დავით მაღრაძე: რა პროვოკაცია, რის პროვოკაცია? ამ საწყალ ქვეყანას მეტი აღარაფერი აინტერესებს? - კვირის პალიტრა

დავით მაღრაძე: რა პროვოკაცია, რის პროვოკაცია? ამ საწყალ ქვეყანას მეტი აღარაფერი აინტერესებს?

საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიწყო ახალი გადაცემა, რომელსაც პოეტი დავით მაღრაძე უძღვება. ბოლოს გასულ გადაცემაში მას სტუმრად საქართველო ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჰყავდა, ჩვენ დავუკავშიდით მას და გადაცემაზე კომენტარი ვთხოვეთ:

- საკუთარ გადაცემაზე კომენტარების კეთება ცოტა უხერხულად მიმაჩნია. ბატონი ბიძინა ივანიშვილი როგორც ექს-პრემიერი კი არ მყავდა მოწვეული სტუმრად, არამედ როგორც მეგობარი.

- სოჭის ოლიმპიადაზე მინდა გკითხოთ, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქართველების გამოსვლას გახსნის ცერემონიალზე, როგორ ფიქრობთ რა უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ პროვოკაციაზე?

-რა პროვოკაცია, რის პროვოკაცია. რუსეთი და საქართველი ერთმანეთის გარდა უკვე ვეღარაფერს ვერ ხედავენ. როგორ ფიქრობთ, ინგლისელი შეამჩნევდა, ოჩამჩირის თავზე ღრუბელს? თუ ფრანგი გადაირეოდა, ცხინვალს რომ ნისლში დაინახავდა? ეს კეთდება მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველმა დაინახოს, რადგან იციან, ქართველი ამას დააკვირდება და ნისლებს შეამჩნევს. რუსეთი ჩვენნაირ სულიერ მდგომარეობაშია და ამ ყველაფერს განზრახ აკეთებს, იმიტომ რომ მან ზუსტად იცის, ქართველი ამას დაინახავს. რუსები თავისივე ხარისხის ადამიანებს ხედავენ საქართველოში და საქართველოც მხოლოდ რუსეთში ხედავს თავის საპირწონეს. გარდა რუსისა და ქართველისა, ვის რაში აინტერესებს ღრუბლები და ნისლები. ისე თუ დააკვირდა ვინმე, სადღაც გორთან წვიმა ხომ არ იყო? ამ საწყალ ქვეყანას მეტი აღარაფერი აინტერესებს? როდესაც ნაცია ასეთი ფაქტების დაფიქსირებითაა დაკავებული, ასეთ დროს პერსპექტივა რაა? რუსეთიც და საქართველოც ერთ სულიერ მდგომარეობაში არიან, ამასობაში დანარჩენმა სამყარომ ძალიან ბევრით გაგვასწრო. ერთ მხარესაა ცივილიზებული სამყარო და მეორე მხარესაა საქართველო და რუსეთი. ძალიან მინდა განვითარებული სამყაროს ნაწილი ვიყოთ და არა რუსეთთან ერთად სამყაროს მიღმა ვცხოვრობდეთ, რადგან რუსეთი აშკარად ბოლოშია ამ თავისი ნისლებით და ღრუბლებით. კარგი იქნებოდა, ახლა "საყვარელი" ექს-პრეზიდენტი გვყავდეს, ღრუბელ-ღრუბელ ჩაფრინდებოდა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. ჯერ ნისლიან ცხინვალს შემოუყვებოდა და მერე გადავიდოდა ღრუბლიან აფხაზეთში.

- გახსნის ცერემონიალზე ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმში რუსებმა მითი არგონავტების შესახებ მიისაკუთრეს...

- ესაა ნაციისათვის გადამწყვეტი პრობლემა?! ხომ ხედავთ, უკვე რუსების სულელური ნაბიჯების გარდა ვეღარაფერს ვერ ვამჩნევთ.

- ფაქტია, რომ რუსებმა განზრახ დაამახინჯეს ჩვენი ისტორია.

- რომელი სამეცნიერო ნაშრომი ეს 5 წუთიანი ფილმია? დღეიდან უკვე სამყარომ იცის, რომ სოჭში დამდგარან არგონავტები და არა კოლხეთში და ამის გამო დავიღუპეთ ხო? ესაა პერიფერიული აზროვნება, როცა მთელი ერი, ოლიმპიადის გახსნიდან მოყოლებული, ნისლებს და არგონავტების გაჩერების ადგილებს იკვლევს. თურმე ოლიმპიადის შოუ არის აკადემიურობის უკანასკნელი ინსტანცია.

-ამ შოუს მთელი მსოფლიო უყურებს...

-უყურებს და იმახსოვრებს, რომ სოჭში ჩამოსულან არგონავტები და იჯერებენ ხო? სამყაროში უამრავი სხვა მიზანი არსებობს, ამ მიზნებს ქართველები მოვწყდით და რაღაც სისულელეებით ვართ დაკავებული. ერთი ცხოვრობს მეორის ჯინაზე და მეორე ცხოვრობს პირველის ჯინაზე. ამასობაში კი განვითარებული სამყარო შორს წავიდა და ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით, ჩვენს უკან აღარაფერია, ჩვენს უკან მხოლოდ ნისლები და ღრუბლებია.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)