ჭვარტლი არ გადაგცდეთ... - კვირის პალიტრა

ჭვარტლი არ გადაგცდეთ...

ჩვენ, ქართველები, დიიიდად უცნაური ხალხი ვართ. აი, გასულ დღეებში: უკრაინაში ქვეყანა დაიქცა (თუ აშენდა - ეს მალე გამოჩნდება), ჩვენი პრემიერ-მინისტრი ამერიკაში გაემგზავრა და თვით ობამას შეხვდა, ოლიმპიადა დამთავრდა, რუსებმა ისევ დაიწყეს ქართლში მავთულხლართების გაბმა, ხუდონსა და საყდრისთან დაკავშირებით ისევ ღელავს ხალხი და ა.შ. ერთი სიტყვით, მოვლენებით - კარგი და ცუდი ამბებით დატვირთული კვირა იყო.

და ამ დროს, რითი იწყება ქართული ტელე და რადიოარხების საინფორმაციო გადაცემები? მართალია: გოგა ონიანის დაკავებით!

რა მიკვირს, იცით? რამდენიმე თვის წინ, აქ რომ ნატოს მაღალჩინოსანთა მნიშვნელოვანი დელეგაცია იყო ჩამოსული და თბილისის ვიცე-მერის თამადობით, მისი 23 თანამშრომელი მთელი დღე რომ ”აკატავა” პოლიციამ ქალაქში ბორკილებდადებული, მერე გაუშვა და არავის (ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტებს) არაფერი აუხსნა, ვინმემ პასუხი მოჰკითხა იმ ბრძანების გამცემს?

ჰოდა, ახლა ადგა და ეს, შეიძლება დასაჭერი, ონიანი დაიჭირა, ოღონდ ”არასწორად” და კოზირი მიუგდო ვიღაცებს...

მოკლედ, მე ”შეთქმულების თეორიისა” მჯერა, მით უმეტეს, როდესაც დრომ არაერთხელ გვიჩვენა მისი პრაქტიკაში არსებობა.

საქმე ასეა: მოქალაქის საჩივრის საფუძველზე დააკავეს ადამიანი, რომელიც ახლა ადვოკატია, მაგრამ ადრე პოლიციელი იყო და მომჩივანის განმარტებით, დაემუქრა და ნარკოტიკიც ჩაუდო, - თუ ”ოცნების” შეკვეთების შესრულებას არ შეწყვეტ, ციხეში ამოგალპობო.

რა არის აქ გაუგებარი? სრული საფუძველია დაკავებისთვისაც და ტყავის გაძრობისთვისაც, მაგრამ ახლა სხვა მხრიდან შევხედოთ: ვთქვათ, მე ვარ პროვოკატორი, ოღონდ ქართველი კი არა, პოლონელი, ჩეხი ან თუნდაც შვედი. ჰოდა, ჩამოვედი საქართველოში ადრე, ასე, 1995-98 წლებში, ”კერასინკაზე” შემწვარი კარტოფილი და ბაღლინჯოებიანი პური მაჭამეს, სასტუმროში ცივი წყლის შხაპს ვიღებდი, ”დვიჟოკის” ბენზინის ფული ცალკე შეიტანეს ანგარიშში, ბოლოს გამიტაცეს, სამშობლოდან ფული გამომაგზავნინეს და გამომისტუმრეს... 2006-ში თუ 2007-ში ისევ გავრისკე, ჩამოვედი და რას ხედავს ჩემი თვალები? - პატრული, დავარცხნილი ქუჩები, კარგი სასტუმროები, ავტობუსები მიდი-მოდიან გრაფიკით და არის ერთი ამბავი. შემიყვარდა მიშა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ რუსები ცუდი ხალხია.

