"აიფონ 5" სტუდენტებისთვის - "აფიორა" თუ ქართული სიხარბე
"ყველა ჩვენ გვლანძღავს, იმის მაგივრად, მხარი დაგვიჭირონ, ჩვენს ახალგაზრდებს თურქები ჩაგრავენო..."
"ამას ის თაობა ვერ გაიგებს, ვისაც სტუდენტობა უშუქობაში აქვს გატარებული..."
"არ მინდა, ვინმემ წამომაძახოს, - ტელეფონის გამო მაღაზიაში მუშაობდაო..."
"ვისი რა საქმეა, რამდენლარიან ტელეფონს შევიძენ?.. ბოლო დღეებია ამ თემას ატრიალებენ. სტუდენტები მუდმივი თავდასხმისა და შემოტევის საგანი გავხდით, - მატრაკვეცები ხართ და დაიმსახურეთო, კარგით რა. უსაქმურები არიან და ჩვენი განსჯის მეტი საქმე არ აქვთ. იმის მაგივრად, მხარი დაგვიჭირონ, ჩვენს ახალგაზრდებს თურქები ჩაგრავენო, ყველა ჩვენ გვლანძღავს..." - გაბრაზებით მითხრა, 18 წლის სტუდენტმა, რომელსაც ბოლო დროს სალაპარაკო თემად ქცეულ "აიფონ 5-ის" მახესთან" დაკავშირებით ვესაუბრე...
განვადების აქცია, რომელიც კომპანია "ჯეოსელმა" სტუდენტებს შესთავაზა, ასეთია: - სტუდენტებს 16 გბ-იანი Iphone 5s–ის განვადების შემთხვევაში თვიურად 89 ლარის გადახდა უწევთ, დამატებითი მომსახურების შემთხვევაში, - 119 ლარის და 169 ლარის გადახდა, ხოლო 32 გბ-იანი Iphone 5s–ის განვადების დროს 139 ლარის. თუმცა, აქვე განუმარტეს, რომ თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, პირველადი ჯარიმა 60 ლარის გადახდა, ხოლო გადაცილების, ანუ 30 დღის განმავლობაში მეტის გადახდა მოუწევდათ. სტუდენტების თქმით, 2000 ლარზე ისინი არავის გაუფრთხილებია...
"ჯეოსელის" ოფიციალური ვებ–გვერდის მიხედვით, განვადების მიღება 18–22 წლამდე სტუდენტებს, მხოლოდ სასწავლებლიდან წარდგენილი ცნობის საფუძვლეზე შეუძლიათ.
თაკო, 19 წლის, სტუდენტი:
- ჩემს დაქალს უარი მიუვიდა, რადგან ის შედარებით დაბალფასიან უნივერსიტეტში სწავლობს. ეტყობა, მიხვდნენ, რომ მის მშობლებს ამხელა თანხის გადახდის საშუალება არ ექნებოდათ... შერჩევით გააკეთეს, ანუ ზოგს მისცეს და ზოგსა არა. "აფიორაა", აბა რა არის?
- თავად მუშაობ სადმე?
- არა, მაგრამ ვინც არ მუშაობს, არ უნდა ცხოვრობდეს თუ რას მეკითხებით?..
- უნდა ცხოვრობდეს, მაგრამ ისე, რამდენსაც ამის ფინანსური საშუალება აძლევს...
- იცით რა, არავის საქმე არ არის, ვის რამდენლარიანი "მობილი" ექნება. პირადად ჩემთვის, მას მხოლოდ ტელეფონის დატვირთვა არ აქვს... მხოლოდ დასარეკად და სამესიჯოდ არ ვიყენებ, ინტერნეტში შევდივარ, ინოვაციას ვეცნობი, ფოტოებს ვიღებ, ანუ რაღაც სხვა დატვირთვაც აქვს ჩემთვის. ხარისხიანი ტექნიკა, სხვა სიამოვნებაა, ყველაფერს ვერ აგიხსნით... თუმცა, ამას ის თაობა ვერ გაიგებს, ვისაც სტუდენტობა უშუქობაში აქვს გატარებული...
მიკვირს ამ ხალხის, რომელიც ასე "გამოგვეკიდა" და წარამარა გვახსენებს, რომ სტუდენტები ვართ, არ იცით, რომელი საუკუნეა?.. თუ რახან სტუდენტი ვარ, ფულს ვერ გამოვიმუშავებ და თავად ვერ ვყიდულობ, ტანსაცმლის გარეშე უნდა ვიარო?..
- არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ, შემოსავალი რამდენიც გაქვს იმის ფარგლებში უნდა შეიძინო, რომ "მახეში" არ გაება და ჯარიმების გადახდამ არ მოგიწიოს...
- მე არ მაქვს შემოსავალი, ვისაც აქვს, იმის იმედით ვიყიდე, უბრალოდ შემდეგ რაღაცები შეიცვალა... "ჯეოსელმა" რა, არ იცის, რომ ჩვენ არც შემოსავალი გვაქვს და არც საკუთარი ფული? ჰოდა რატომ მოგვცა განვადებით?.. ამხელა ფულს რომ აკეთებენ ახლა ჩვენი მოტყუებით თურქები, იქნებ ამით დაინტერესდეს სახელმწიფო...
- თურქული არა, შვედური კომპანიაა...
- რა მნიშვნელობა აქვს?.. სტუდბილეთით გამოვიტანე განვადება, პირობებისთვის არც გადამიხედია, ვიფიქრე, ისეთი რა უნდა იყოს-მეთქი. პირველადი ჯარიმა 60 ლარი დამაკისრეს, 30 დღის განმავლობაში სრული თანხის, 2000 ლარის დაფარვა მომთხოვეს, საიდან უნდა მომეტანა? თაღლითები არიან, აბა რა?..
- რას აპირებ?
- არ ვიცი, მშობლები მოიფიქრებენ რამეს...
ნია, 21 წლის, სტუდენტი:
- "ილიაუნიში" ვსწავლობ... სხვათა შორის, ჩემმა რამდენიმე დაქალამა, მუშაობაც კი დაიწყო, რომ ეს განვადება დაეფარა. მე საჩემო ვერაფერი ვიპოვე. მაღაზიაში და სადღაც არ მინდა, მერე, კარიერის ამბავში რომ ცუდად მომიბრუნდეს და ვინმე წამომაძახოს, - ტელეფონის გამო მაღაზიაში მუშაობდაო...
- ანუ მუშაობა სათაკილოა?
- არა, მაგრამ ხომ გააჩნია სად იმუშავებ, რა ვერ გაიგეთ?..
- შენი მეგობრები, ვინც მუშაობა დაიწყო, შენს თვალში დამცირდნენ?..
- არა, ისინი მაინც ჩემი მეგობრები არიან და ძალიან მიყვარს, უბრალოდ, მე არ შემიძლია, რაღაც 400 ლარის გამო, ვიღაცებს მოვემსახურო...
- შენი განვადების თანხას ვინ დაფარავს, აიფონს გაყიდი?
- არა... დეიდა შემპირდა... ამ ფაქტით დავინახე, როგორი დამოკიდებულება აქვთ ჩვენს მიმართ უფროს თაობას, ის რომ მათ ცუდ პერიოდში მოუწიათ ცხოვრება, ჩვენი ბრალი არ არის. ცნობისთვის, აიფონ 5-ის ფუნქცია, მხოლოდ დარეკვა არ არის, მომსახურების საკმაოდ ფართო სფერო აქვს...
- კი, ეგ უკვე ამიხსნა შენმა დაქალმა, ძირითადად განათლებისთვის რომ იყენებთ... ასეთი ტიპის ტექნიკის შეძენისას, მშობლების პოზიცია როგორია?
- არც ერთ ნორმალურად მოაზროვნე მშობელს არ უნდა, გაუნათლებელი და ჩამორჩენილი შვილი ჰყავდეს. სტუდენტს კი არა, სკოლის მოსწავლეებს აქვთ აიფონ 5 და პლანშეტი... ეს ნივთები ხომ ფუფუნების მოხმარების საგანი აღარ არის.
თიკა, 20 წლის:
- შეყვარებულმა გამომიტანა განვადებით. მუშაობს და იმედია, თანხას მშვიდობიანად დაფარავს. მეც ვმუშაობ, მაგრამ აზრადაც არ მომსვლია ამხელა ფასიანი ტელეფონის განვადებით გამოტანა. ხამობად მიმაჩნია... ჩემს მეგობრებიდან თითქმის ყველას აქვს. უმეტესობამ განვადებით გამოიტანა და როგორღაც იხდიან...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)