვრობდნენ, რომლებიც ბერძენ ისტორიკოსებს ჰყავთ მოხსენიებული, მთის მოსახლეობა შედარებით განვითარების დაბალ დონეზე იყო.. არგონავტების მითს ამ ტერიტორიასთან არავითარი კავშირი აქვს, არგონავტები მდინარე ფაზისით შემოვიდნენ კოლხეთში, კოლხეთის სამეფოს ცენტრი სწორედ მდინარე ფაზისზე ანუ რიონზე იყო განლაგებული, ანუ ახლანდელ სოჭის ტერიტორიასთან ოქროს საწმისს არავითარი კავშირი აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში