კომპოზიტორის "ზენიტი"... - კვირის პალიტრა

კომპოზიტორის "ზენიტი"...

რევაზ ლაღიძის უცნობი ფოტოები

ამ ფოტოებით "კვირის პალიტრის'' მკითხველი სულ სხვანაირ რევაზ ლაღიძეს გაიცნობს. სანამ მის უცნობ გატაცებაზე მოგითხრობთ, ერთ ამბავს გავიხსენებ: 1962 წელს საქართველოში სტუმრად ჩამოსულმა ბერძნულმა ორკესტრმა სპორტის სასახლეში კონცერტი გამართა. მოულოდნელად სოლისტმა იოვანამ რევაზ ლაღიძის "თბილისო" ქართულად შეასრულა.

ლეგენდარული მომღერალი რამდენიმე წლის წინ რუსთაველის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ვნახე. რევაზ ლაღიძე ქართული გენიაა და მეამაყება, რომ მის სიმღერას ვასრულებდიო, მითხრა. მისგან ისიც შევიტყვე, რომ დისკზე, სადაც მისი რჩეული სიმღერებია ჩაწერილი,  "თბილისოც" არის.

უკვდავი "თბილისოს" ავტორს თურმე ძალიან ჰყვარებია ფოტოების გადაღება - ფოტოაპარატი "ზენიტი" ყოველთვის თან დაჰქონდა. იღებდა ყველაფერს, მნიშვნელოვანს თუ უმნიშვნელოს... ფირებსაც თავად ამჟღავნებდა...“

განსაკუთრებით ბუნებაში ყოფნა ჰყვარებია, მისი ფოტოების უმრავლესობაც სწორედ ბუნებაში, ნადირობისა და თევზაობისას არის გადაღებული. უნიკალური ფოტოები, რომლებიც "კვირის პალიტრაში" პირველად იბეჭდება, რამდენიმე დღის წინ ეროვნულ ბიბლიოთეკას პროექტის, "შეხვედრა წარსულთან" ფარგლებში გადასცეს.

ლელა ლაღიძე, რევაზ ლაღიძის ქალიშვილი: - მამას ყოველთვის თან დაჰქონდა ფოტოაპარატი. ჩასაფრებული იყო, გვიღებდა ყველგან და ყოველთვის. თუკი რომელიმე ოჯახური ფოტო გვაქვს, ყველა რეზოს გადაღებულია.

თავად ამჟღავნებდა ფირებს სახელდახელოდ მოწყობილ ატელიეში. სააბაზანოში წითელ შუქზე ბეჭდავდა ფოტოებს. ეს იყო მთელი რიტუალი, რომელიც დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მამასთან ერთად სულ რამდენიმე ფოტო მაქვს გადაღებული. რაც წამოვიზარდე, ფაქტობრივად, მე და რეზოს ერთად გადაღებული ფოტო არა გვაქვს. კადრში იშვიათად ჩანს, რადგან სულ ფოტოგრაფის როლში იყო.

მამა კარგად ცურავდა, მაგრამ რომ გითხრათ, სპორტული იყო-მეთქი, არა. ბურთსაც აგორებდა ხოლმე. მერე ბურთი ნადირობამ და თევზაობამ ჩაანაცვლა. როგორც წესი, ყოველი კვირის ბოლოს ქალაქგარეთ მიდიოდა მეგობრებთან ერთად. აიყოლიებდა მილორავას, კვერნაძესა და ოჯახებთან ერთად დიდი რაფით მივდიოდით საქეიფოდ. რეზო აუცილებლად საჭესთან უნდა მჯდარიყო. თუ ნადირობის სეზონი არ იყო, თევზაობდა. ხშირად დავდიოდით ჩარგალში, ჟინვალსა თუ ფასანაურში, ყველგან, სადაც შეიძლებოდა, თავისი "მოსკვიჩით" წასულიყო. ზეპირად იცოდა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული. ამბობდა, ყველა წყაროს ტემპერატურა ვიცი, გასინჯული მაქვსო. თუ გზაში წყალს მოვითხოვდი,  მეტყოდა, ცოტა მოითმინე, 200 მეტრში კარგი მჟავე წყალი ვიციო. ბუნებასთნ სიახლოვე, ხალხთან საუბარი, სიმღერის მოსმენა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. თუ საზღვარგარეთ მიდიოდა, უკან გამოსამგზავრებელ ბილეთს მაშინვე ყიდულობდა - დიდხანს რომ არ დაჩენილიყო. ჩეხოსლოვაკიაში პრემიერა ჰქონდა და იქაც თავისი მეგობრები წაიყვანა. ზოგი ექიმი იყო, ზოგი - მონადირე, მეღვინე, სპორტსმენი... მახსოვს, პროფკავშირებს ტურისტული ჯგუფი გააკეთებინა, რომ მარტო არ ყოფილიყო.

ჩაცუცქვას ვერ ასწრებს...

ხანდახან შტატივზე ამაგრებდა ფოტოაპარატს, დააყენებდა ტაიმერს და გამორბოდა, რომ კადრში ჩვენთან ერთად მოხვედრილიყო. ხან ასწრებდა მოსვლას, ხან - ვერა. ამ ფოტოზეც ასე დაემართა. ფოტოაპარატი შტატივზე დააყენა და გამოიქცა, რომ ჩვენთან ჩაცუცქულიყო, მაგრამ ვერ მოასწრო... ეს ფოტო ახალდაბაში, 1961 წელს არის გადაღებული. “

პირსახოცის ჩალმა

ეს ფოტო 1967 წელს, ლიძავის პლაჟზეა გადაღებული. პირსახოცს ჩალმასავით იხვევდა, რომ მზისგან დაეცვა თავი. საერთოდ, ზღვაზე ადრიანად გადიოდა ან საღამოს, მზის ჩასვლისას. ეს ფოტო კი შუადღისას არის გადაღებული და მცხუნვარე მზისგან იცავს თავს. სულ წნევის შიში ჰქონდა.“

მზეთამზეში "მოსკვიჩით"

აქ ბორჯომის რაიონის სოფელ მზეთამზეში ვართ. დედა, მამა, ჩემი და-ძმა და მე რეზოს მწვანე "მოსკვიჩთან". არ უყვარდა სხვაგან დარჩენა... როცა დასასვენებლად მივყავდით, დაგვაბინავებდა და თბილისში ბრუნდებოდა. შაბათ-კვირას კი გვაკითხავდა. ეს ფოტოც, ერთ-ერთი მისი "სტუმრობის" დროს არის გადაღებული.

ნარდის თამაში

ეს ფოტო 1961 წელს ქვიშხეთშია გადაღებული. ნარდი მაინცდამაინც არ უყვარდა, სიტუაციიდან გამომდინარე თამაშობდა. შინ რომ ეთამაშოს, არ მახსოვს. ალბათ, აგარაკზე თავს ირთობდა. ისე, რასაც სკამზე ჯდომა სჭირდებოდა, ნაკლებად აინტერესებდა. სულ უნდა ემოძრავა...

ბოლო ფოტო

ბოლო დროს, როდესაც უკვე ავადმყოფობდა, აღმოაჩინა, რომ ბავშვობის მერე ჩემთან გადაღებული ფოტო არ ჰქონდა. მითხრა, მოდი, სტუდიაში წავიდეთო. ეს ფოტო სწორედ მაშინ, 1975 წელს გადავიღეთ. გამომეტყველებაზეც ეტყობა, რომ უკვე ცუდად არის. ეს უკანასკნელი ფოტოა, რომელიც ერთად გადავიღეთ. “

მოამზადა თორნიკე ყაჯრიშვილმა