"პრემიერმა ისე გააწყვეტინა ჯონ კერის სიტყვა, თითქოს სუფრასთან ისხდნენ" - დოდონა კიზირია
"ვინმემ უთხრას ამ ხალხს: არ გაიხსნან პიჯაკი, არ ჩაიწყონ ხელები ჯიბეში ვინმესთან ლაპარაკისას, არ ებრდღვნენ საკოცნელად თუნდაც კარგად ნაცნობს, რათა გაუთლელის შთაბეჭდილება არ დატოვონ”..
"უკვე ერთი წელია, რაც ამერიკამ საქართველოზე თითქმის ხელი ჩაიქნია."
ინდიანას უნივერსიტეტის ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტზე ამერიკიდან გვესაუბრა…
- ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. საქართველოს დღევანდელ მთავრობას სჭირდებოდა ერთი-ორი გაკვეთილი მიეღო პოლიტიკურ მეცნიერებაში და მიიღო კიდეც. დავამატებდი იმასაც, რომ ამ შეხვედრას პრემიერი ღარიბაშვილი უნდა უმადლოდეს მიხეილ სააკაშვილის აქტიურობას, დაუღალავ მოღვაწეობას როგორც ამერიკაში, ასევე უკრაინაში. უამისოდ ეს შეხვედრა არ შედგებოდა. უკრაინის მოვლენებმა ამერიკას დაანახა, რომ შესაძლებელია სამხრეთ კავკასია გადაურჩეს რუსეთის ანექსიას, თუკი საქართველოს მთავრობა სათანადო პოლიტიკას გაატარებს. არადა, უკვე ერთი წელია, რაც ამერიკამ საქართველოზე თითქმის ხელი ჩაიქნია ახლანდელი მთავრობის შემხედვარემ.
- ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ობამასთან შეხვედრამ და ეს ცალსახად დადებითად შეფასდა...
- ის რომ ამერიკის მთავრობამ საჭიროდ მიიჩნია საქართველოს სამთავრობო დელეგაცია გამოეძახა, იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს ხელისუფლებას გააზრებული აქვს ის საფრთხე, რაც ამ რეგიონს ემუქრება. ისინი ბოლომდე არ ენდობიან პრემიერის სიტყვებს, რადგან კარგად ესმით, რომ მას მხოლოდ ნომინალური უფლებები აქვს და გადაწყვეტილებეს სხვა პიროვნება იღებს.. თუ თქვენ სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის სიტყვას წაიკითხავთ, იქ ძალიან ნათლად, დიპლომატიური დახვეწილობით, ამერიკა ხაზგასმით მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააუმჯობესოს როგორც შიდა პოლიტიკა (სწორედ ამას გულისხმობს პოლიტიკური ნიშნით დევნაზე შენიშვნა), ასევე შექმნას უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო კომფორტული გარემო და უფრო მკვეთრად გამოხატოს საგარეო კურსიც, რათა არ მოხდეს იანუკოვიჩის მსგავსად უკანაკნელ წუთში უარის თქმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმასაც, რომ წარსულის ქექვას დაანებეთ თავიო. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მთავრობის ყოველ წევრს ესმის ეს დიპლომატიური ენა, ან თუნდაც ელემენტარული დიპლომატიური პროტოკოლი. ამის მაგალითი კი ის არის, რომ პრემიერმა ისე შეაწყვეტინა ბატონ კერის სიტყვა, თითქოს საძმაკაცო სუფრასთან მსხდარიყვნენ და არა ოფიციალურ შეხვედრაზე. საერთოდ ვისურვებდი, რომ ვინმემ პრემიერსაც და სხვებსაც, ვინც სამთავრობო დონის ვიზიტით მიდის საზღვარგარეთ, ჩაუტარონ გაკვეთილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მიღებების დროს - არ გაიხსნან პიჯაკი, არ ჩაიწყონ ხელები ჯიბეში ვინმესთან ლაპარაკისას, არ ებრდღვნენ საკოცნელად თუნდაც კარგად ნაცნობს და მთელი რიგი სხვა სხვა ქცევის წესები, რათა გაუთლელის შთაბეჭდილება არ დატოვონ...
- მთავრობაში პირიქით, ამბობენ.. ამ ვიზიტის შედეგად ამერიკასა და საქართველოს შორის თვისობრივად ახალი ურთიერთობის ეტაპი დაიწყოო...
- ბატონმა კერიმ თქვა, 12 წელია, რაც შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვსო. ეს ორი უკანასკნელი წელი დაამატა როგორც ზრდილობიანმა მასპინძელმა და არა იმიტომ, რომ ამ ხნის განმავლობაში ეს ურთიერთობა განსაკუთრებით კარგი იყო. ან როგორ იქნებოდა კარგი, როცა ლამის არის რუსეთმა თბილისამდე მოიტანოს მავთულხლართი და ჩვენი მთავრობა კი სულ "გაგებით" ეკიდება?
- არანაირ კონკრეტულ შედეგს არ ელით?
- კონკრეტული შედეგები დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოიქცევა საქართველოს დღევანდელი მთავრობა, რა ნაბიჯებს გადადგამს იგი. ამერიკელები ისეთი გულუბრყვილოები არ არიან, რომ ღარიბაშვილს, სრულიად გამოუცდელ და რეალურად უუფლებო პრემიერს დაუჯერონ.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)