ბიზნესღორობა – რატომ ვზარალდებით მოქალაქეები
საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე უკვე დაიწყებს ანტიმონოპოლიური კანონპროექტის განხილვას. თუმცა ჩვენს თანამოქალაქეებს კონკრეტული მუხლები და ქვეთავები არ აინტერესებთ. ისინი სვამენ ერთადერთ კითხვას – გაიაფდება თუ არა პროდუქტი ანტინონოპოლიური კანონის ამოქმედების შემდეგ.
ამ კითხვაზე დეპუტატებს და ექსპერტებს ზოგადი პასუხი აქვთ. კერძოდ, მათი არგუმენტით, როდესაც ბაზარზე ამა თუ იმ სფეროში მონოპოლია აღარ იქნება, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, კომპანიები შეეცდებიან, პროდუქტი რაც შეიძლება იაფად შესთავაზონ მომხმარებელს.
დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ამ არგუმენტების ავტორებს ავიწყდებათ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბაზარი კი არ არეგულირებს ფასებს, არამედ ძირითადი მოთამაშეები(კომპანიები), ცდილობენ, ერთმანეთთან კარტელური გარიგებით არეგულირონ ბაზარი.
წარმოიდგინეთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, საქართველოში ყველა მეპურე შეთანხმდეს, რომ პური ღირდეს 2 ლარი. ფორმალურად, მონოპოლია არ იქნება და კანონი არ დაირღვევა, რადგან საქართველოში ყველა პურის ქარხანას და თონეს ერთი კონკრეტული კომპანია არ ფლობს. რეალურად კი, მივიღებთ კარტელური გარიგებით ხელოვნურად გაბერილ ფასს – მოსახლეობას კი სხვა გამოსავალი არ ექნება და იმ 2 ლარს მაინც გადაიხდის.
ეს არ არის ფანტასტიკური წიაღსვლები, რადგან ასეთი "მეპურეები" გვყავდა საქართველოში. შორს წასვლა არ დაგვჭირდება და "მაგთისა" და "ჯეოსელის" მაგალითზე შეიძლება ვიმსჯელოთ. ალბათ, ყველას გახსოვთ, რა ტარიფები ჰქონდათ მათ დაწესებული ბაზარზე, რომელსაც წლების განმავლობაში ფეხს არ უცვლიდნენ. ამ ტარიფებით საქართველო დასავლურ ქვეყნებს უსწრებდა.
ეს ტარიფები მძიმე ტვირთად აწვებოდა მოსახლეობის ჯიბეს და მძაფრ პროტესტს იწვევდა. შესაბამისად, უამრავი სტატია და სიუჟეტი მზადდებოდა ამ თემაზე, რომლებშიც ჟურნალისტები, ექსპერტები და ჩვენი თანამოქალაქეები სვამდნენ კითხვას – რატომ იყო საქართველოში კაბალური ტარიფები მაშინ, როდესაც ევროპაში და ამერიკაში, სადაც მომხმარებლის გადახდისუნარიანობა შეუდარებლად მაღალია, პირობები მაქსიმალურად მორგებული იყო მოქალაქეებზე.
ჩვენი თანამოქალაქეები სხვა კითხვასაც სვამდნენ. კერძოდ, "ჯეოსელი" თურქული ინვესტიციით შეიქმნა და მოქალაქეები ამ კომპანიის ტარიფების საკითხს "უცხოელებს რა უნდა მოსთხოვო" პრინციპით უდგებოდნენ. თუმცა იქვე იყო ქართული "მაგთიც", რომელიც კაბალური პირობებით ნამდვილად იყო თურქული კომპანიის კონკურენტი. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აინტერესებდათ – ნუთუ არ შეეძლოთ "მაგთის" ქართულ დამფუძნებლებს სულ ოდნავი შეღავათი მაინც გაეწიათ თანამემამულეებისთვის? თუმცა ალბათ, მას, რომელიც კაბალური პირობებით ზესუპერმოგებას იღებს და გამკითხავიც არავინ ჰყავს, ზემოხსენებული კითხვა ბრიყვულ სენტიმენტალიზმად მოეჩვენება.
