თანამედროვე "თეთრი ბაირაღები" - რატომ მოკლა დოლიძეზე სიძე სიმამრმა
"სიმამრი თავად გამორბოდა, წაქცეული სიძისკენ და ღრიალებდა - მე მოვკალი, მე მოვკალი, დანა აქვე გადავაგდეო!"
"მოკლულის ორი წლის ბიჭი მამას ფანჯრიდან ხელს უქნევდა და ისტერიულად ტიროდა"
"მამა, ხომ გაფრთხილებდი, რამე შარში არ გაეხვიო, ეგ კი ყველაფრის ღირსი იყო, მაგრამ ახლა შენ რა გეშველებაო!"
დოლიძის ქუჩაზე, იქ სადაც 35 წლის კარლო სულავა სიმამრმა სიცოცხლეს გამოასალმა, სიმშვიდეა, თუმცა ასფალტს დაღუპულის სისხლი კვლავ აჩნია. მოკლულს 2 წლის ვაჟი დარჩა, რომელიც, მეზობლების თქმით, მკვლელობამდე მამას ფანჯრიდან ხელს უქნევდა და ისტერიულად ტიროდა. ამ საბედისწერო მკვლელობამ ბევრს ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღებიც" გაახსენა, სადაც ციხეში პატიმრები სიძის მკვლელ სიმამრს ასამართლებენ და თავიანთი განაჩენიც გამოაქვთ.
დოლიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ეზოში ბევრი გახდა მოწმე იმისა, თუ როგორ ამოხდა "გარაჟების" წინ წაქცეულ ადამიანს სული. ქალბატონმა დარო ჯანელიძემ ტირილით მიამბო, რა განიცადა, როცა ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლე მის თვალწინ დაასრულა ასფალტზე.
- ტელევიზორს ვუყურებდი, როცა ეზოდან მეზობელი ქალის კივილი გავიგონე, - ვაიმე, ვაიმეო! ფანჯარას ვეცი, - რა იყო, რა გაკივლებს-მეთქი! ახალგაზრდა კაცი დავინახე, რომელიც ძლივს, ბარბაცით მოდიოდა. ჯერ მთვრალი მეგონა, მოშორებით ბიჭები იდგნენ და იმათ დავუძახე, ვერ ხედავთ, ძლივს მოდის, ხელი მოჰკიდეთ-მეთქი, მაგრამ მერე დავინახე, ამ საცოდავს გულზე ხელი რომ ჰქონდა აფარებული, იმ ხელზე ჩამოსდიოდა სისხლი. ჩემი ფანჯრის წინ რომ გარაჟია, იქ მობარბაცდა, ხელი გაიშვირა და წაიქცა. გარეთ გავვარდი და თავი ავუწიე, რას ვუშველიდი, უკვე მკვდარი იყო. თავად შვილმკვდარი დედა ვარ, გული დამეწვა...
- იცანით მოკლული?
- ვიცანი, აქ ხშირად დადიოდა, იქ მისი ცოლი და პატარა შვილი ცხოვრობენ, ცოლთან გაშორებული იყო, მაგრამ მაინც დადიოდა.აი, იმ ცოლის მამამ მოკლა თურმე, სიმამრმა. სიმამრიც არ ცხოვრობდა აქ, მაგრამ შვილისა და შვილიშვილის სანახავად ხშირად მოდიოდა.
- ეს ვინმემ დაინახა?
- სიმამრი თავად გამორბოდა წაქცეული სიძისკენ და ღრიალებდა, - მე მოვკალი, მე მოვკალი, დანა აქვე გადავაგდეო! მერე მალე მოვიდა პოლიცია და თავად ჩაჯდა იმ პოლიციის მანქანაში.
- რატომ მოვკალიო?
- მაგას ზუსტად ვინ გაიგებს. ალბათ ქალიშვილს უმწარებდა. რამდენჯერ გამივლია მათ ფანჯარასთან და იქედან ყვირილი გამოდიოდა. ალბათ ერთ ამისთანა ჩხუბს შეესწრო ის სიმამრიც... ის უბედურიც მეცოდება, - აწი ციხეში უნდა იჯდეს და იფიქროს, კაცი მოვკალიო. იქედან ალბათ ვეღარც გამოვა, - ასე 70 წლის კაცია და ან ფიქრით გაგიჟდება, ან დაავადმყოფდება და მოკვდება.
ხათუნა ლ., მეზობელი:
- ზუსტად დავინახე, რა და როგორ მოხდა. ჯერ სიძე მოვიდა და ამ დროს, დავინახე, სიმამრიც ადიოდა ბინაში. როცა ეგ მოვიდა, ყოფილი სიძე და ქალიშვილი ისევ ისტერიკულად ჩხუბობდნენ და რას უყვიროდნენ და რა შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს, ღმერთმა იცის. ამ დროს ბავშვიც კიოდა, - ბავშვს კი მამაც ძალიან უყვარს და დედაც, მაგრამ ჩხუბი რომ ატყდებოდა, ეტყობა იმდენად ეშინოდა, სტრესისაგან ისტერიკა ემართებოდა. ამის მიუხედავად ნაჩხუბარი მამამისი რომ გავარდებოდა, ფანჯრიდან ხელს უქნევდა. იმ დღესაც ისტერიკულად ატირებული ბავშვი ფანჯარასთან ეჭირა დედას ხელში. მამამისი კი უკვე სიძესთან ერთად იქვე, სადარბაზოსთან იდგა, - ეტყობა, ჩხუბის შემდეგ გამოჰყვა, - როგორც მე დავინახე, ძალიან წყნარად ელაპარკებოდა, - არ ჩხუბობდნენ; მაგრამ ეტყობა, იმ უბედურმა სიმამრმა გამოსვლის წინ დანას დაავლო ხელი და ამ დანას მალავდა. ალბათ, იფიქრა, ამ ყველაფერს ბოლოს მოვუღებო, ამოიღო და პირდაპირ გულში ჩაარტყა. მერე კი ისევ სახლში ავიდა და ალბათ ქალიშვილს უთხრა, რაც ჩაიდინა. მალე მისი ქალიშვილიც ეზოში გამოვიდა და ეს ყოფილი ქმარი უკვე მკვდარი დახვდა.
- და როგორი რეაქცია ჰქონდა?
- მარტო ის გავიგონე, როცა პოლიციელებს მანქანაში ჯდებოდა, ეს რომ უთხრა, - მამა, ხომ გაფრთხილებდი, რამე შარში არ გაეხვიო, ეგ კი ყველაფრის ღირსი იყო, მაგრამ ახლა შენ რა გეშველებაო!
... მკვლელი მამისთვის შვილის მიერ დასმული ეს შეკითხვა, ალბათ, ამ სტატიის მკითხველებსაც გაგიჩნდებათ, თუმცა ამ შემთხვევაში განჩინება არა ჩვენ, არამედ კანონის გამოსატანია, - საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა...
ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)