"იმ ბიჭს რომ იპოვიან, მაშინ ყველაფერი გაირკვევა" - რას შეეწირა 16 წლის გოგონა? (ექსკლუზივი)
"მარიამმა გვითხრა - ტუალეტი მინდაო და ლიანდაგებისკენ წავიდაო" – თანაკლასელები გოგონას არ დაელოდნენ?!
"არ არის გამორიცხული, რომ ბავშვმა ფეხი მოყინულ რელსზე შედგა, მოუცურდა და დაეცა და იქვე გარდაიცვალა... რატომ არავინ უშველა, არ ვიცი"
უახლოეს ხანებში იმქვეყნად წასული ახალგაზრდების რიგს 16 წლის მარიამ ჩავლეიშვილიც მიემატა, - გოგონა, 31-ე ქარხანასთან ახლოს, რკინიგზის ლიანდაგზე გაყინული იპოვეს თოვლზე. თუ როგორ და რა ვითარებაში გამოემშვიდობა სიცოცხლეს ეს ულამაზესი გოგონა, გამოძიება ალბათ მალე დაადგენს. ის სტრესი კი, რომელიც მარიამის ოჯახმა მიიღო, სამუდამო და აღმოუფხვრელია.
მარიამი მამიდის ბინიდან გადაასვენეს მშობლიურ ჩოხატაურში. დაკრძალვაზე ახალგაზრდობის სიჭარბე იყო, - ტრაგედია, რომლის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია, მარიამის მეგობრების თვალწინ ისე განვითარდა, ვერც კი გააცნობიერეს, რა ხდებოდა.
რამაზ ლ; მარიამის ნათესავი:
- დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. მარიამს მშობლები ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ ამ უბედურებიდან ვერასოდეს გამოვლენ, უზარმაზარ დაღს დაასვამთ, - სიმწრით გაზრდილი შვილის დაკარგვას ვერაფერი ვერ აანაზღაურებს. რომ იტყვიან, გონს ვერ მოვსულვართ.
- მაინც რა მოხდა, მარიამის სიკვდილზე სხვადასხვა ვერსიები არსებობს. როგორც ამბობენ, გოგონას ძალადობის კვალი არ ეტყობოდა, მაგრამ არის სხვა ვერსიებიც.
- ენა ყველაფერს იტყვის, იმასაც ამბობენ, რომ გაუპატურესო, არა? ასე არ ყოფილა, ექსპერტიზის პირველი პასუხებით, მარიამისთვის ხელი არავის უხლია.
- ცნობილია, რომ ლიანდაგებზე, სადაც გოგონა დაიღუპა, ხშირად იკრიბებიან საეჭვო პირები, რომლებიც ხშირად სვამენ კიდეც. იქნებ მარიამის თანატოლებმაც სასმელი წაიღეს იქ და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გადაადგილება ვერ შეძლო და დაიღუპა? როგორ მოხდა, რომ 16 წლის გოგონა ასეთ ადგილზე აღმოჩნდა?
- სკოლა "დავითიანი", სადაც მარიამი სწავლობდა, იმ ადგილთან ძალიან ახლოს არის. იმ დღეს ბავშვმა უცხო ენის საგნის ჩათვლა ჩააბარა, მერე კლასელებთან ერთად იყო. რადგან ახლა ძალიან ცივა, ეტყობა ბავშვს გზაში ტუალეტი მოუნდა და იმიტომ გადაუხვია ლიანდაგებზე. თუმცა რა "ეტყობა" უნდა, ასე გვითხრეს მისმა ამხანაგებმა, - ლიანდაგებს რომ მივუახლოვდით, მარიამმა გვითხრა, - ტუალეტი მინდაო და ლიანდაგებისკენ წავიდაო. მარტო გადასულა და ჩანთაც თან წაუღია. ეს ჩანთაც იქვე იდო, როცა იპოვეს.
- გამორიცხულია, რომ ასეთ დროს მეგობრები არ დაგელოდონ. მარიამის მეგობრებმა ასე როგორ დაადეს თავი გაუგონარ ყინვაში და ისე როგორ წავიდნენ სახლში, რომ მარიამს არ დაელოდნენ. ან მერე როგორ არ მოიკითხეს და არ დაურეკეს, როცა შინ მივიდნენ, ეს უცნაური არ არის? იქნებ მარიამი ვინმეს უნდა შეხვედროდა, ბავშვებმა ეს იცოდნენ და ამიტომ აღარ დაელოდნენ?!
- მარიამის მეგობრების საქციელი კითხვებს მართლაც ბადებს, მაგრამ ბავშვი ნამდვილად არ ყოფილა გაუპატიურებული და არც ძალადობის კვალი აჩნია...
- მშობლებმა როდის არ მოიკითხეს მარიამი, როცა სკოლიდან არ დაბრუნდა?
- დაღამებისთანავე. და ამის შედეგ მთელი რამე დაეძებდნენ. მის ამხანაგებთანაც მივიდნენ, მაგრამ ეტყობა, იმათ რაიმის შეეშინდათ და არ თქვეს სიმართლე. ის რომ ეთქვათ, რომ მარიამი ლიანდაგებზე გადავიდაო, შეიძლება მოეძებნათ, გაყინვამდე მიესწროთ და გადაერჩინათ. ან თუნდაც პატრულისთვის დაერეკათ...
... ამის იმ კითხვებზე პასუხი, რომელიც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით კრიმინალის არმცოდნე ადამიანსაც კი გაუჩნდება, რკინიგზის სამსახურის სპეციალისტთანაც ვცადე:
დათო ფრუიძე:
- სადაც ეს მკვლელობა მოხდა, იქაც ხშირად ვამოწმებ ლიანდაგებს. ეს ისეთი ადგილია, სადაც ყველა ვიგინდარა დადის. იქ პატარა ხიდია, სადაც თინეიჯერებიც ხშირად იკრიბებიან. არც ამ ბავშვებმა და არც მათმა უფროსებმა არ იცინ, რომ რელსებზე სიარული არ შეიძლება. მასზე ფეხი შეიძლება ადვილად მოცურდეს და თავი დასცხო. ამ კუთხით რკინიგზაზე ბევრი უბედური შემთხვევაც ხდება. რელსი უფრო საშიშია ყინვის დროს - არ არის გამორიცხული, რომ ამ ბავშვმა ფეხი მოყინულ რელსზე შედგა, მოუცურდა და დაეცა და იქვე გარდაიცვალა ან შეიძლება, მხოლოდ გონება დაკარგა. ამ დროს შველაც შეიძლებოდა, მაგრამ რატომ არავინ უშველა, არ ვიცი.
რკინიგზელთან საუბრის შემდეგ კვლავ დაღუპული გოგონას სკოლასთან ავედი და ვცადე, მის თანატოლებს გავსაუბრებოდი, - მათი პასუხი ჩემს კითხვაზე, შემაძრწუნებელი იყო.
- ბიჭებო, რა მოხდა, რატომ დაიღუპა თქვენი თანაკლასელი, ამის შესახებ რაიმე ახალი ინფორმაცია ხომ არ არსებობს?
- ყველაფერი ჩვენც არ ვიცით, მაგრამ ის ვიცით, რომ იმ საღამოს მარიამს ჩვენი ერთი ნაცნობი ბიჭი ახლდა თან. ის ბიჭი ახლა გაქცეულია და იმალება. ტყუილად რატომ უნდა დაიმალოს კაცი?! თანაც, მარიამს სახესთან პატარა ჩალურჯებები აქვს. აი, იმ ბიჭს რომ იპოვიან, მაშინ ყველაფერი გაირკვევა.
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)