"უთხრეს, თუ საავადმყოფოში მოხვდები, ბელგიაში შეგეძლება დარჩენაო და ვენები გადაიჭრა" – რატომ ჩამოიხრჩო თავი 27 წლის ქუთაისელმა ბელგიაში (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"უთხრეს, თუ საავადმყოფოში მოხვდები, ბელგიაში შეგეძლება დარჩენაო და ვენები გადაიჭრა" – რატომ ჩამოიხრჩო თავი 27 წლის ქუთაისელმა ბელგიაში (ექსკლუზივი)

"იქ რა იფიქრა, რა განიცადა, არ ვიცით, დილით გადაბმული "შნუროკებით" დაკიდებული იპოვეს."

"როცა დარეკავდა, ამბობდა, ნუ გეშინიათ, კარგ სამუშაოს შემპირდნენ და მალე დავიწყებო..."

"ჩემს ქმარს უცხო ქვეყანაში, ბელგიაში მიცვალებული ძმა მარტო გაუხდა საპატრონო, მარტომ ჩამოასვენა, ჭკუაზე აღარ არის კაცი!"

ქართველების დაბრუნებისთვის მიძღვნილი სტატიების რიგში ალბათ ჩემი ეს სტატიაც ჩადგება. მაგრამ მასში სიხარულის ნატამალიც არ არის - 27 წლის ქუთაისელი მირზა გოლეთიანი ბელგიიდან ქართულ მიწას ნამდვილად დაუბრუნდა, თუმცა გარდაცვლილი. არადა, მისი ოჯახის წევრების თქმით, მირზა გამუდმებით ამტკიცებდა, როგორც კი უცხოეთში "რაღაც" თანხას დავაგროვებ, სამშობლოში დავბრუნდები და ფეხზე დავდგებიო... იგი ერთ-ერთია იმ ქართველებს შორის, რომელებმაც საარსებო გროშების მოპოვებას განგებისაგან ერთადერთხელ ნაჩუქარი სიცოცხლე შესწირეს, ან სულიერად განუკურნებელი ტრამვა მიიღეს. ქართველებმა, რომლებმაც ტრაგიკულად პასუგაუცემელი კითხვა დაგვიტოვეს, - ამ ფასად გვიღირს კი ეს ყველაფერი?

მირზას ძმის ცოლი, ნათია გოლეთიანი:

- ჩემი მაზლის შესახებ ინტერვიუზე მხოლოდ იმიტომ გთანხმდებით, რომ სხვა ახალგაზრდები მაინც დაფიქრდნენ, სად და რატომ მიდიან. ისეთ საშინელებად, რაც ჩენს ოჯახს დაემართა, არაფერი ღირს. საცოდავი ჩემი მაზლი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, მის სახელზე აღარავინ დარჩა. ცოლის შერთვაზე ველაპარაკებოდით, მაგრამ არ გაგვიგონა, - რომ შევირთო, ჩემს შვილებს ყველაფერი რატომ უნდა ენატრებოდეთო? ჩემს ქმარზე უბედური კაცი არ მეგულება, - 33 წლის კაცი თავადაც ასეა წასული უცხო ქვეყანაში შვილების სარჩენად, ჩვენი ნახვა აღარ ეღირსა, ახლა კი ერთადერთი ძმაც მოუკვდა. ამაზე უარესი რა უნდა იყოს, - ასეთ დროს ჭირისუფალი მარტო რანაირად შეიძლება, ჩემს ქმარს კი უცხო ქვეყანაში, ბელგიაში მიცვალებული ძმა მარტო გაუხდა საპატრონო, მარტომ ჩამოასვენა, ჭკუაზე აღარ არის კაცი!

- ძმები ერთად ცხოვრობდნენ ბელგიაში?

- არა, ასეთი კომფორტი არ გვქონდა. მირზას წელიწადი და 3 თვე გაუხდა, რაც წასულია. უბედურს უნდოდა სადმე ფეხი მოეკიდებინა და სამუშაო ეშოვნა. მაგრამ ვერსად ვერაფერი იშოვა და ქვეყნიდან ქვეყანაში დახეტიალობდა... ხან გერმანიაში იყო, ხან იტალიაში... ხან, - ალბათ სხვაგანაც, მაგრამ ჩვენ არ გვეუბნებოდა. საერთოდ მშობლებს უფრთხილდებოდა, ეცოდებოდა და პრობლემებზე არ ელაპარაკებოდა. როცა დარეკავდა, ამბობდა, ნუ გეშინიათ, კარგ სამუშაოს შემპირდნენ და მალე დავიწყებო... ჩემი დარდი არ გქონდეთო, ხან კიდევ, - აქ სწავლა აუცილებლად უნდა გავაგრძელოო. - საწყალი თეატრალურ ფაკულტეტზე სწავლობდა, სწავლა მუშაობისთვის შეწყვიტა. ეტყობა, გულში დარდად ჰქონდა ეს ამბავი ჩარჩენილი.

- სანამ უცხოეთში წავიდოდა, არ მუშაობდა?

- უსაქმური არ ყოფილა, მამას ეხმარებოდა ხელოსნობაში. სწავლა სწორედ მაგიტომ შეწყვიტა, - მშობლების კისერზე როდემდე უნდა ვიყოო და... აი, ასე გამოვიდა... ახლა როგორ ირკვევა, ბელგიაში უთხრეს, თუ საავადმყოფოში მოხვდები, ბელგიაში შეგეძლება დარჩენაო და იმ უბედურმაც, როგორც გვითხრეს, ვენები გადაიჭრა, რომ საავადმყოფოში მოხვედრილიყო. იქ რა იფიქრა, რა განიცადა, არ ვიცით, დილით გადაბმული "შნუროკებით" დაკიდებული იპოვეს. ღმერთო, ვინ იცის რა უჭირდა, რის ფასად უნდა გაეკეთებინა ეს?

- დედამისი როგორ არის? რაც მოხდა, დედისთვის იმაზე დიდი უბედურება არ არსებობს...

- დედას რომ შვილი მოუკვდება, მისთვის სიცოცხლე დამთავრებულია. იმის იმედი მაქვს, რომ ჩემი პატარა შვილები იმას მაინც მისცემენ ფიქრებში წასვლის საშუალებას... იქნებ ამან მაინც აცოცხლოს...

... ფეისბუკში მირზა გოლეთიანის გარდაცვალების შესახებ კომენტარების ვკითხულობდი და ერთ-ერთმა მათგანმა შემზარა:

"ძალიან სამწუხაროა. მეც იგივეს ვაპირებდი საფრანგეთში მაგრამ ვერ შევძელი შიშის თუ პასუხისმგებლობის გამო... ჩემი აზრი თუ ვინმეს გაინტერესებთ: სიკვდილი ბევრად მირჩევნია საქართველოში დაბრუნებას ევროპის პასპორტის გარეშე. გპირდებით, თუ აქ პასპორტს ვერ მივიღებ, საქართველოს ჩემი თვალი ვერ იხილავს სანამ პირში სული მიდგას!"

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)