"როცა "ჩინელი ვანო" ალაპარაკდება" - 15 საათიანი სპეცოპერაციის გაუხმაურებელი დეტალები (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"როცა "ჩინელი ვანო" ალაპარაკდება" - 15 საათიანი სპეცოპერაციის გაუხმაურებელი დეტალები (ექსკლუზივი)

"ზურგში ჰქონდა საწყალს ტყვია ნასროლი და ხელფეხი შეკრული ჰქონდა"

"ოთახში იჯდა, ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და საინფორმაციოებში თავისი თავის გამოჩენას ელოდებოდა."

გუშინ 4 თებერვალს ყაზბეგის გამზირზე 17 ნომერში განვითარებული მოვლენები რეალურ ცხოვრებაზე მეტად ჰოლივუდურ თრილერს გავდა. ყოველ შემთხვევაში, ალ პაჩინოს "ძაღლის შუადღე" თუ გინახავთ, მსგავსებებს ნამდვილად "დაიჭერთ". სავალუტო ჯიხურის მეპატრონემ, ეროვნებით ჩინელმა, საქართველოს მოქალაქე ივანე. კ.-მ, რომელსაც მეზობლები "ჩინელ ვანოს" ეძახდნენ, ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, გვერდით სავალუტო ჯიხურის მფლობელი გენადი ლომიძე მოკლა. როგორც თვითმხილველები და სამართალდამცავები ჰყვებიან, ეჭვმიტანილი ყოფილი პოლიციელია და იმავე შენობაში ცხოვრობდა, სადაც სავალუტო ჯიხური ჰქონდა გახსნილი. გენადი ლომიძე ბოლოს სწორედ მასთან შესული ნახეს, თუმცა გამოსული აღარავის შეუმჩნევია. ლომიძის მოკითხვის შემდეგ პოლიციამ ეჭვი მეზობელზე მიიტანა, ჯიხურს მიაკითხეს და აღმოჩნდა, რომ ივანე კ. კარგად დაცულ ოთახში ჩაკეტილიყო და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. 15-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, სამართალდამცველებმა დამნაშავის განიარაღება და დაპატიმრება შეძლეს.

***

შემთხვევის ადგილზე ნაცნობი პოლიციელი შევამჩნიე, რომელსაც ვთხოვე, ცოტა რამე მოეყოლა აღნიშნული ფაქტის შესახებ. მისგან სპეცოპერაციის დეტალებზე, გარკვეული ინფორმაცია მივიღეთ.

- იქნებ გვითხრა, რა ხდებოდა სპეცოპერაციის მიმდინარეობის პროცესში შენობაში.

- რა უნდა ვთქვა, ეჭვმიტანილი ყოფილი პოლიციელია, თავისი ტაბელური იარაღით მოკლა კაცი, ოთახში ჩაიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. მოტივზე არაფერი უთქვამს, ისე წაიყვანეს აქედან. ასე რომ მოტივი მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ჩინელი ვანო ალაპარაკდება.

- 15 საათი მიდიოდა სპეცოპერაცია, ნეტავ ისტორიას თუ ახსოვს, საქართველოში ერთი კაცის დაჭერას ამხელა დრო დასჭირვებოდა.

- ამ ხნის განმავლობაში ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მკვლელს თავი არ მოეკლა. ოთახში იჯდა, ტელევიზორი ჰქონდა ჩართული და საინფორმაციოებში თავისი თავის გამოჩენას ელოდებოდა. ასევე შიგნიდან ვიდეო კონტროლის საშუალებით გარეთ რაც ხდებოდა, ყველაფერს აკვირდებოდა. იარაღს იბჯენდა და ამბობდა, რომ თავს მოიკლავდა. ჩვენ ჩავთვალეთ, მკვლელი თუ ტელევიზიით ნახავდა სიუჟეტს, თვითმკვლელობის რისკი გაიზრდებოდა. ამიტომ ვთხოვეთ მედია საშუალებებს, რომ ინფორმაცია არ გაევრცელებინათ, სანამ სპეცოპერაცია არ დასრულდებოდა. ინტერნეტ სივრცის გათიშვაც მოგვიხდა ცოტახნით.

სტატია სრულად იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში.