რუსულ-ქართულ, სპორტულ-პოლიტიკური ოლიმპიადა - კვირის პალიტრა

რუსულ-ქართულ, სპორტულ-პოლიტიკური ოლიმპიადა

ოლიმპიადის ქართული სახისმეტყველება მსოფლიო ოლიმპიურ თამაშებში

ოლიმპიადური თამაშების უახლოეს ისტორიას ახსოვს პერიოდი, როდესაც მრავალმა ქვეყანამ პროტესტიც გამოხატა რუსეთში ჩასატარებელ ოლიმპიადაზე მონაწილეობასთან მიმართებაში. პროტესტს ითხოვდა ქართველი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილი ამჯერადაც, თვლიდნენ, რა, რომ ქართველები არ უნდა აღმოჩენილიყვნენ "რუსულ მიწაზე" და რუსეთის პრეზიდენტის წინაშე. ოლიმპიადასთან მიმართებაში ბოლო პერიოდში არაერთმა ევროპელმა ლიდერმაც გამოთქვა კრიტიკული და პროტესტის შემცველი განცხადებები, თუმცა, არცერთ მათგანს უარი არ უთქვამს საკუთარ ქვეყნებს მსოფლიო თამაშებში მიეღო მონაწილეობა.

გაორებული იყო მიდგომა საქართველოს მხრიდან ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღება/არ მიღებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ნაწილი ოლიმპიადას "მსოფლიო თამაშებად" ანუ მსოფლიო პროცესებად არ აღიქვამდა და რუსულ თამაშებში მონაწილეობად მიიჩნევდა, პროტესტის საფუძველიც აქედან მოდიოდა; საზოგადოების ნაწილიც ოლიმპიადის "მსოფლიო" და "საერთაშორისო" მნიშვნელობას უსვამდა ხაზს და თვლიდა, რომ საქართველო არ უნდა დამდგარიყო მსოფლიოს მიღმა, თუ კი მსოფლიო არ დადგებოდა საქართველოს გვერდით და ქვეყნები ძველებურად არ გამოუცხადებდნენ ბოიკოტს "სოჭი 2014"-ს. საქრთველოს პროტსტი უფრო მსოფლიოს გამოწვევა შეიძლება გამხდარიყო, ვიდრე რუსეთისადმი სილის გაწნას, მითუმეტეს, რომ რუსეთში ზამთრის ოლიმპიადის გამართვას სწორედ მსოფლიომ დაუჭირა მხარი.

რა მოვიგეთ და რა წავაგეთ ოლიმპიადაზე წასვლით?

სად მთავრდება ოლიმპიადაში სპორტი და სად იწყება პოლიტიკა?

ორიოდე სიტყვით ოლიმპიური თამაშების მოტივაცია გავიხსენოთ, რომ მივხვდეთ, სპორტული ღონისძიებების გარდა მსოფლიოში რა პოლიტიკურ მეტაფორას ატარებს ეს პროცესი.

ანტიკური ოლიმპიური თამაშები საერთო-სახალხო რელიგიური დღესასწაული იყო, რომელიც საკულტო ცერემონიალისა და სპორტული შეჯიბრებებისგან შედგებოდა. ეძღვნებოდა ძველბერძნული პანთეონის უმაღლეს ღვთაებას – ზევსს. ზოგიერთი გადმოცემის თანახმად, ოლიმპიური თამაშები თვით ზევსმა დააფუძნა, სხვა ლეგენდის მიხედვით – მისმა ვაჟმა, ჰერაკლემ. გარკვეული ისტორიული საფუძველი აქვს გადმოცემას, რომელიც მოგვითხრობს, რომ შინაომებისგან გატანჯულმა ელიდის მმართველმა იფიტემ დელფოს ორაკულს სთხოვა რჩევა, როგორ შეეწყვიტათ შინაომი და შუღლი. ორაკულმა მას მივიწყებული ოლიმპიური თამაშების აღდგენა ურჩია. იფიტემ ამ წინადადებით მიმართა სპარტის მმართველს, ლიკურგეს და შესთავაზა დღესასწაულის პერიოდში "ეკეიხერია" – "წმინდა ზავი" გამოეცხადებინათ. მართლაც, ოლიმპიური თამაშების დროს, ერთი თვის განმავლობაში, საბერძნეთის მთელ ტერიტორიაზე ომი წყდებოდა. ოლიმპიური ალამი თეთრი ფერის დროშაა და მასზე გამოსახულია ხუთი ერთმანეთზე გადაჯაჭვული რგოლი (ცისფერი, ყვითელი, შავი, მწვანე და წითელი). ამ ემბლემის დევიზია "ჩიტიუს, Aლტიუს, Fორტიუს" ("უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერ").

