მილა მშობლიურ კიევს ეხმარება
გამოცემა "ჰოლივუდ რეპორტერის" ინფორმაციით, მსახიობი და მოდელი მილა იოვოვიჩი მაიდანზე დაზარალებულთათვის ფულს აგროვებს. მილა სერბი პედიატრისა და რუსი მსახიობი ქალის შვილია, რომელიც კიევში დაიბადა.
მაიდნის მოვლენების დროს სუპერვარსკვლავი გადაღებებზე ლონდონში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმედღიანი შესვენება მშობლიური ქალაქის მცხოვრებთა დასახმარებლად გამოიყენა. "ბევრი ფიქრის შემდეგ გავხსენი სამი საიტი - ორი საინფორმაციო და ერთი - შემოწირულობების შესაგროვებლად. შემოწირულობების საიტი უკრაინული "წითელი ჯვრისაა", რადგან "წითელი ჯვრის" მოხალისეებს ხშირად მოიხსენიებდნენ ახალ ამბებში. ვგრძნობ, რომ შემოწირულობა რეალურად დაეხმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება", - დაწერა მსახიობმა "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.
იოვოვიჩმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მომიტინგეებს ეხმარებოდა.