"ჯიგარი" ტაქსის მძღოლისა და მადლიერი კლიენტის ამბავი
ახალი წლის წინა დღეებში, ბაზრობიდან პროდუქტებით დატვირთული, სახლში ტაქსით წამოვედი. გზაში მძღოლთან საუბარში ისე გავერთე რომ ვერ შევამჩნიე, ჯიბიდან ტელეფონი როდის ამომივარდა. სახლში შესულმა, "მობილური" რომ ვერსად ვიპოვე. მაშინვე ჩემს ნომერზე გადავრეკე, მაგრამ... "თქვენ დაუკავშირდით "მაგთიკომს", მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან".... მანამდე ერთი ტელეფონი ერთ-ერთ ცნობილ კაფეში დამრჩა. მიუხედავად იმისა, რომ ამ კაფის ხშირი სტუმარი ვიყავი, უკან მიბრუნებულს მაინც აღარ გამომიჩინეს... ორივე შემთხვევაში ტელეფონზე კი არა, კონტაქტებზე უფრო დამწყდა გული. თუმცა, გუშინ "ფეისბუქის" ერთ-ერთმა სტატუსმა მიმახვედრა, რომ პატიოსანი ადამიანები ჯერ კიდევ არსებობენ და დაკარგულ ნივთებს მეპატრონეს უბრუნებენ. აი, რას ყვება "კვირის პალიტრასთან" საუბარში დაკარგული ნივთის პატრონი:
დავით კლდიაშვილი:
"ოთხი დღის წინ ტაქსში დამრჩა "პლანშეტი." არც ნომერი ვიცოდი ტაქსის, არც გამოძახებით მყავდა, არც სახლთან მივუყვანივარ. უბრალოდ გზაში დავანახე სად მყავდა საბურავდაშვებული მანქანა დაყენებული (სახლიდან შორს). იმედი გადაწურული მქონდა და დაკარგულ ნივთზე გული მწყდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ერთ საღამოს ჩემს მანქანასთან მისულმა, საქარე მინაზე მიმაგრებული ფურცელი დამხვდა, სადაც ნომერი იყო მითითებული. ვრეკავ და მპასუხობს ტაქსის მძღოლი. მითხრა, ოთხი დღე გეძებდიო. თურმე ჩემს მანქანასთან მისულა რამდენჯერმე და ხალხს ეკითხებოდა, ამ მანქანის მეპატრონეს ხომ არ იცნობთო. ახლა გურიაში მომიწია წასვლა და საბურთალოს პოლიციაში დავტოვე შენი "პლანშეტი", მიდი და აიღეო. ძალიან გამიხარდა, ნამდვილად არ ველოდებოდი ასეთ პატიოსან ადამიანს. იმასაც დავამატებ, რომ იმ დღეს, როცა ამ ტაქს სახლში სახლში მივყავდი, გზაში დაინახა, რომ ვიღაც მანქანას ვერ ქოქავდა. მთხოვა, გავაჩერებ და დავეხმაროთო. ჯერ 20 წუთი აკუმულატორს უმუხტავდა და რომ არ ეშველა, კიდე 20 წუთი ვაწვებოდით რომ სადგომზე მიგვეყვანა."
როგორც დათო ამბობს, "ტაქსში" ადრეც დარჩენია ნივთები, მაგრამ უკან არავის დაუბრუნებია. ტაქსის მძღოლი გურული კაცი, კახა ა. აღმოჩნდა, რომელიც ჩვენთან საუბარში მხოლოდ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა. "საქარე მინაზე ტელეფონის ნომერი იმიტომ დავუტოვე, რომ საკუთარი ნივთი დაებრუნებინა. მას ეკუთვნის და სხვისას ჯიბეში ვერ ჩავიდებდისხვას ვერაფერს ვერ გეტყვით, უფრო მეტი და ბევრი სიკეთე გაუკეთებიათ, ეს იმასთან არაფერი არ არის."
ერთი სიტყვით, ჩემგან განსხვავებით, დავით კლდიაშვილს გაუმართლა. კარგია, რომ ჯერ კიდევ არსებობენ კეთილი და პატიოსანი ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან, რომ სხვისი საკუთრება არ უნდა ჩაიჯიბონ და დაკარგული ნივთი მეპატრონეს დაუბრუნონ.
თორნიკე ყაჯრიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)