"მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო და მკვლელი ბინაში თავად შეიპატიჟა?!" - თემქაზე მომხდარი მკვლელობის უცნობი ვერსია - კვირის პალიტრა

"მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო და მკვლელი ბინაში თავად შეიპატიჟა?!" - თემქაზე მომხდარი მკვლელობის უცნობი ვერსია

"ძალიან ლამაზი ქალი იყო, სპორტული ცხოვრებას მისდევდა, სულ ფორმაში იყო, 70 წლისა 40-ისას გავდა."

"ძაღლები სულ სისხლიანები იყვნენ, როგორც ჩანს ებრძოდნენ მკვლელს. ნეტა დაჭმული ეყოლებოდეს."

14 თებერვალს, ვალენტინობას, თემქაზე, საკუთარ ბინაში 69 წლის ქალი მოკლეს. დანაშაული ძალოვნებმა ცხელ კვალზე გახსნეს და მკვლელობაში ბრალდებული, 32 წლის მამაკაცი დიმიტრი გ. ქარელში დააკავეს. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. დაკავებულმა 2014 წლის 14 თებერვალს თბილისში, თემქის დასახლებაში, 1945 წელს დაბადებულ ზინაიდა ისკაკოვას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ძალოვნებს დანაშაულის გახსნა მობილურმა ტელეფონმა გაუადვილა. დამნაშავეს წაღებული ჰქონდა ზინაიდას მობილური, მართალია გამორთული, მაგრამ, როგორც ჩანს, სიჩქარეში ტელეფონიდან სიმბარათის ამოღება დაავიწყდა და ძალოვნებმა სწორედ ამის საშუალებით მიაგნეს.

მეტი დეტალებისათვის მოკლულის სახლისკენ გავეშურე. ზინაიდა მეცხრე სართულზე ცხოვრობდა,სართული რკინის გისოსიანი კარით იკეტება. აშკარაა, კარის გაღების გარეშე მკვლელი სართულზე ვერ მოხვდებოდა. სავარაუდოდ მოკლულმა თავად გაუღო სადარბაზოს კარი დამნაშავეს და თავის ბინაში შეიყვანა. ბინაში მისი და და მეგობარი ქალი დამხვდნენ. ზინაიდა მეუღლესთან დიდი ხნის გაცილებული იყო, იქ მარტო ცხოვრობდა. უბანში ნატალიას ეძახდნენ, თურმე თავისი სახელი არ უყვარდა და ამიტომ ნატალია დაირქვა. გვარიც გამოიცვალა, მეუღლის გვარს ატარებდა და მას ყველა ნატალია ლაგუნოვათი იცნობდა.

მომხდარი დეტალურად მიამბო ნატალიას ქვედა სართულზე მცხოვრებმა ქალბატონმა:

- ღამით ხმაური გავიგე, მაგრამ ამისთვის ყურადრება არ მიმიქცევია. მას სამი ბულდოგი ჰყავდა სახლში და მეგონა, ძაღლები ჩხუბობდნენ. მეორე დილით მისმა კარის მეზობელმა დამიძახა, ნატალიას ბინის კარი ოდნავ ღიაა, შუქი ანთებულიაო, ის შუქს არასოდეს ტოვებს და მოდი შევიხედოთო.ორივე ერთად შევედით ბინაში. ირგვლივ ყველაფერი სისხლიანი იყო, მისაღებ ოთახში ძირს ეგდო დამტვრეული ვაზა, ყვავილები ოთახში იყო მიმოფანტული. მეზობელმა სამზარეულოს კარი შეაღო და საშინელი სურათი დავინახეთ. ნატალია, სრულიად შიშველი, პირქვე დამხობილი ძირს ეგდო, ირგვლივ სისხლის გუბე იდგა, სისხლში ცურავდა ფაქტობრივად, იქვე იყვნენ ძაღლებიც, ისინიც სულ დასისხლიანებულნი. მკვდარს ახლოს არ გავკარებივართ, მივხვდით, გარდაცვლილი იყო და ვერაფერს ვუშველიდით, გარეთ გამოვედით და პოლიცია გამოვიძახეთ. სახლის კედლებიც სულ სისხლით იყო მოსვრილი, ალბათ ძაღლების გამო. მალე მოვიდა პოლიცია, ძაღლები წაიყვანა და სადღაც დააბინავა.

- მკვლელობის მოტივზე რაიმეს თქმა შეგიძლიათ?

- როგორც ჩანს, თვითონ შეიყვანა სახლში ის კაცი, სხვანაირად იქ ვერავინ მოხვდებოდა.

ნატალია ლაგუნოვას და (სურათზე):

- საცოდავს მთელი ტანი დანით აქვს დასერილი, გამაგებინეთ, რას ერჩოდა? სისხლიანი იყო ფანჯრებიც. როგორც ჩანს, ვაზა დაარტყა კეფაში, დამტვრეული ვაზა აქ ეგდო. მკვლელი არ ვიცი, ვინ არის. ნატალია მარტო ცხოვრობდა. ცხვირიც აქვს ჩამტვრეული, თავი გატეხილი, მკვლელის დანა გადატეხილი აქ ეგდო. უნდა დაისაჯოს დამნაშავე ფსიქოპათი. წაღებული აქვს პლაზმური ტელევიზორიც. ნატალია არ ეწეოდა და დალევაც არ უყვარდა. ძალიან ლამაზი ქალი იყო, სპორტული ცხოვრებას მისდევდა, სულ ფორმაში იყო, 70 წლისა 40-ისას გავდა. თბილისის ზღვაზე დარბოდა დილაობით ძაღლებთან ერთად, სახლშიც ვარჯიშობდა, მას არ უნდოდა სიკვდილი. ძაღლები სულ სისხლიანები იყვნენ, როგორც ჩანს ებრძოდნენ მკვლელს. ნეტა დაჭმული ეყოლებოდეთ...

სადარბაზოდან გამოვედი და იქ შეკრებილ ქალბატონებს გავესაუბრე. ისინი მომხდარით შეწუხებულები იყვნენ, ამბობდნენ, რომ მოკლულს მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. "ჩვენთვის კარგი მეზობელი იყო და თვითონ რას აკეთებდა, ეს სხვა საქმეა. ფაქტია, შეეწირა თავის ქცევას", -მითხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა და ისიც გამიმხილა, რომ გარდაცვლილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო და სავარაუდოდ, მკვლელიც ბინაში თავად შეიპატიჟა. "გამაგებინეთ, 32 წლის ბიჭს რა უნდოდა მასთან? რა გითხრათ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იყო. ფილარმონიასთან იდგა ხოლმე. უცხო კაცები ხშირად დადიოდნენ მასთან სახლში. ზამთარში ძირითადად სახლში დაჰყავდა კაცები, ზაფხულში თვითონაც დადიოდა სხვაგან. ისე თავს ძალიან უვლიდა, სახეს იჭიმავდა. ამბობენ, მკვლელი ადრე ნასამართლევიაო. უთქვამს, ძალიან დავთვერი და მერე რა გავაკეთე, არ ვიციო. თუმცა მომხდარს გამართლება არ აქვს და მკვლელი უნდა დაისაჯოს", - მითხრა ერთ-ერთმა მეზობელმა ქალბატონმა.

საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, მოკლულს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. გამოძიება დაადგენს, რეალურად რა გახდა 69 წლის ქალის მკვლელობის მიზეზი. რა ურთიერთობა ჰქონდა მას 32 წლის ბიჭთან. მეზობლების ვერსიით, დამნაშავე მისი  მორიგი კლიენტი იყო.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)