ახლა რა ხდება? მოვიდნენ ხელისუფლებაში რუსეთში გამდიდრებული კაცის მეგობრები. დაიჭირეს, მე რომ მომწონდა, იმ პატრულის შემოქმედი, მერე მისი თანამოაზრეები. მე ყურადღებით ვადევნებ თვალს მოვლენებს პრესით (შვედი ვარ, ხომ გახსოვთ) და ვხედავ, რომ ეს ახალაია 7 ბრალდებიდან 5-ში გამართლდა. ვფიქრობ, რომ არც ისე ცუდადაა ამ ქვეყნის საქმე, რომელსაც ასე ვგულშემატკივრობ - კარგი ადვოკატი ჰყავს ბრალდებულს და სასამართლომაც ამიტომ გაიზიარა მისი მტკიცებები.

და ამ დროს - ბრახ!!! დაიჭირეს ეს ადვოკატი! რატომ? - იმიტომ, რომ ადრე თურმე პოლიციელობისას ვიღაცის უფლებები დაურღვევია. ჰოოო, მაშინ კი ყოფილა დასაჭერი... მოიცა, როდის ადრე და ვისი უფლებები? რაოოო?! ორწელიწად-ნახევრის წინ და თანაც ახალი ხელისუფლების პირველი პირის შვილის, ბერას ”ჩერეზძმაკაცისთვის” ჩაუდია ნარკოტიკი და ახლა დააკავეს? როდესაც ახალაიას 5 ბრალდება მოუხსნა და მალე მთლად გამოაშვებინებს ციხიდან?! ხთფუუუ... წავედი ჩემს შვედეთში, სანამ ვინმე მომიტაცებს, გახუთმაგებული იქნება ახლა გამოსასყიდის ტარიფი!

აი, ასე, შვედი ვარ თუ გურული, პროვოკატორი ვარ თუ ვინმე - სხვა, რა მნიშვნელობა აქვს?! იმ პატიოსან დასავლეთში და ჩვენშიც, ხომ შეიძლება ბევრმა სწორედ ასე ახსნას მოვლენები?

მოკლედ, ასეა, რა: დაჭერასაც ჭკუა უნდა. ”ც” კი არა, მაგას უნდა თუ უნდა და ეს ძლივს გაშვებული მიშბანდა ასეთი სისულელეებით ისევ უკან არ მოგვიყვანოთ, თორემ მართლა წავალ შვედეთში.

პ.ს. ისევ ერთ თემას გადავყევი და ბევრი რამ მიმრჩა, მაგრამ რა ვქნა - მნიშვნელოვანი იყო ძალიან.

თუმცა, ამერიკაში ღარიბაშვილის პირველ ვიზიტს ვერ ”გავმაზავ”. მინდა, ვთქვა: ძალიან, ძალიან მინდა ზუსტად, დეტალებში ვიცოდე, რა მოხდა, რა უთხრეს ობამას და ვინ უთხრა. კარგა ხანია, ოფიციალური პროტოკოლის ასეთი დარღვევის შესახებ (თუმცა კარგის მხრივ) არ მსმენია: ღარიბაშვილი ბაიდენს ესაუბრებოდა, აქეთური-იქითური, დასავლეთი, ევროპა, ტერიტორიული მთლიანობა, აქედან სად მიდიხართ, ბილეთები ხომ გაქვთ და ა.შ. და ამ დროს კარი იღება და ობამა შემოდის: ვეღარ მოვითმინე, მერე მაგრად ვინერვიულებდი ჩემ უნახავად რომ წასულიყავითო. ძალიან სასაცილო სახეები ჰქონდათ ჩვენებს. საყვარლები...

ისე კი, მართლა სასაცილოები ის ტიპები არიან, - ”ოცნებას” რუსეთი უნდაო, რომ ამბობენ: დალოცვილო, პრეზიდენტი პარლამენტში ამბობს, - ჩვენი გზა უცვლელიაო, ობამა წელში უვარდება პრემიერ-მინისტრს და თქვენ კი ”პაკრიშკებს” წვავთ?! ჭვარტლი არ გადაგცდეთ...