"ონიანი უკნიდან მომეპარა და ქათმურად ხელი დამარტყა" - კვირის პალიტრა

"ონიანი უკნიდან მომეპარა და ქათმურად ხელი დამარტყა"

"ჩვეულებრივი ზონდერი იყო... ჩაქუჩებით და არმატურებით არბევდა და სცემდა ხალხს"

"დავით საყვარელიძე, პარლამენტში რომ ზის ფაშასავით, მაგას რატომ არ იჭერენ?!"

ცოტა ხნის წინ ბაჩო ახალაიას ადვოკატ გოგა ონიანი დააკავეს. გასული წლის ზაფხულში ონიანთან კონფლიქტით დაგვამახსოვრდა უფლებადამცველი გიორგი გაბედავა. ჩვენ დავუკავშირდით გაბედავას და ონიანის დაკავებაზე კომენტარი ვთხოვეთ:

- ყველას ღმერთი მიაგებს მისაგებელს. იურისტი არ ვარ და ამ თემაზე არ მინდა კომენტარის გაკეთება.

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ ფაქტს პოლიტიკური ზეწოლად აფასებენ?

- მაგათ ნათქვამზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? მკვლელების ნათქვამზე რა კომენტარი შეიძლება? ონიანი იყო კლასიკური ზონდერი და მაგას ვინმეს დაჭერა გაუკვირდა?!

- შენ ონიანთან უშუალო კონფლიქტი გქონდა...

- ხო, "ცუციკივით" უკნიდან მომეპარა და ქათმურად ხელი დამარტყა. მეორე დღეს სასამართლოზე შემხვდა და ბოდიში მომიხადა. მე არც მიჩივლია. მეტს ვერაფერს გეტყვით. ჩემთან ერთად არის მელორ ვაჩნაძე, რომელიც ამ საკითხებში კომპეტენტურია და უფრო დეტალურად გესაუბრებათ.

მელორ ვაჩნაძე (ყოფილი პოლიტპატიმარი):

- ონიანი დიდი ხნის წინ უნდა დაეკავებინათ. ეგ იყო ერთი ჩვეულებრივი ზონდერი, ჩაქუჩებით და არმატურებით არბევდა და სცემდა ხალხს.

- როგორ ფიქრობ, პროკურატურა რატომ აქამდე არ აპატიმრებდა ონიანს?

- არსებობს რაღაც პროცედურები, რომლებიც ალბათ გაიწელა, თორემ მეც ძალიან მაღიზიანებს, რომ ბევრ დასაჭერს არ იჭერენ. თუნდაც დავით საყვარელიძე, პარლამენტში რომ ზის ფაშასავით, მაგას რატომ არ იჭერენ?! ეგ აკანონებდა ყველა უკანონობას, თუმცა დარწმუნებული ვარ, მისი დროც მოვა და მაგასაც ჩააყუდებენ.

- ონიანს მხარი დაუჭირა ადვოკატთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზაზა ხატიაშვილმა...

- ყველა, ვინც ონიანს მხარს უჭერს, ჩემთვის მიუღებელია. ძალიან საწყენია როდესაც ხატიაშვილი მხარს უჭერს ონიანს. ხატიაშვილს მაშინ უნდა ამოეღო ხმა, როდესაც ზონდერი ონიანი ადვოკატობას იბრალებდა და ეს ბევრად მართებული იქნებოდა.

- "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ონიანის დაკავებას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევენ...

- კარგად დაფიქრდნენ "ნაციონალები", პოლიტპატიმარიც ხომ არაა ონიანი?! ასი გამოკითხულიდან ასივე დაგიდასტურებთ, რომ ონიანი იყო სააკაშვილის რეჟიმის პაიკი და ასრულებდა დაკვეთებს. არბევდა და სცემდა "ნაციონალური მოძრაობისთვის" მიუღებელ პოლიტიკურ ფიგურებს. მისთვის ჩვეული მოვლენა იყო ხალხის დაშანტაჟება. ადამიანი, რომელიც იყო ჯალათი, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ადვოკატი?! "ნაციონალები" აუცილებლად დაიწყებენ მოთქმას, რომ ესაა პოლიტიკური დევნა, მაგრამ საერთოდ ვის აინტერესებს მაგათი აზრი, რომ არა დემოკრატია, მაგათ საერთოდ ვინ მისცემდა ხმის ამოღების საშუალებას?! სწორედ დემოკრატიაა ერთადერთი მიზეზი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არსებობს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)