"როგორ იქცა კეზერაშვილისნაირი საკმაოდ თავმდაბალი ადამიანი სახელმწიფო რეკეტის ყოყოჩ მინისტრად?" - კვირის პალიტრა

"როგორ იქცა კეზერაშვილისნაირი საკმაოდ თავმდაბალი ადამიანი სახელმწიფო რეკეტის ყოყოჩ მინისტრად?"

"არა აქვს მნიშვნელობა, პარიზში იცხოვრებს კეზერაშვილი თუ მისი ექსტადირება მოხდება"

"ვერ ვხედავ იმის დიდ აუცილებლობას, რომ კეზერაშვილი მაინცდამაინც საქართველოს გადმოსცენ"

საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლა. კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული: რიყისა და "ტელეიმედის" გასხვისების, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან. თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაშიც ადანაშაულებენ. ამ და სხვა საკითხებზე გვე-საუბრება პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი:

- კეზერაშვილის ყოფნა ფრანგულ ციხეში არ გახლავთ მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების ინტერესის შედეგი. ჩვენთვის ჯერ უცნობია, რა აქვს მას ნალაპარაკები საფრანგეთში, რას ინანიებს, რას პასუხობს და რა ინფორმაციებს აძლევს იქაურ სამართალდამცველებს.  მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ იმის დიდ აუცილებლობას, რომ მაინცდამაინც საქართველოს გადმოსცენ. ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების გარშემო ისედაც არ გვაკლია დავიდარაბა. საქართველოში ისედაც ბევრი რამ იციან კეზერაშვილის დანაშაულთა შესახებ. ვიდრე ქვეყანაში სისტემური დანაშაულის იდენტიფიკაცია მკაფიოდ არ მოხდება და ეს დანაშაული საბოლოოდ არ დაიკიდება "ნაციონალური მოძრაობის" კისერზე, არა აქვს მნიშვნელობა, პარიზში იცხოვრებს კეზერაშვილი თუ მისი ექსტრადირება მოხდება. საჭიროა სრულად შეფასდეს ის პერიოდი და ის პროცესები, რომლის დროსაც საკმაოდ თავმდაბალი ადამიანი, როგორიც კეზერაშვილი "ვარდების რევოლუციამდე" იყო, იქცა სახელმწიფო რეკეტის ყოყოჩ მინისტრად.

- თქვენ კი ბრძანეთ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, მაგრამ ჩადენილ დანაშაულთა დამტკიცება ყოფილი სახელმწიფო მოხელეებისთვის ძალიან ჭირს…

- დავიწყოთ იქიდან, რომ როგორც კეზერაშვილს, ასევე მის ბორტმოქმედ კოლეგებს, ედავებიან ისეთ საკითხებს, რაც სასაცილოა იმ დანაშაულებებთან შედარებით, რაც ჩადენილი აქვთ. ბრალდებები, რაც მას ოფიციალურად წარუდგინა ქართულმა პროკურატურამ, ნამდვილად არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ დაინტერესებულმა ადამიანებმა პოლიტიკური დევნის ასპექტი სრულად გამორიცხონ. არადა, არის სრულიად კონკრეტული საქმეები, ბიზნესის განადგურების მაგალითები, რომლებშიც ის მონაწილეობდა, მეტიც - ის თავკაცობდა ასეთ პროცესებს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოლოს და ბოლოს გამოფხიზლდება ჩვენი პროკურატურაც, რომლის ლიდრებიც რატომღაც წარმოჩინდებიან ხოლმე იმ სტრუქტურიდან, რომელსაც თავის დროზე კეზერაშვილი ხელმძღვანელობდა.

- მიხეილ სააკაშვილმა სპეციალური წერილით მიმართა საფრანგეთის მთავრობას, რომელშიც კეზერაშვილს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად წარმოაჩენს და ამბობს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" ძირითადი დამფინანსებელია...

- თავისთავად, ეს წერილი უკვე საფუძველია კეზერაშვილის წინააღმდეგ სერიოზული ბრალდე-ბის წასაყენებლად: ადამიანმა, რომლის ხელფასის ოდენობა საჯარო ინფორმაცია იყო, რადგან ის წლების განმავლობაში სახელმწიფო მოხელე გახლდათ, სად იშოვა ამდენი ფული, რომ პარტია აფინანსოს?! იმ ათი ათასზე მეტი საქმიდან, რომლის თაობაზეც საჩივრებია პროკურატურაში წარდგენილი, სულ ცოტა, ასში მაინც როგორ არ არის კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებული დანაშაული?! რატომღაც ხელს არ ჰკიდებენ ამ დოკუმენტებს. დაუსვან კითხვები საფრანგეთში მცხოვრებ ქიბარ ხალვაშს, რა მოუვიდა მის ბიზნესს და რა ფუნქცია ჰქონდა მის განადგურებაში კეზერაშვილს, რომელსაც გაცილებით მეტი გავლენა ჰქონდა საფინანსო სისტემაზე, ვიდრე ფინანსთა მინისტრს. უნიათობის დრო წავიდა, პროკურატურას თუ აქვს უნარი, გამოიძიოს ეს საქმეები, დროზე დაიწყონ, თუ არადა, შეუქცევადი პროცესები დაიწყება - გაჩნდება უნდობლობა არა მხოლოდ ცალკეული პროკურორების, არამედ მათ შემრჩევთა და დამნიშნავთა მიმართაც. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გავლენას, დღეს მას გავლენის ერთადერთი საშულება გააჩნია: ფული, ფული და ფული. სხვა ტიპის გავლენა დღეს მას არავისზე აქვს.

გაზეთი "ყველა სიახლე"