"ჩემი საწყალი ძმისგან მარტო ფეხები, ქალა და მხარი იყო დარჩენილი" – საიდუმლოებით მოცული მკვლელობა ხობში - კვირის პალიტრა

"ჩემი საწყალი ძმისგან მარტო ფეხები, ქალა და მხარი იყო დარჩენილი" – საიდუმლოებით მოცული მკვლელობა ხობში

ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში 43 წლის გელა კირთაძის დასახიჩრებული ცხედარი მეზობელმა შემთხვევით აღმოაჩინა. დაკარგულს ახლობლები და სამართალდამცავები თითქმის სამი თვე ეძებდნენ და მის კვალს ვერსად მიაგნეს. კირთაძის ოჯახი სამართალდამცავებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

შვილის გაუჩინარებიდან რამდენიმე ხანში შვილზე დარდს გადაჰყვა გელას მამა (სურათზე, მარცხნივ). 23 თებერვალს, მამის დაკრძალვამდე ერთი დღით ადრე თანასოფლელი ადამიანის დასახიჩრებული სხეულის ნაწილებს იქვე, კირთაძეების სახლთან ახლოს, არხში წააწყდა.

"გელა ფოთში ნათესავს გაჰყვა შვილის სახლში და იქიდან საღამოს წამოვიდნენ. მძღოლი, რომელმაც მოიყვანა, ამბობს, რომ 4 დეკემბერს, საღამოს 9 საათზე გელა სახლის კართან დატოვა. ნასვამი იყო, მაგრამ ძალიან მთვრალი არ ყოფილა, თორემ სახლში თვითონ შევიყვანდიო. ფაქტია, იმ საღამოს გელა სახლში არ შესულა, შვილებს კარი შიგნიდან ჰქონდათ ჩაკეტილი და დილით ჩვეულებრივ, შიგნიდან გააღეს. მეუღლე თურქეთში იყო სამუშაოდ...

22 თებერვალს მეზობელმა, ვაჟა ღვინჯილიამ შემთხვევით აღმოაჩინა დასახიჩრებული ცხედარი. საცხოვრებელი სახლიდან 50 მეტრში, გადასასვლელი ბოგირის ქვეშ იპოვა. ამბობს, ადრე არაფერი შემინიშნავსო. ამ სამი თვის განმავლობაში გახრწნილი გვამის სუნი მაინც შეაწუხებდა ვინმეს. ჩემი თვალით ვნახე, როგორი დასახიჩრებული იყო ცხედარი. ხელის მტევანზეღა ჰქონდა ხორცი შემორჩენილი, ნეკნები საერთოდ ვერ შევამჩნიე, შეჭმული იყო თუ დანაწევრებული, არ ვიცი. მეზობელმა შენიშნა, რომ ძაღლი რაცას ექაჩებოდა... მესამედი არ არის ადამიანი დარჩენილი. ნეკნები საერთოდ არ აქვს. საშინელი სანახავი იყო. ვაჟა ამბობს, თავიდან რომ ვნახე, ისე ჩანდა მეგონა ძროხის უკანა ნაწილი იყო გადაჭრილი და ვთქვი კიდეც, მოუტანიათ ძროხის ძვლები და დაუყრიათ, ეს ვინ გააკეთაო. მერე კარგად რომ დააკვირდა, ნახა, რომ ადამიანი იყო. შოკირებულები ვართ, არ ვიცით, ვინ გაიმეტა ასე და რატომ. " - ამბობს მეზობელი.

რა იყო კირთაძის მკვლელობის მიზეზი და რა მოხდა რეალურად, ეს გამოძიებით უნდა გაირკვეს. ოჯახი ერთადერთ ვერსიას განიხილავს. მათი თქმით, გელას თურქეთში ყოფნისას მასთან ერთად მყოფმა ქართველმა თურმე სთხოვა, საქართველოდან, კერძოდ მისი სახლიდან ნოუთბუქი და ვიდეოპლეიერი წაეღო თურქეთში. მან მისი სახლიდან წამოიღო ეს ნივთები, მაგრამ წასვლა და მიტანა ვეღარ მოახერხა, ამიტომ ემუქრებოდნენო. ბავშვები ამბობენ, გვესმოდა ტელეფონით, მამა ვიღაცეებს ედავებოდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენესო. ოჯახი ეჭვობს, რომ გელა სწორედ ამ ნივთების გამო მოკლეს.

