მონიკა ვიტი - ქალი, რომელმაც ანტონიონი ალენ დელონში არ გაცვალა - კვირის პალიტრა

მონიკა ვიტი - ქალი, რომელმაც ანტონიონი ალენ დელონში არ გაცვალა

მარია ლუიზა ჩეჩარელი სიცილიაში, იმ ოჯახში დაიბადა, სადაც ქალები მუდამ ემორჩილებოდნენ მამაკაცებს. 14 წლისამ დაიფიცა, რომ მსახიობი გახდებოდა და არასოდეს გათხოვდებოდა. მოკლე ხანში კი სახელისა და დიდების მოსახვეჭად რომში გაემგზავრა. დრამატული ხელოვნების აკადემიაში ჩააბარა და ფსევდონიმიც შეარჩია - მონიკა ვიტი

ახალი ცხოვრება მისთვის მძიმე განსაცდელით დაიწყო: ხელმოკლეობის გამო დღეში ერთხელ იკვებებოდა ხახვიანი ბუტერბროდით, რის გამოც შემდეგ მთელი ცხოვრება ხახვი სძულდა. მისი კურსელები რომანებს აჩაღებდნენ ცნობილ ადამიანებთან. იმხანად წარმატებით სარგებლობდნენ წაბლისფერთმიანი და სავსემკერდიანი ქალები. ქერა და გამხდარი მონიკა კი არავის იზიდავდა. საღამოობით გოლდონის თეატრში თამაშობდა, კინოშიც რაიმე როლის მიღებას ცდილობდა, თუმცა სულ ერთი და იგივე ესმოდა, რომ მისი გარეგნობით ეს შეუძლებელი იყო.

1957 წელს ვიტი გასახმოვანებლად მიიწვიეს ფილმში "ყვირილი". ფილმის რეჟისორ მიქელანჯელო ანტონიოზე მონიკას სმენოდა, რომ ამპარტავანი და ძალიან ჯიუტი იყო. ერთმანეთი სამონტაჟოში გაიცნეს. ჩაწერის შემდეგ ანტონიონიმ სინიორიტა შეაქო, ვფიქრობ, თქვენ სწორედ ის ხართ, ვისაც ამდენი ხანი ვეძებდი... ვიტიმ ყურებს არ დაუჯერა.

მაღალი, ნაადრევად გაჭაღარავებული მიქელე იოლად ინადირებდა ქალთა გულებს. მონიკა კი შეჩვეული არ იყო გრძნობების სიჭარბეს, რის გამოც სულ ეშინოდა, რომ მიქელე მას ცივ და უგულო ქალად ჩათვლიდა. თუმცა, მისი ეჭვი მალე გაქარწყლდა, გარდერობი კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებითა და თამამი კაბებით შეივსო.

ერთხელ ხმის ჩამწერ სტუდიაში მონიკას დახუთულობისგან გული წაუვიდა, გონზე კი ანტონიონის მკლავებში მოვიდა. მიქელემ სიცილიის მახლობლად მდებარე კუნძულზე დასვენება შესთავაზა... მდიდრული ნომერი, დილაობით ყვავილები და შამპანური, სხვა რაზე შეიძლებოდა ეოცნება ყველასთვის შეუმჩნეველ მსახიობს.

ერთი კვირის შემდეგ რომში სულ სხვა მონიკა ვიტი დაბრუნდა. მეგობრებმა ძლივს იცნეს: 30 წლის შინაბერა ნორჩ ლაღ ქალად გადაქცეულიყო. ანტონიონი მას ლაპარაკს, სიარულს, სუნთქვასაც კი ასწავლიდა და მონიკაც მუყაითად სწავლობდა.  ანტონიონის კი თავი ღმერთად მიაჩნდა, რადგან ნამდვილ ქალს ქმნიდა...

ფილმი "თავგდასავალი" მათ სამხრეთ იტალიაში გადაიღეს. პრემიერის მეორე დღეს მონიკა ვიტიმ სახელგანთქმულმა გაიღვიძა. 11-წლიანი თანაცხოვრების განმავლობაში მიქელანჯელო ანტონიონიმ მონიკა ვიტი 4 ფილმში გადაიღო, რომლებიც აღფრთოვანებით მიიღო პუბლიკამ. ფილმში "დაბნელება" მონიკა ახალგაზრდა და თავხედ ალენ დელონთან ერთად თამაშობდა, რომელმაც ქალთან ინტრიგის გაბმა სცადა, თუმცა, მწარე მარცხი იწვნია - პარტნიორი მას ვერც კი ამჩნევდა. მონიკა მუდამ მიქელეს ერთგული იყო.

