"კოლხეთის სამეფოს "აფხაზთა სამეფო" ეწოდებოდა და მას აფხაზები მართავდნენ..." – აფხაზი ისტორიკოსის "სიმართლე"
სოჭის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე ნაჩვენებ პრომო ვიდეორგოლს "მითი არგონავტებზე", ქართული საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ქართველმა ისტორიკოსებმა "ოქროს საწმისი" სოჭთან ვერაფრით ვერ დააკავშირეს. თუმცა, აფხაზი ისტორიკოსის სურამ საკანიას თქმით, ლეგენდა "არგონავტებზე" პირდაპირ კავშირშია "ანტიკურ აფხაზეთთან"...
- ჩვენ შეჩვეული ვართ ქართული მხრიდან მსგავს პოზიციას, - ვერ გამირკვევია, მათ კვალიფიციური ანალიზის გაკეთებაში პროფესიონალიზმი არ ჰყოფნით თუ როგორც ჩვევიათ, ისტორიის ფალსიფიკაცია არ ეზარებათ. არადა, არაერთ ბერძნულ წყაროშია ნათლად არის ახსნილი, რომ ბერძნული კოლონიზაციის დროს, შავი ზღვის, კოლხეთის დაბლობი, აფხაზეთის საზღვრებს მოიცავდა. არგონავტები სწორედ შავი ზღვით შემოვიდნენ ამ ტერიტორიაზე...
- არგონავტები მდინარე ფაზისით შემოვიდნენ კოლხეთის ტერიტორიაზე, კოლხეთის სამეფო სწორედ იქ იყო განლაგებული...
- ასეთი მიკერძოებულმა ისტორიამ სიკეთე ვერასდროს მოგვიტანა, პირიქით... ეს თქვენი, ქართული ვერსიით, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, ბერძნულ წყაროებში გვხდება აფხაზური ტოპონიმები, - გიენოსი, - ანუ დღევანდელი ოჩამჩირე. დიოსკურიადა, - სოხუმი... ცნობისთვის, "ოქროს საწმისთან" დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს, მათ შორის, კავკასიურიც, რომლის მიხედვითაც, არგონავტებს, "ოქროს საწმისი" გრძნეული მედეას დახმარებით კი არ მოუპარავთ, არამედ, მას შემდეგ, რაც კოლხეთის დაბლობზე დამკვიდრდნენ, ადგილობრივ ტრადიციებს გაეცნენ და თავად დაიწყეს ოქროს შეგროვება ცხვრის ტყავით...
- ეს რაღაც ექსკლუზიური ვერსიაა...
- ძნელია, ცალსახა, სწორხაზოვანი ქართული ისტორიის შემდეგ, სადაც ყველაფერი დიდებული მხოლოდ ქართველებმა შექმნეს, გასხვავებული ვერსიის მოსმენა. ბერძნული კოლონიები, კოლხეთის დაბლობზე სრული დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ. მათ თავიანთი კონსტიტუციური წყობა და მართვის სტილი ჰქონდათ, რითაც თავად კოლხეთის სამეფოს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს, ვინაიდან სახელმწიფოებრივი განვითარების ბევრად უფრო მაღალ დონეზე იყვნენ.
(სურათზე: ოქროს საწმისის ძეგლი სოჭში)
- თქვენს მიერ აღწერილ აფხაზურ წყაროებში ქართველური ტომების, კოლხების შესახებ ცნობები არ მოიპოვება?..
- კოლხეთის სამეფო აფხაზეთის ტერიტორიის გარდა, მთელ დასავლეთ საქართველოს, თანამედროვე ქუთაისის ჩათვლით მოიცავდა და "აფხაზთა სამეფო" ეწოდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აფხაზები მართავდნენ... ამ დროიდან იკვეთება აფხაზი აბორიგენების კვალი. ანუ ანტიკურ ხანაში, აფხაზები უკვე ერად იყვნენ ჩამოყალიბებული. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, პატარა აფხაზ ერს, საკმაოდ დიდი წარსული აქვს, თუკი მას ვინმე საგულდაგულოდ არ გააყალბებს. ჩვ. წელთ აღ.-მდელი დიოსკურია, ახლანდელი სოხუმი, მაშინ მთელი კოლხეთის დაბლობისა და ზოგადად, დასავლეთ საქართველოს ცენტრი იყო, საიდანაც, ზღვიდან შემოსული ცივილიზაცია დანარჩენ კოლხეთში ვრცელდებოდა. იქ კი უკვე ცხოვრობდნენ აფხაზები, თავიანთი კულტურით, ტრადიციებითა და ისტორიით... შესაბამისად, ისტორიულადაც აფხაზეთს საქართველოზე უპირატესი თუ არა, არანაკლები უფლება აქვს, დამოუკიდებელ სახელმწიფოდ იწოდებოდეს.
- კოლხეთის მეფე აიეტზე მინდა გკითხოთ, რა თქმა უნდა, თუ არის ის აფხაზურ ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული...
- დიახ, რა თქმა უნდა, მისი შვილი აპსირტის სახელი შესაძლოა, აფხაზური სიტყვა апс-ил –ისგან იყოს ნაწარმოები. თუმცა, უძველესი ასურეთის წყაროების მიხედვით, მისი სახელი აფხაზურ-ჩერქეზული სიტყვათა გაერთიანებიდანაც მიიღება... ასე რომ, ვერსია უამრავი არსებობს, იმაზე მეტი, ვიდრე საქართველოს ისტორიაში წერენ. ბერძნების მიერ აფხაზეთის კოლონიზაციამ, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკურ განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა. ამის გამოძახილი იყო ჩვ. წ. აღ-მდე აფხაზეთში არსებული დიოსკურიის სამეფო.
- სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე ნაჩვენებ დოკუმენტურ ფილმში რუსებმა მითი "არგონავტების" შესახებ მიისაკუთრეს, პროტესტი თქვენც გაგიჩნდათ?
- ჩვენ გაურკვეველ რუკაზე უფრო გაგვიჩნდა პროტესტი, - რუსეთმა პირველმა აღიარა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა. ახლა კი მისი ორმაგი სტანდარტი თავად უქმნის უხერხულობას, რომლის შეფუთვასაც ნისლით ცდილობს. არა უშავს, გავა დრო და საერთაშორისო საზოგადოებას ამ თემაზე პირისპირ დაველაპარაკებით, რომელიც თანდათან თვალს გაუსწორებს ახალ რეალობას. ეს კი რუსეთის დამსახურება იქნება, რადგან მათ გაგვიკვალა გზა.
- ქართულ კერძებზეც მინდოდა მეკითხა, - ხინკალი, ხაჭაპური და სხვა ნუგბარი "რუსულ დელიკატესად" წარმოაჩინეს. რამდენადაც ვიცი, აფხაზეთშიც ამტკიცებენ, რომ ეს ადგილობრივი კერძებია...
- არა, ჩვენ არაფერს ვიბრალებთ. პატარ ერისთვის საკმაოდ დიდი განძის მემკვიდრეები ვართ. ქართველები კი ნამდვილად იბრალებენ ხინკლის ავტორობას, ნებისმიერ კავკასიურ ქვეყანაში მსგავს კერძს ამზადებენ, თუმცა, ეს ჩემს პრეროგატივას სცდება...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)