ნატო კირთაძე, გელას და:

- 3 თვის თავზე სახლთან ვნახეთ მიცვალებული. როგორ დავიჯერო, რომ იქ იყო ამდენი ხანი? მამა რომ დარდს გადაჰყვა, მაშინ ვთქვი, არ გავჩუმდებოდი და გზას გადავკეტავდი. ვიღაცამ ეს გაიგო და დააგდო იქ მიცვალებული. გამოძიება სულ მეუბნებოდა, ტელეფონი დაჩეჩქვილია და ამიტომ ვერ ვადგენთ ვერაფერსო. ცხედრის აღმოჩენის შემდეგ ირკვევა, რომ ტყუილი მითხრეს. ჩემი ძმის ტანსაცმელში მარჯვენა მხარეს იდო მობილური ტელეფონი და კარტაც არავის ამოუცლია. მოსახლეობას გაკრიალებული აქვს კანალიზაცია, ის ადგილები დათვალიერებული გვქონდა, აშკარად მოიტანეს და დააგდეს. თუ სამი თვე იქ ეგდო ჩემი ძმა, მაშინ მითხარით, რას აკეთებდა პოლიცია, სად ეძებდა? იქვე ცხვირწინ იყო და ვერ იპოვეს? ეს ხომ აბსურდია. მამაჩემი შეეწირა ამ ამბავს, გამოძიება მაინც არ მიდის წინ. დღემდე არავინ დაუკავებიათ.

- ნატო, ეჭვი გაქვთ ვინმეზე?

- გვქონდა ვერსია და ვითხოვდი მათ დაკავებას, მაგრამ გვეუბნებოდნენ, არსად გაიქცევაო. მამა რომ დაიღუპა, მაშინაც მოვთხოვე დაკავება და მითხრეს, იმ კაცს ორი კვირაა ვეძებთ და ვერ ვპოულობთო. იმასაც ვეჭვობ, რომ ვინმე ჩვენი სოფლელიც ურევია ამ საქმეში.დადასტურებულად რომ ვიცოდე, ვინ მომიკლა ძმა, მე თვითონ გავუსწორდებოდი. საშინლად გახრწნილი იყო ცხედარი. დასახიჩრებული. ჩემი საწყალი ძმისგან მარტო ფეხები იყო დარჩენილი, თავის ქალა და მარჯვენა მხარი, მისი ტანსაცმელებიც იქ იპოვეს.

- მტერი ჰყავდა გელას?

- მტერი არ ვიცი ჰყავდა თუ არა, ცუდი ადამიანი ნამდვილად არ იყო. ჩვენს სოფელში ასე სასიკვდილოდ არავინ გაიმეტებდა. მამამ შვილის დაკარგვა ძალიან განიცადა და ოჯახის ორი წევრი დავკარგეთ.

- იქნებ მთვრალი იყო და არხში ჩავარდა, ამ ვერსიას გამორიცხავთ?

- გამოვრიცხავ, არ იყო შანსი, რომ ჩავარდნილიყო. მოკლულსაც შარვლის ერთი ტოტი გასწორებული ჰქონდა, მეორე გადმობრუნებული. ყველაფერი იქვე მიმოფანტული იყო. გადასავარდნი ადგილიც არ არის, ან ყველა დაინახავდა. ბიჭი დამპალი იყო, ფაქტობრივად მარტო ფეხები და მკლავი დავმარხეთ. ცხედრის გაჩერება აღარ შეიძლებოდა, გახრწნილი იყო და რომ ვიპოვეთ მეორე დღეს მამასთან ერთად დავკრძალეთ. ჯერ ველოდები გამოძიებას და ვაპირებ ასე დავტოვო. დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)