ავიაექსპონატი წყალქვეშ - კვირის პალიტრა

ავიაექსპონატი წყალქვეშ

ოდესაში, შავი ზღვის ფსკერზე აღმოაჩინეს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი გერმანული თვითმფრინავი Junkers-52. არქეოლოგებმა აღმოჩენა უნიკალურად მიიჩნიეს, რადგან ასეთი ტიპის "იუნკერსები" ძალიან ცოტა შემორჩა.

ნაპოვნი საბრძოლო თვითმფრინავი 60 წელიწადზე მეტხანს იყო წყლის ქვეშ, თუმცა ის არცთუ ცუდ მდგომარეობაში ნახეს. უკრაინის არქეოლოგიის ინსტიტუტის წყალქვეშა მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროს სერგეი ვორონოვის შეფასებით, თვითმფრინავის 70% უვნებლად იყო შემონახული.

"უკრაინის არც ერთ მუზეუმს არ აქვს მსგავსი ექსპონატი და ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. დიახ, თვითმფრინავი ჩამოაგდეს და ვარდნისას იწვოდა, მაგრამ მაინც ყველაზე კარგ მდგომარეობაშია ამ ტიპის თვითმფრინავებს შორის", _ ამბობს ვორონოვი.

"იუნკერს-52"-ს შლამს აცლიან. ამოიღეს პილოტების ნივთები და ერთადერთი მგზავრის ნეშტი. ასევე საქაღალდე, რომელშიც აღმოჩნდა საბუთები და გერმანიისა და უკრაინის რუკები. სერგეი ვორონოვი დარწმუნებულია, რომ საქაღალდე გერმანული საჰაერო ძალების ოფიცერს ეკუთვნოდა. საბუთების გარდა, მყვინთავებმა იპოვეს საფრენი სათვალეები, სანავიგაციო სახაზავები, გერმანული სვასტიკა, ბატარეებზე მომუშავე ფანარი. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ყველაზე საინტერესო აღმოჩენები შლამში იმალება.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”