თუმცა, თავად მიქელეს მრავალრიცხოვანი რომანები ჰქონდა. ქალები ხომ მასზე გიჟდებოდნენ.  მონიკა მუდამ ხვდებოდა, ამჯერად ვინ ნადირობდა მის მიქელეზე.

სასტუმროს ნომერში ისინი მუდამ ერთად ბრუნდებოდნენ, მაგრამ ერთ საღამოს მონიკას თავი ასტკივდა და წვეულება ადრე დატოვა. წამალმა ტკივილი შეუმსუბუქა, მაგრამ ვერ დაიძინა, რადგან გაფაციცებით უსმენდა ფაჩუნსაც კი, იმ იმედით, რომ ეს მიქელეს ნაბიჯების ხმა იქნებოდა. ანტონიონი კი ნომერში დილის 9 საათზე დაბრუნდა და ვითომც აქ არაფერიაო, 10 საათისთვის ტაქსი გამოიძახა. სააბაზანოში შეკეტილი მონიკა მწარედ ქვითინებდა. თუმცა ჭკუა ეყო და სკანდალი არ მოუწყვია. ბოლოს და ბოლოს, ადრე თუ გვიან, ეს მოხდებოდა, რადგან ანტონიონი თავისას არ მოიშლიდა.

კინოში მიქელე უწინდებურად მონიკას ერთგული იყო. ანტონიონის ახალ ფილმში მონიკა ნერვული აშლილობის ზღვარზე მყოფი ქალის როლს თამაშობდა-. მიქელეს რომ ებრძანებინა, ცეცხლში გადახტიო, ქალი არც დაფიქრდებოდა, ამიტომ რამდენიმე კვირა სულიერად დაავადებულთა კლინიკაში თვინიერად გაატარა პაციენტების ქცევისა და მიმიკების შესასწავლად. როდესაც ფილმი "წითელი უდაბნო" ეკრანებზე გამოვიდა, მონიკას ცნობილმა ფსიქიატრმა დაურეკა: "თქვენ არაჩვეულებრივი მსახიობი ხართ, თუმცა ქუჩაში რომ შეგხვედროდით, ჩემი პაციენტი მეგონებოდით"... მონიკას მწარედ ჩაეღიმა, რადგან გრძნობდა, რომ გამოგონილ გმირთა ცხოვრება მის საკუთარ ცხოვრებად იქცა.

მიქელესთან ურთიერთობაში მან მხოლოდ ერთი შეცდომა დაუშვა - როცა ინგლისელმა რეჟისორმა ჯოზეფ ლოუზიმ ვიტის სცენარი გაუგზავნა და მსახიობი მის ფილმში მონაწილეობაზე დათანხმდა. მიქელეს მომდევნო ფილმში კი მისთვის როლი აღარ გამოინახა. მონიკას ადგილი ფილმშიც და მიქელეს გულშიც ინგლისელმა მსახიობმა ვანესა რედგრეივმა დაიკავა. გადაღებები ლონდონში წარმოებდა და მთელი 10 კვირის განმავლობაში ვიტი ეჭვიანობისგან ადგილს ვერ პოულობდა და განუწყვეტლივ რეკავდა.

გადაღებებიდან დაბრუნებულ მიქელეს მისთვის ცრემლების მიზეზი არ უკითხავს, რადგან ვერც კი აჩნევდა მონიკას. რა თქმა უნდა, ანტონიონის შეეძლო ხელახლა აეწყო თავისი ქმნილება, თავისი საყვარელი მსახიობი, მაგრამ ამის არც დრო ჰქონდა და არც სურვილი. სამაგიეროდ, ბოლოს სინდისის ქენჯნამ შეაწუხა და მონიკას ცოლობა სთხოვა. მოულოდნელობისგან ვიტი დამუნჯდა. ის ხომ 10 წელი ელოდა ამ მომენტს. თუმცა... რატომ მოიტყუოს თავი. ლოდინისგან დაიღალა, ვეღარც შეიცვლება, ისევე, როგორც მიქელე... მონიკამ თვალი გაუსწორა: არ შემიძლია, გესმის? - არ შემიძლია... და რატომღაც დაამატა, იქნებ ერთი წლის შემდეგ...

ერთი წლის შედეგ კი მათი გზები სამუდამოდ გაიყო...

მომზადებულია ინტერნეტმასალების მიხედვით