"ვინც არ იცის, მათ მინდა ვუთხრა - ყირიმი რუსეთია!..ჩეჩნეთიც რუსეთია! ოსეთიც რუსეთია!" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"ვინც არ იცის, მათ მინდა ვუთხრა - ყირიმი რუსეთია!..ჩეჩნეთიც რუსეთია! ოსეთიც რუსეთია!" (ექსკლუზივი)

"ოსები აცრემლებული გვეუბნებოდნენ, დიდი მადლობა რუსებს, რომ ქართული აგრესიისგან გადაგვარჩინეთო"

"პირველად უკრაინელებმა გვაქციეს ზურგი და ევროპისკენ სწრაფვას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შესწირეს"

უკრაინა კვლავაც რჩება მსოფლიო ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებით დაიძაბა სიტუაცია ყირიმში, სადაც ადგილობრივი რუსები უკრაინაისგან გამოყოფით იმუქრებიან. ევრომაიდნის მიტინგების პარალელურად, მათაც გამართეს მიტინგები. "კვირის პალიტრა" მიტინგის რამდენიმე მონაწილეს ესაუბრა.

მარია კურილინა, ყირიმელი რუსი:

- მიკვირს, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოში 90-იან წლებში განვითარებულ პროცესებს შორის პარალელებს ავლებენ - 90-იან წლებში, ცხინვალში მომიწია ჩასვლამ. ოსები ქუჩაში გამოდიოდნენ და აცრემლებული გვეუბნებოდნენ, დიდი მადლობა რუსებს, რომ ქართული აგრესიისგან გადაგვარჩინეთო. მათ ზუსტად იცოდნენ, რა განსხვავება იყო მათსა და ქართველებს შორის, ყირიმში, ქერჩსა და სევასტოპოლში ვერავინ აგიხსნით, რით განსხვავდებიან მოსკოვის მოსახლეობისგან...

- უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ოსებს თვითმყოფადობა შენარჩუნებული ჰქონდათ და მისი დაკარგვა არ უნდოდათ, აქ კი რუსულმა კულტურამ მოიცვა ყველაფერი. ახლა კი, როდესაც აქაურობა მიტინგებმა მოიცვა, ქუჩაში გაჩნდა ლოზუნგები - რუსებო, წადით თქვენს რუსეთში!.. პასუხად გაჩნდა სრულიად სამართლიანი რუსული ლოზუნგები, - ჩვენ არ გვიყვარს უკრაინა!.. ახლა ყირიმელი თათრები გვეუბნებიან, ეს მხოლოდ ჩვენი მიწააო!. მე მთელი ცხოვრება ვცდილობდი, ჩემი ქვეყნის ღირსეული მოქალაქე ვყოფილიყავი, ახლა კი ხელში რუსეთის დროშა მიჭირავს და აქ, ყირიმში, ჩემს ქვეყანასა და ხალხს ვიცავ. ეს არის ჩემი სამშობლო და არსად ვაპირებ წასვლას, ვინც არ იცის, იმათ მინდა ვუთხრა, - ყირიმი რუსეთია!.. ჩეჩნეთი რუსეთია! ოსეთიც რუსეთია!

ალექსანდრე კრუჩენკო, ყირიმელი რუსი:

- ყირიმში, სევასტოპოლში, სიმფოროპოლში, მასობრივი აქციები დაიწყო, უკრაინელები და თათრები რუსების წინააღმდეგ და ჩვენ, რუსები საკუთარი უფლებების დასაცავად გამოვედით. მიხარია, რომ რუსეთის ხელისუფლების პასუხმაც არ დააყოვნა და რუსული პასპორტების აღების პროცედურები გამარტივდება. ყირიმელი მოსახლეობის უმეტესობას ისედაც ჰქონდა რუსეთის მოქალაქეობა. სევასტოპოლი კი უკრაინისთვის პირდაპირ ნაღმია - იქ განთავსებულია რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი, კონტინგენტის აბსოლუტური უმრავლესობას ასევე რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ასე რომ, რუსეთს აქ საკმაოდ ძლიერი დასაყრდენი აქვს. იმედი მაქვს, ისინი უარს არ იტყვიან თავიანთი მიწისა და ხალხის დაცვაზე. აბა ვნახოთ, ვის მოუწევს აქაურობის დატოვება. მინდა შეგახსენოთ, რომ პირველად უკრაინელებმა გვაქციეს ზურგი და ევროპისკენ სწრაფვას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შესწირეს.

- მიგაჩნიათ, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია?

- ეს მე კი არ მიმაჩნია, ისტორიული სამართლიანობა ითხოვს, ყველაფერს ნათელი მოეფინოს, - ვისაც წიგნი "ნიურბერგის პროცესი" წაუკითხავს, ისიც ეცოდინება, რომ ჰიტლერი მიიჩნევდა, რუსეთისთვის ყირიმის წართმევა და უკრაინისთვის მიერთება გენიალური სვლა იქნებოდა, რადგან გავიდოდა დრო და ორი ძლიერი, სლავური სისხლის მქონე ხალხი ერთმანეთის დაეჯახებოდა... ეს პროექტი მაშინ განხორციელდა კიდეც და შეტაკებაც გარდაუვალია, რასაც აჟიტირებული თათრების გამოსვლებიც მიემატა, - რომლებიც აბორიგენებას იჩემებენ და ამბობენ, რომ რუსები მემკვიდრეობით მონები ვყოფილვართ. ვნახოთ, როგორ აღდგება ისტორიული სამართლიანობა და ვინ არიან მონები...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)