"ბატონი დათო შესანიშნავ განწყობაზეა და აღტაცებას ვერ მალავს" – კეზერაშვილის ადვოკატი (ექსკლუზივი)
დავით კეზერაშვილის ექსტრადირება საქართველოში არ მოხდება. ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის სასამართლომ მიიღო. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ კეზერაშვილს ელექტრონული სამაჯურით სიარულიც აღარ მოუწევს.
როგორც ჩანს, ქართულ სასამართლოს დაუსწრებლად მოუწევს ძებნილი კეზერაშვილის გასამართლება. ჯერ-ჯერობით ძნელია თქმა, საბოლოოდ დაუსხლტება თუ არა კეზერაშვილი მართლმსაჯულებას, თუმცა ფაქტია, რომ ფრანგული სასამართლოს გადაწყვეტილებით კეზერაშვილის მხარემ ამისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
შოთა მინდელი, კეზერაშვილის ადვოკატი:
-ამ გადაწყვეტილებას ველოდით, რადგან წინა სხდომაზევე ფრანგმა პროკურორმა განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერდა მის ექსტრადირებას. ჯერ არ ჩაგვბარებია სამოტივაციო ნაწილი და არ ვიცით, კონკრეტულად რა დაედო საფუძვლად მოსამართლის ამ გადაწვეტილებას. ძალიანაც კარგია, რომ არ მოხდება დავით კეზერაშვილის ექსტრადირება საქართველოში, ჩვენ ამ გადაწყვეტილებაზე აქცენტს გავაკეთებთ ჩვენი დაცვითი სიტყვის დროს.
- თუ ესაუბრეთ თქვენს კლიენტს?
-ბატონ დათოს ვესაუბრე. ის შესანიშნავ განწყობაზეა და აღტაცებას ვერ მალავდა. ჯერ თავის სამომავლო გეგმებზე ვერ საუბრობს, როგორც მითხრა, თავისუფლებით ტკბება. ჩემთვის პროკურატურასთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა - ბრძოლა გრძელდება აქ, საქალაქო სასამართლოში. დარწმუნებული ვარ, მის უდანაშაულობას აქაც დავამტკიცებთ. პროკურატურამ პროცესი წააგო იქ, ეს ცხადია, არ მინდა გავაქილიკო პროკურორები, მაგრამ ერთს ვიტყვი, ბრალდებები იყო და რჩება უსუსური. თუმცა პროკურორების რა ბრალია, როცა აშკარაა, რომ კეზერაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკური ელფერი გასდევს ამ საქმეს.
- საფრანგეთში რჩება დავით კეზერაშვილი თუ რომელიმე სხვა ქვეყანაში მიდის?
-რამდენიმე კვირა იქ დარჩება, მერე რას იზამს, ამას დრო გვიჩვენებს. ახლა ჯერი ქართულ მართლმსაჯულებაზეა და იმედია, აქაც დავამარცხებთ პროკურატურას და გავიმარჯვებთ.
თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)