"მაგთისა" და "ჯეოსელს" ზემოხსენებული კითხვებზე ოფიციალური პასუხი ჰქონდათ. კერძოდ, მათი განმარტებებიდან ისე გამოდიოდა, რომ ყველაფერი დეტალურად ჰქონდათ გათვლილი და ტარიფი ერთი თეთრითაც რომ შემცირებულიყო, კომპანიები წაგებაზე იმუშავებდნენ და დაიქცეოდნენ.
ეს მდგომარეობა გაგრძელდა მანამდე, სანამ ბაზარზე მესამე მოთამაშე არ შემოვიდა. აი, შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ თურმე "მაგთისა" და "ჯეოსელის" მხრიდან შესაძლებელი ყოფილა მომხმარებლისთვის სხვადასხვა შეღავათიანი პაკეტის შეთავაზება, ტარიფები ზოგიერთ შემთხვევაში ათჯერაც შემცირდა და კომპანიები არ გაკოტრებულან.
ანუ ლოგიკურად გამოდის, რომ ვითომდა კონკურენტები "მაგთი" და "ჯეოსელი" ასპროცენტიან კი არა, ორას და სამასპროცენტიან მოგებაზე მუშაობდნენ და ასეც გაგრძელდებოდა, ბაზარზე მესამე მოთამაშე რომ არ შემოსულიყო. ასევე, ამ ლოგიკის მიხედვით, ეს მესამე მოთამაშე კარტელურ გარიგებაში რომ შესულიყო "მაგთისა" და "ჯეოსელთან", ფასები არც მაშინ შეიცვლებოდა.
არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ თავისი "მაგთები" და "ჯეოსელები" ჰყავთ ნავთობის სფეროში, სააფთიაქო ბიზნესში, საბანკო სექტორში თუ სხვა სფეროებში.
ბიზნესღორობა და კარტელური გარიგებები ერთი მხრივ, აზარალებს მომხმარებელს და მეორე მხრივ, პერსპექტივაში ბიზნესს დიდ საშიშროებას უქმნის. ანტიმონოპოლიური კანონმდებლობაში დევს კარტელურ გარიგებებთან(არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) ბრძოლის მექანიზმი, რაც ჯარიმას გულისხმობს. თუმცა თუ ასეთი გარიგებების მცდელობა მაინც იქნება, შესაძლოა, სახელმწიფო დაფიქრდეს კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებაზე და ე.წ. პოლიციური ფორმებით ტარიფებისა და ფასების დადგენის პროცესის ზედამხედველობაზე ან სულაც ჩარევაზე. გარწმუნებთ, ამას საზოგადოების მხრიდან დიდი მხარდაჭერა ექნება.
ეს იქნება ყველაზე უარესი გამოსავალი იმ შემთხვევაშიც კი, თუ კონკრეტული სახელმწიფო უწყება ამ პროცესში ზეობიექტურობის შენარჩუნებას ეცდება. სახელმწიფო რაც შეიძლება შორს უნდა იყოს ბიზნესისგან და ბიზნესსექტორმა ის არ უნდა "გამოიწვიოს" ან "მოიწვიოს."
წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მხოლოდ კარტელური გარიგებების მონაწილეებს კი არა, იმათაც დააზარალებს, რომლებიც პატიოსანი წესებით ცდილობენ თამაშს.
მნიშვნელოვანია, რომ ანტიმონოპოლიური კანონის დამტკიცებამდე (სხვა თემაა, რომ ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო), საბოლოო განხილვის პროცესში, ის კიდევ უფრო დაიხვეწოს. მასში უნდა ჩაიდოს მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავენ - ერთი მხრივ, კანონის ფარატინა ქაღალდად დარჩენის რისკს და მეორე მხრივ იმას, რომ სხვა უკიდურესობა არ მივიღოთ და ანტიმონოპოლიური მექანიზმები ბიზნესის გაკონტროლების ინსტრუმენტებად არ იქცეს.
გიორგი კვიტაშვილი