ოლიმპიადების სპორტული ნაწილის პოლიტიკური მეტაფორა კი შემდეგშია: ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობენ ოლიმპიადაზე, მშვიდობის საჭიროების დეკლარირებას ახდენენ და გამოდიან როგორც მშვიდობის მომწოდებელი ქვეყნები. აქ ჩვენ უნდა გაგვახსენდეს რუსეთის მხრიდან წლების განმავლობაში საქართველოზე ზეწოლა "ცეცხლის არ განახლების" დოკუმენტთან დაკავშირებით. საქართველოს არ წარდგენა ოლიმპიადაზე რუსეთს მისცემდა საშუალებას მსოფლიოსათვის ელაპარაკა საქართველოს არამშვიდობისმოყვარე ხასიათზე და "ოსებისა" და "აფხაზების" ქართველებისგან დაცვის საჭიროებაზე, მითუმეტეს, რომ ყველას კარგად გვახსოვს, 2008 წელს ზაფხულის ოლიმპიადის დროს რუსული პროვოკაციების შედეგად აღმოჩნდა საქართველო ჩაბმული რუსეთ-საქართველოს ომში, მაშინ რუსეთი აქტიურად უამბობდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ოლიმპიადის დღეებში საქართველოს სახელმწიფო "თავს ესხმოდა მცირე რიცხოვან რეგიონებს". საქართველოს მხრიდან ამჟამინდელი პროტესტი ოლიმპიადის მიმართ მხოლოდ რუსეთს მისცემდა საშუალებას კვლავ გამოეყენებინა მოცემულობა საქართველოს წინააღმდეგ.

ნისლიანი ქართლ-აფხაზეთისა და ანქვაბ-თიბილოვის არასაკმარისად პრეზენტაბელური სტატუსებით სოჭში ყოფნის მიუხედავად, რუსეთმა ღიად და მკაფიოდ ვერ გაბედა საერთაშორისო საზოგადოებისათვის საკუთარი არჩევანის შეჩეჩება და უფრო გვერდითი, ცბიერი და ირიბი გზა არჩია. ამან ცხადჰყო, რომ რუსეთი არაა საკუთარი და მსოფლიოს შესაძლებლობებში თავდაჯერებული. ჩვენთვის ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა საზოგადოებამ მსოფლიოს შესაძლებლობები უფრო ირწმუნოს და მისდამი მეტი ნდობით განიმსჭვალოს, ვიდრე რუსეთის მიმართ.

ვფიქრობ, ჩვენ უფრო უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ რუსეთს მკვახე განცხადებების იქით თავად უწევს საკუთარი თავის იძულება მსოფლიოსა და საერთაშორისო საზოგადოებას ზედმეტად არ ეურჩოს, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებასა და გვაკვალიანებს მეტად ვითანამშრომლოთ საერთაშორისო საზოგადოებასთან რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად.

მოხერხდებოდა თუ არა ეს ყველაფერი ოლიმპიადის მიმართ საქართველოს პროტესტის შემთხვევაში, მაშინ, როდესაც უბრალოდ უჩვენოდ წარიმართებოდა პროცესი და საუკეთესო შემთხვევაში ერთი განცხადება თუ გაკეთდებოდა საქართველოზე. ამას გარდა, ქართველების არ ყოფნის შემთხვევაში, არც ისაა გამორიცხული ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლობითობა მეტიც და უფრო პირდაპირიც გამხდარიყო; მსოფლიოს კი ეს შეიძლება მსოფლიოსადმი ნეგატიურ ტონად განეხილა, თავად განსაჯეთ, საერთო ჯამში, განცდებისა და გრძნობების იქით, რა მოვიგეთ ან რა წავაგეთ მთელი ამ პროცესით.

"სპორტული ოლიმპიადის" გამოყენება საქართველოს ინტერესების "პოლიტიკურ ოლიმპიადად" სავსებით შეიძლებოდა და ამჯერადაც შეიძლება. ცხადია, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რუსეთი როდისმე საქართველოს მეგობარი გახდება ან მტრობას მოიშლის პუტინთან ერთად თუ პუტინის გარეშე, თუმცა, არც იმას ნიშნავს, რომ საკომუნიკაციო სივრცე ჩაკეტილი უნდა იყოს. სახელმწიფოებრივი კომუნიკაციების პარალელურად არსებობს არაერთი ტიპის კომუნიკაცია, რომელიც მათ შორის ჩვენს ინტერესებში შედის. სხვათა შორის, ისტორიის მანძილზე, საქართველოს დამპყრობლებთან ჰქონდა როგორც წინააღმდეგობრივი და საომარი რეჟიმი, პარალელურად სავაჭრო, კულტურული და პიროვნებათშორისი კომუნიკაციაც და ნებისმიერ მომენტში ცდილობდა გარემოებები სახელმწიფოებრივი ინტერესებით გამოეყენებინა. "სოჭი 2014"-ით კი საქართველო რუსეთთან კი არ პოზიციონირებს, არამედ მსოფლიოსა და საერთაშორისო საზოგადოებასთან.

იხ.ვრცლად არჩილ გამზარდიას ბლოგზე