მიხეილ ხუბუტიას აფხაზმა და სომეხმა მეგობრებმა ნანიკო ხაჩიურს კიდევ 50 ათასი დოლარი გადმოურიცხეს - კვირის პალიტრა

მიხეილ ხუბუტიას აფხაზმა და სომეხმა მეგობრებმა ნანიკო ხაჩიურს კიდევ 50 ათასი დოლარი გადმოურიცხეს

,,პე-ეს-პემ"", ,,ვისოლმა"" და ,,ავერსმა"" ნანიკოს მშობლებს დახმარებაზე უარი უთხრეს

19 წლის ნანიკო ხაჩიურის დასახმარებლად, რომელსაც ძვლის ტვინის გადანერგვა ჭირდება, სხვადასხვა ღონისძიება იმართება. გასულ კვირას სამების ახალგაზრდულ ცენტრში საღამო მოეწყო. ორი დღე აქცია თავისუფლების მეტროსთან მიმდინარეობდა. ორივე ღონისძიებაზე ექვსი ათას ხუთასი ლარი შეგროვდა. ნანიკოს დასახმარებლად 26 თებერვალს მამუკა ჩარკვიანის საღამო გამართება. სულ მალე აქცია ქუთაისშიც გაგრძელდება.

ნანიკო ხაჩიურის დასახმარებლად შექმნილ ფეისბუქის გვერდზე წერენ, რომ მას სახელმწიფო 10 ათასი ევროს გადარიცხვას დაპირდა, მაგრამ მისი საქმის განხილვას ერთი თვე სჭირდება. ამდენი დრო კი ნანიკოს არ აქვს. მისი სიცოცხლის გადასარჩენად ყოველი დღე მნიშვნელოვანია. ფეისბუქის ამავე გვერდზე აქვეყნებენ, რომ რამდენიმე მსხვილ კომპანიას და ბიზნესმენს მიმართეს, მაგრამ პასუხი არ მიუღიათ. ,,პე-ეს-პემ"" ,,ვისოლმა"" და ,,ავერსმა"" კი ნანიკოს მშობლებს დახმარებაზე უარი უთხრეს.

შეგახსენებთ, ნანიკო ხაჩიურს დასახმარებლად მოსკოვში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია გამოეხმაურა. მან გოგონას 50 ათასი დოლარი გადაურიცხა და ქართველ ბიზნესმენებსაც იგივეს გაკეთებისაკენ მოუწოდა. დღეს ხუბუტიას რუსეთში მცხოვრებმა ორმა მეგობარმა ნანიკოს 25-25 ათასი დოლარი გადმოურიცხეს. მათ ვინაობის გამხელა არ ისურვეს, მაგრამ გავარკვიეთ, რომ ერთი მათგანი ეთნიკური აფხაზი, მეორე კი სომეხია.

ასევე იხილეთ:

მიხეილ ხუბუტია: "ნანიკო აუცილებლად უნდა გადარჩეს! მოგიწოდებთ და გთხოვთ, დაეხმაროთ!" (ექსკლუზივი)

"იქნებ არც გაიმეტოს ჩემი შვილი უფალმა და დანარჩენიც შევაგროვოთ..." - ნანიკო ხაჩიურის მამა

”სიკვდილი მინდა!” - 19 წლის ულამაზესი გოგონას გადასარჩენად მშობლებს გროშიც არ აქვთ!